აქვი

აქვი, აფხაზ სპელეოლოგთა მღვიმე, კარსტული მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), ახალი ათონის მიდამოებში, გუმიშხა-ფსირცხის კირქვულ მასივში, 160 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. ა. კომბინირებული, ციკლგავლილი მღვიმეა. იწყება ვიწრო (2,5 მ) ვერტ. მონაკვეთით, რ-იც თანდათან ფართოვდება და 60 მ სიღრმეზე ვრცელ დარბაზს ერწყმის. ჯამური სიღრმეა 85 მ. ა-ის ჰორიზ. ნაწილში ფაქტობრივად ერთი დარბაზია (სიგრძე დაახლ. 145 მ, სიგანე და სიმაღლე 35–40 მ), რ-იც ნგრევის უხვი მასალით რამდენიმე ნაწილად იყოფა. ცალკეულ უბნებზე არის ნაირ-ნაირი ნაღვენთ-ნაწვეთი სტალაქტიტები-სტალაგმიტები, ქვის ყვავილები და გურები. ა-ში ჰაერის ტემპ-რა 13,1–13,8°C, ფარდობითი ტენიანობა 93–96%. მღვიმეში ნაპოვნია კაჟის იარაღები და მღვიმური დათვის ძვლები. ა. აღმოჩენილია 1965 (გ. სმირი), გამოკვლეულია ქართველი (ზ. ტატაშიძე, ო. ერქომაიშვილი) და აფხაზი (ზ. აძინბა, ს. ადლეიბა) სპელეოლოგების მიერ. ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.