კვარაცხელია ხვიჩა ბადრის ძე

ხ. კვარაცხელია

კვარაცხელია ხვიჩა ბადრის ძე (დ. 12. II. 2001, თბილისი), სპორტსმენი (ფეხბურთელი). 2012-იდან თამაშობდა თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდსა და აკადემიაში. საკლუბო კარიერა დაიწყო „დინამოში“ (2017, ოთხი თამაში, ერთი გოლი), შემდეგ გამოდიოდა  „რუსთავში“ (2018−19, 18 თამაში, სამი გოლი). 2019-იდან რუსეთში თამაშობდა  მოსკოვის „ლოკომოტივსა“ (2019, შვიდი თამაში, ერთი გოლი) და ყაზანის „რუბინში“ (2019−22, 69 თამაში, 9 გოლი). „რუბინში“ მისი თამაშის სტილი იყო სისწრაფე, დრიბლინგი და მუდმივი მოძრაობა. იგი დასახელდა რუსეთის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო დრიბლიორად (საშუალოდ 16 დრიბლინგი თამაშში, 53% − შედეგიანი).

 უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კ. ბათუმის „დინამოში“ გადავიდა (2022, 11 მატ­ჩი, 8 გოლი).  მისმა  თამაშმა  მკვეთრად გაზარდა ინტერესი ფეხბურთის მიმართ,  რამაც განაპირობა სტადიონის მაყურებლით გავსება. იმავე წლის სეზონის დასაწყისში კ. იტალიის კლუბ „ნაპოლის“ რიგებში ჩაირიცხა, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლ. სპალეტიმ მას მარცხენა გარემარბის ადგილი მიუჩინა. კ-ს თამაშმა გულშემატკივარებისა და სპეციალისტების  აღფრთოვანება და დიდი ინტე­რესი გამოიწვია; მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს.  კ. გახდა 2022−23 სეზონის  იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული (30 თამაშში გაიტანა 12 გოლი, გააკეთა 13 საგოლე გადაცემა და გამოიმუშავა 4 თერთმეტმეტრიანი). ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარა 9 მატჩი (2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა, ერთი თერთმეტმეტრიანი). კ სამჯერ დასახელდა იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.

საქართველოს ნაკრებში ჩატარებული შეხვედრები: 17 წლამდე  ნაკრებში − 21 თამაში, 15 გოლი; 19 წლამდე  ნაკრებში − 7 მატჩი, 3 გოლი; 21 წლამდე ნაკრებში − 2 მატჩი, 1 გოლი; ნაკრებში − 20 მატჩი 10 გოლი.

ლიტ.: კეკელიძე გ., ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი, თბ., 2023; Giulianelli E., Kvaradona. Un miracolo georgiano, Fandango Libri, 2023.