ენი-რაბათი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოს ისტორიულ პროვინცია კლარჯეთში, მდ. არტანუჯისწყლის ხეობაში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). სოფლის ქართ. სახელი და წერილობითი წყაროები არ შემონახულა. 1904 ნ. მარმა ქართ. წარწერის მხოლოდ ფრაგმენტი ნახა: „...ტაძარი ესე...“. ა. პავლინოვმა აზომა და შეადგინა გეგმის, ჭრილისა და სამხრ. ფასადის სქემატური ნახაზები, აგრეთვე ძეგლის მოკლე აღწერილობა და გადაიღო 2 ფოტოსურათი. ანალოგიური ორი ფოტოსურათი გამოქვეყნებული აქვს ნ. მარსაც. გეგმით ეკლესია მიეკუთვნება ნაგებობათა იმ ტიპს, რ-საც პირობითად „ნახევრად თავისუფალი ჯვრის ტიპი“ ეწოდება. მკლავებს შორის, სივრცის ჩრდ.-აღმ. და სამხ.-აღმ. ნაწილებში, განლაგებულია სათავსები. ამ ტიპის ნიმუშები გვხვდება საქართველოში (VIII–IX სს-იდან და თითქმის X–XIII სს. განმავლობაში), აგრეთვე სომხეთსა და საბერძნეთში. ძეგლის კედლები შიგნით ნატეხი ქვის უსწორმასწორო რიგებით არის ნაწყობი; შეინიშნება ბათქაშის კვალიც. ბოძები, თაღები და აფრები თლილი ქვისაა. აფრებში X ს-ში გავრცელებული დეკორ. „ტრომპები“ იყო ჩართული, გუმბათის ყელს შიგნით და გარედან თაღნარი შემოუყვება. მოპირკეთებითა და ფასადების მდიდრული მორთულობით იგი X ს. II ნახევრისაზე ძველი არ უნდა იყოს, ხოლო ორნამენტული ელემენტების განვითარებითა და პლასტიკურობით უფრო X–XI სს. მიჯნას მიეკუთვნება. შ. ამირანაშვილი მას XI ს. დასაწყისით ათარიღებს, ნ. და მ. ტიერები – XI ს. შუა ხანებით. ნ. მარის იქ ყოფნისას (1904) ეკლესიას სომეხი გრიგორიანელები დაეპატრონენ. მათ XIX ს. II ნახევარში ფასადზე 2 ახ. სომხ. წარწერა გააკეთეს. ა. პავლინოვის აზრით, ეკლესიას სამხრ-იდან მინაშენი უნდა ჰქონოდა.
ლიტ.: ჯობაძე ვ., ადრეული შუა საუკუნეების მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007; Беридзе В. В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981.
ვ. ბერიძე