ეთნოგრაფია (ბერძნ. ethnos – ტომი, ხალხი და graphō – ვწერ. სიტყვასიტყვით – ხალხის აღწერა), ისტორიულ მეცნიერებათა სისტემაში შემავალი მეცნიერება, რ-იც შეისწავლის ხალხის ყოფას, ადათ-წესებსა და კულტურას, ეთნოგრაფიულ პროცესებს, სოციალურ კავშირთა მექანიზმებს საზოგადოებაში, მითოსურ-რელიგიურ წარმოდგენებს და სხვ.; ეთნოსის ცხოვრების შემეცნებით თუ პრაქტიკულ ასპექტებს როგორც კულტურულ-ისტორიულ მთლიანობას (იხ. აგრეთვე სტ. ეთნოლოგია). ე. სხვა მომიჯნავე მეცნიერებებთან ერთად იკვლევს ხალხთა ეთნოგენეზს, ეთნ. ისტორიასა და კულტ. სხვადასხვა სფეროს.
ე-ის ძირითადი წყაროა საველე-საექსპედიციო კვლევა-ძიების პროცესში ცოცხალ სინამდვილეზე უშუალო დაკვირვების, ინტერვიუსა თუ ანკეტური გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ეთნოგრ. მასალა, აგრეთვე სამუზეუმო კოლექციები.
ე., როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, XIX ს. შუა წლებში ჩამოყალიბდა, თუმცა ეთნოგრ. ცოდნის საწყისები ძველეგვიპტური და შუამდინარული ცივილიზაციიდან იღებს სათავეს.
ეთნოგრ. ცოდნის დაგროვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ანტ. ხანის, ადრეული შუა საუკუნეებისა და ფეოდ. ხანის მოგზაურ-მკვლევართა და მწერალთა ნაშრომებმა. „ახალი მსოფლიოს“ აბორიგენთა ყოფისა და კულტურისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა ქრისტიანობის წარმოშობის, ხალხთა დიდი გადასახლების, აღმ. რენესანსის დროს და დიდი გეოგრ. აღმოჩენების შედეგად.
დამოუკიდებელ სამეცნ. დისციპლინად ჩამოყალიბების პირველივე წლებიდან ე-ში ფეხს იკიდებს ევოლუციონიზმისა და დიფუზიონიზმის იდეური მიმართულებანი. ე-ის თეორ. საფუძვლების შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფრანგ. სოციოლოგიურმა, ინგლ. ფუნქციონალურმა სკოლებმა. თვალსაჩინოა რუს. ეთნოგრ. სკოლის მიღწევებიც. განისაზღვრა მსოფლიოს ხალხთა კლასიფიკაციის პრინციპები, პირველ რიგში კი ეთნოგენეზისა და ეთნ. ისტ. კანონზომიერებანი, საზ-ბის განვითარების საფეხურები, საბოლოოდ ჩამოყალიბდა ე-ის ობიექტი და საგანი, მეთოდ. საფუძვლები.
საქართველოში ე. დამოუკიდებელ სამეცნ. დისციპლინად XX ს. I ნახევარში ჩამოყალიბდა, მაგრამ ცნობებს ქართვ. ტომების ზნე-ჩვეულებებისა და ყოფა-ცხოვრების შესახებ უძველესი დროიდან ვხვდებით ასურულ, ხეთურ, ურარტულ და სხვა სოლისებრი (ლურსმული) და ხატოვანი დამწერლობის ძეგლებში, ასევე ბერძნ., რომაულ და ბიზანტ. საისტორიო მწერლობაში, სადაც მოცემულია ქართვ. ხალხის ეთნოგენეზისა და ეთნოკულტურული პრობლემების დასმისა და გადაწყვეტის ცდები, აგრეთვე საყურადღებო ცნობები კოლხეთისა და იბერიის მოსახლეობის კულტ. და ყოფის შესახებ. ეთნოგრ. ცნობებს საქართვ. შესახებ ვხვდებით ადრეული შუა საუკუნეებიდან სპარს., სომხ., არაბ., თურქ. და რუს. წყაროებში, მოგვიანებით კი – დას.-ევრ. და რუს მოგზაურ-მკვლევართა და მისიონერთა შრომებში. ქართვ. ხალხის წარმომავლობის, სამეურნეო ყოფის, საზ. წყობის, ნივთიერი და სულიერი კულტ. საკითხებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართ. წერილობით წყაროებში დაცულ ეთნოგრ. მონაცემებს. ეთნოგრ. მასალა ქართვ. და სხვა კავკ. ხალხთა შესახებ მოცემულია როგორც ჰაგიოგრაფიულ (V ს-იდან), ისე საისტორიო, ფილოს. და ქართულ მხატვრულ ლიტ-რაში.
ქართ. ეთნოგრ. აზრის ფორმირება ლეონტი მროველით იწყება, რ-მაც თავისი ეთნოგენეტიკური კონცეფცია ბიბლიურ გადმოცემებზე ააგო და კავკ. მკვიდრი ხალხების ეპონიმებად იაფეტის შვილიშვილის – თარგამოსის – შთამომავლობა მიიჩნია. შემდგომ ამ კონცეფციას იმეორებს ვახუშტი ბატონიშვილი. მისი შრომა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ იმ პერიოდის ერთიანი ქართ. ეთნოსის კომპლექსური, ისტ.-ეთნოგრ. აღწერისა და ანალიზის სამაგალითო ნიმუშია. ვახუშტისთან დაცული ცნობები საქართვ. ცალკეული რეგიონების კულტურასა და ყოფაზე, დასახლებასა და საცხოვრებელზე, მეურნეობის ფორმებზე, ტრანსპორტზე, ჩაცმულობაზე, საქორწინო წეს-ჩვეულებებზე, შეიარაღებაზე და სხვ. ქართვ. ხალხის ისტ. და ეთნოგრ. შესწავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა. მასალის აღწერის, შედარება-შეპირისპირებისა და ეთნოგრ. რეალიების კარტოგრაფირების ვახუშტისეული მეთოდები იმდროინდელი მოწინავე ევრ. მეცნიერების დონეს უტოლდება.
XIX ს. 20–30-იან წლებში ქართ. ეთნოგრ. აზროვნების შემდგომ განვითარებას დიდი ღვაწლი დასდეს იოანე ბატონიშვილმა და თეიმურაზ ბატონიშვილმა. იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ ქართვ. ხალხის ყოფა-ცხოვრების თავისებურებათა ენციკლოპედიაა, ხოლო თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ ჩამოყალიბებული თეორია საქართველოში გვაროვნული წყობის არსებობის შესახებ გავლენას ახდენს შემდგომი პერიოდის ისტ. აზროვნების განვითარებაზეც. ეთნოგრ. აზრის განვითარებას ხელი შეუწყო დავით ციციშვილი-ფანასკერტელის საყურადღებო თხზულებამ „ქცევანი და ჩვევანი საქართველოსანი“ (1849), სადაც აღწერილია ძვ. ქართველების ყოფითი კულტურა და ზნეობრივი სახე.
XIX ს. შუა ხანებში საქართველოში ეთნოგრ. კვლევა-ძიების აღმავლობა სამუზეუმო საქმიანობის ორგანიზებას დაუკავშირდა. 1850 თბილისში დაარსდა რუსეთის გეოგრ. საზ-ბის კავკ. განყ-ბა, რ-თანაც 1852 ჩამოყალიბდა კავკასიის მუზეუმი. 1856 მუზეუმი დროებით დაიხურა, მუშაობა განაახლა 1865-იდან. ამ პერიოდში ეთნოგრ. საქმიანობის გაშლა-გაფართოებაზე მუშაობდნენ ცნობილი მკვლევრები და საზ. მოღვაწეები: რ. დ. ერისთავი, პ. იოსელიანი, დ. ციციშვილი, დ. ზ. ბაქრაძე, მ. ბროსე და სხვ., რ-ებმაც მუზეუმის ფონდები ქართვ. ხალხის ტრად.-ყოფითი კულტ. უმნიშვნელოვანესი კოლექციებითა და უნიკალური ხელნაწერებით გაამდიდრეს. აქვე ჩაეყარა საფუძველი სამუზეუმო კოლექციების შეგროვების, კონსერვაციისა და ფონდირების, აგრეთვე საველე-შემკრებლობითი საქმიანობის სპეც. პროგრამა-კითხვარის შემუშავების პირველ ცდებს, რ-თაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართ. ე-ის მეთოდური და მეთოდოლ. პრინციპების დახვეწასა და სრულყოფაში.
ქართვ. ხალხის კულტ.-ისტ. მემკვიდრეობის გამომზეურებისა და დაუნჯების საქმეს დიდი ყურადღება მიაქცია ი. ჭავჭავაძემ, რ-მაც ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევა-ძიება ეროვნ.-განმათ. მოძრაობასა და ეროვნ. თვითმყოფადობისათვის ბრძოლის იდეას დაუკავშირა. ამ დროშის ქვეშ შემოიკრიბა ი. ჭავჭავაძემ ცნობილი ქართვ. საზოგადო მოღვაწეები და მკვლევრები: რ. დ. ერისთავი, ნ. ხიზანაშვილი (ურბნელი), ბ. ნიჟარაძე, ი. გვარამაძე, თ. სახოკია, პ. ჭარაია, დ. ჯანაშვილი, ნ. ჯანაშია, ს. ზვანბა, მ. ჯანაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ა. ყაზბეგი და სხვ., რ-თაც ნაყოფიერი მოღვაწეობა გააჩაღეს ქართ. ე-ის კვლევის სარბიელზე. მომზადდა საფუძველი საქართვ. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზ-ბის შექმნისა (1907), რ-იც ქართ. ე-ის ფორმირების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. მეცნ. ინტერესებისა და კვლევა-ძიების სფეროში მოექცა საქართვ. ბარისა და მთიანეთის თითქმის ყველა რეგიონი, ქართვ. ხალხის ყოფითი რეალიების ყველა სფერო. ქართ. ე-ის ცალკეული პრობლემების კვლევა ეპოქის შესაფერის დონეზე აიყვანეს დ. ზ. ბაქრაძემ, ა. ხახანაშვილმა, ნ. მარმა. ქართვ. ხალხის ისტ. ფუნდამენტური პრობლემების შესწავლისას ეთნოგრ. მონაცემებს უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ ე. თაყაიშვილი და ივ. ჯავახიშვილი, რ-თაც საქართველოსა და კავკასიის ე-ის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვლიეს და საფუძველი მოუმზადეს საქართვ. ე-ის დამოუკიდებელ სამეცნ. დისციპლინად ფორმირებასა და შემდგომ განვითარებას.
1921-იდან საქართვ. სახელმწ. მუზეუმში დაიწყო ჯერ კიდევ 1852 დაარსებული კავკასიის მუზეუმის სტრუქტურის რეორგანიზაცია, დაგროვილი უნიკალური კოლექციების ინვენტარიზაცია და ახლებური საექსპოზიციო გეგმების შემუშავების ღონისძიებანი. ამ საქმეს სათავეში ედგა ეთნოგრაფთა მცირერიცხოვანი ჯგუფი (გ. ჩიტაია, ვ. ბარდაველიძე, ს. მაკალათია, ს. იორდანიშვილი, ს. მენთეშაშვილი, ფ. ქიქოძე, რ. ხარაძე, ლ. ბოჭორიშვილი, ა. რობაქიძე). საქართვ. მუზეუმში შექმნილი ეს პატარა უჯრედი გახდა შემდგომში ქართ. ეთნოგრაფიული სკოლის საძირკველი. ამავე დროს თსუ-ში შეიქმნა ბიოლ., ანთროპოლ. და ეთნოლოგიის კათედრა (გამგე გ. ჯავახიშვილი), სადაც საფუძველი ჩაეყარა ე-ის სწავლებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას. შემდგომ ეს საქმე გააგრძელა უნ-ტის ე-ის კათედრამ (1938), რ-საც სათავეში ჩაუდგა გ. ჩიტაია. 1925 გამოქვეყნდა მისი „ეთნოლოგიური შენიშვნები“, ხოლო 1926 –„ქართული ეთნოლოგია“, სადაც ავტორმა ძირითადად ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებანი საველე ეთნოგრ. კვლევა-ძიების მეთოდიკის შესახებ, განსაზღვრა ქართ. ე-ის წყაროთმცოდნეობითი ბაზა, დარგის უახლოესი მიზნები და ამოცანები. აქედან დაიწყო საქართველოში ე-ის, როგორც სამეცნ. დისციპლინის, ჩასახვისა და განვითარების ისტორია.
ქართულ ე-ში დამკვიდრდა საველე-საექსპედიციო და ლაბორ. მუშაობის ახ. კომპლ.-ინტენს. მეთოდი, რ-ის მიხედვით ეთნოგრ. მოვლენები შეისწავლებოდა ბაზისური და ზედნაშენური მოვლენების ერთიანობის, სინქრონული და დიაქრონული მოვლენების სათანადო ფიქსაციისა და ანალიზის პროცესში ისტორიზმის პრინციპების დაცვით. ახ. მეთოდური და მეთოდოლ. წანამძღვრების შემუშავებამ და პრაქტიკულმა განხორციელებამ ქართული ე-ის თეორ. საფუძვლები თვისებრივად ახ. ნიადაგზე დააყენა. გამოიკვეთა და დაიხვეწა ე-ის საგნობრივი სფერო, უარყოფილ იქნა ადრინდ. კონცეფციებიდან მომდინარე შეხედულება ე-ის როგორც პირველყოფილი პრიმიტიული ხალხების შემსწავლელი მეცნ. შესახებ.
საქართველოში ეთნოგრ. კვლევა-ძიება კიდევ უფრო გაფართოვდა თავდაპირველად საკავშ. მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის აკად. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერ. კულტურის ინ-ტის ეთნოგრ. განყ-ბაში (1936-იდან), ხოლო შემდეგ – საქართვ. მეცნ. აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში (1941), საქართვ. და კავკასიის ეთნოგრაფიულ სექტორში (1960), საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ეთნოგრ. განყ-ბასა და თბილ. სახელმწ. უნ-ტის ე-ის კათედრაზე. გარდა ამისა, ეთნოგრ. კვლევა-ძიებას საფუძველი ჩაეყარა საქართველოს მეცნ. აკად. აფხაზეთის დ. გულიას სახ. ენის, ლიტერატურისა და ისტორიის, ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახ. სამეცნ.-კვლ. და სამხრ. ოსეთის სამეცნ.-კვლ. ინ-ტებში. შემკრებლობითი, სამუზეუმო და საექსპოზიციო მუშაობა კონცენტრირებულია ქართ. ხალხ. არქიტექტურისა და ყოფის ღია ცისქვეშა და სხვა მხარეთმცოდნეობით მუზეუმებში.
ქართ. ე-ის ფორმირებისა და ჩამოყალიბების პირველსავე წლებში საფუძველი ჩაეყარა ქართვ. ხალხის სამეურნ. ყოფის, მატერ. და სულიერი კულტურისა თუ სოც. ურთიერთობის კვლევას. მატერ. კულტურის სფეროში ეთნოგრ. კვლევა-ძიების უმთავრეს ობიექტს წარმოადგენდა დასახლების ფორმები და ხალხ. საცხოვრებელი, სამეურნ. თუ თავდაცვითი ხასიათის ნაგებობანი, ტრანსპორტი, ტანსაცმელი.
მნიშვნელოვანი შედეგებია მოპოვებული საქართველოს მთიანეთის, დას. და აღმ. საქართველოს ბარის დასახლების სამეურნ.-კულტ. და სოც. თავისებურებების გამოვლენა-დადგენის (გ. ჩიტაია, ა. რობაქიძე, გ. ჯავახიშვილი), დარბაზული ტიპის საცხოვრებელი და სამეურნ. ნაგებობათა კომპლექსის შესწავლისა და მისი შედარებით-ტიპოლოგიური კლასიფიკაციის (გ. ჩიტაია, თ. ჩიქოვანი), საქართვ. კოშკური კულტურის კვლევის (ს. მაკალათია, ა. რობაქიძე, ა. ქალდანი) თვალსაზრისით, რაც წინააზიურ-კავკ. არეალის ეთნოგრ. მონაცემებითაა განზოგადებული. საინტერესო გამოკვლევები მიეძღვნა აღმ. და დას. საქართვ. საცხოვრებელი, სამეურნ. და თავდაცვითი ნაგებობების შესწავლას (გ. ჩიტაია, ა. რობაქიძე, თ. ჩიქოვანი, ვ. ითონიშვილი, მ. ჩართოლანი, ჯ. რუხაძე, თ. ოჩიაური, ნ. თოფურია, ვ. ჩიქოვანი, კ. კახიანი, გ. დავითაშვილი, პ. ბუხრაშვილი, ჯ. მიქელაძე), რ-თა ანალიზი ასევე შუქს ფენს ქართვ. ხალხის კულტ.-ისტორ. და სოც. პრობლემების მნიშვნელოვან მხარეებს. კვლევის ფართო არეალით ხასიათდება ქართ. ხალხ. ტრანსპორტის (მ. გეგეშიძე, ზ. კუტალეიშვილი, ა. დავითაძე), ტანსაცმლის (ვ. ბარდაველიძე, გ. ჩიტაია, ნ. ჩოფიკაშვილი, ლ. ბოჭორიშვილი, ი. ციციშვილი, ნ. გვათუა, გ. ჩაჩაშვილი, ც. ბეზარაშვილი, ლ. მოლოდინი, ა. სოხაძე), სტუმარ-მასპინძლობისა და ხალხ. კულინარიის (ნ. ჯიქია, გ. გოცირიძე, მ. მოწერელია, ნ. აბდუშელიშვილი), მეგალითური კულტ. ძეგლების (ს. მაკალათია, ა. სიხარულიძე, თ. ჩიქოვანი, მ. ჩხაიძე) ეთნოგრ. შესწავლის შედეგებიც, რ-თა ნიმუშებს ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წინააზიურ-კავკ. ცივილიზაციის მიღწევებში.
მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული ქართვ. ხალხის სამიწათმოქმედო კულტურების, მემინდვრეობისა და მევენახეობის საკითხების შესწავლისას, სამიწათმოქმედო კულტურის სპეციფიკაციისა და სამიწათმოქმედო სისტემების, მათი შესაბამისი სახვნელი იარაღების ტიპოლოგიის დადგენაში. კერძოდ, საქართვ. სხვადასხვა კუთხეში მემინდვრეობის ძირითადი იარაღის – სახვნელის შესწავლამ გამოავლინა მისი მრავალგვარი სახეობა და მიკრორაიონების ლოკალურ თავისებურებებთან ადაპტირების უნარი. დასაბუთებულია ქართ. სახვნელის ადგილ. წარმომავლობა (იხ. სტ. დიდი გუთანი). გარკვეულია ის ცვლილებები, რ-ებიც განიცადა სახვნელმა იარაღმა საქართველოში კაპიტ. ურთიერთობათა განვითარების პროცესში (გ. ჩიტაია, ა. რობაქიძე, გ. ჯალაბაძე). აღწერილი და კლასიფიცირებულია მემინდვრეობასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის ფორმები, ხელსაწყო-იარაღები და სამეურნეო სათავსები, შესწავლილია მემინდვრეობისათვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობანი, ცალკეული ტიპების გავრცელების არეალი და მათთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები (გ. ჩიტაია, ნ. რეხვიაშვილი, ჯ. რუხაძე, თ. გელაძე, მ. ხაზარაძე, ბ. გრძელიძე). ირიგაციის ტრად. ფორმების შესწავლით დადგენილია მორწყვისა და ტერასული მიწათმოქმედების კლასიფიკაცია, მათი ადგილი სამიწათმოქმედო კულტურის გენეზისისა და განვითარების პროცესში (მ. გეგეშიძე, ნ. ჩიჯავაძე, ლ. ბერიაშვილი).
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მარცვლეული კულტურების ეთნოგრ. შესწავლას, მთის მიწათმოქმედებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებსა და აგროეთნოგრაფიის ზონალურ და ეკოლ. ასპექტებს (ნ. ბრეგაძე, მ. გეგეშიძე, მ. ქანთარია). სისტემ. მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის (ლ. ბოჭორიშვილი, ლ. ფრუიძე, ა. ლეკიაშვილი, ი. ნანობაშვილი, ჯ. სონღულაშვილი, ლ. გაბუნია, ლ. ჭყონია, ნ. კახიძე), მესაქონლეობის (ვ. შამილაძე, ბ. გამყრელიძე, მ. მაკალათია, ი. კვიციანი, თ. ცაგარეიშვილი, ვ. ვ. ითონიშვილი, ნ. თოფურია, ნ. კვარაცხელია, ნ. აზიკური), მებაღეობა-მებოსტნეობის (ჯ. სონღულაშვილი, დ. პავლიაშვილი), აგრეთვე შემგროვებლური მეურნეობის ადრეული ფორმების (მონადირეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა) ისტ.-ეთნოგრ. ასპექტების კვლევის თვალსაზრისით (ა. რობაქიძე, ს. მაკალათია, ლ. მირიანაშვილი).
ცალკე უნდა გამოიყოს ხელოსნობის დარგების, კერძოდ, ხისა და ქვის დამუშავების (ს. ბედუკაძე, გ. გასიტაშვილი, ე. ნადირაძე, ნ. კახიძე, ლ. ბედუკიძე), საოჯახო დგამ-ჭურჭლისა და ავეჯის (გ. ჩიტაია, ნ. თოფურია, მ. ხაზარაძე, ნ. ხაზარაძე, მ. კახიძე, ც. ბეზარაშვილი), ხალხური მეტალურგიის (ნ. რეხვიაშვილი, ნ. კახიძე), ოქრომჭედლობის (ლ. ბოჭორიშვილი, მ. ჩართოლანი, ლ. სოსელია), საბრძოლო იარაღების დამზადების (კ. ჩოლოყაშვილი), ტყავის დამუშავების (ი. ნანობაშვილი), მეაბრეშუმეობის (ნ. აბესაძე), კერამიკული წარმოების (ლ. ბოჭორიშვილი, თ. გარდაფხაძე, ს. ბედუკაძე, რ. თოდუა, მ. ზანდუკელი, ც. კაკაბაძე), ხალხური ფეიქრობის, ქსოვის წესების (გ. ჩაჩაშვილი, ც. ყარაულაშვილი) და ზეთსახდელების (ლ. მოლოდინი) ეთნოგრ. შესწავლის შედეგად მიღწეული წარმატებანი.
ქართვ. ეთნოგრაფთა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა საფუძველი გამოაცალა XIX ს. II ნახ. უცხოელი მეცნიერების მიერ წამოყენებულ მცდარ თეორიას (ვ. კოპერსი, პ. ლეზერი, კ. ჰაქსტჰაუზენი, რ. ბრაუნგარტი), რ-ის მიხედვით საქართველოსა და კავკასიაში მოსახლე აბორიგენი ხალხები ორიგინ. კულტურის შემქმნელები კი არ იყვნენ, არამედ კულტ. ღირებულებათა უბრალო გადამცემის როლს ასრულებდნენ. ბოლო ათწლეულებში საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადად აჩვენა ქართ.-კავკასიური კულტ. სამყაროს უაღრესად საინტერესო, ორიგ. ცივილიზაციის იერსახე.
მნიშვნელოვანი მიღწევებია მოპოვებული ქართვ. ხალხის სოც. ურთიერთობათა ეთნოგრ. შესწავლის ხაზით. დადგენილია და გამოკვლეულია დიდი ოჯახის სტრუქტურა და მმართველობის სისტემა, პატრონიმიულ გაერთიანებათა რაობა და ბუნება (რ. ხარაძე, ს. მაკალათია, ა. რობაქიძე, ს. ბახია), ოჯახი და საოჯახო ყოფის თავისებურებანი (ვ. ითონიშვილი, მ. ბექაია, გ. ცეცხლაძე, ნ. შოშიტაიშვილი, თ. აჩუგბა, ხ. იოსელიანი, მ. მოწერელია, ნ. ჩელებაძე), ქორწინების ინ-ტი (ი. ჭყონია, ნ. მაჩაბელი, მ. ბექაია, ლ. მელიქიშვილი, თ. იველაშვილი, ს. ხოსიტაშვილი, ნ. ანთელავა, ბ. ნანობაშვილი), ნათესაობის სისტემა (რ. ხარაძე, ნ. ჯავახაძე, ს. გოგინაშვილი, ნ. მგელაძე), სათემო ინ-ტების, კერძოდ, ხალხ. მმართველობისა (რ. ხარაძე, მ. კანდელაკი, გ. ჩაჩაშვილი, გ. ჩიქოვანი) და ჩვეულებითი სამართლის (რ. ხარაძე, მ. კეკელია, ვ. ლორია, ჯ. მერაბიშვილი, ქ. მამულაშვილი, გ. დავითაშვილი, გ. ჯალაბაძე, ო. ზოიძე) სისტემების თავისებურებანი, რ-თა ანალიზისა და განზოგადების საფუძველზე დაძლეულ იქნა XIX საუკუნის შუა ხანიდან დასავლეთის მეცნიერებაში მოარული შეხედულება კავკ. მთიანეთში გვაროვნული წყობილების ხანგრძლივი კონსერვაციის შესახებ (მ. კოვალევსკი).
კვლევის პროცესში ახ. მეთოდოლ. პრინციპების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ე. წ. კავკ. „მთური ფეოდალიზმის“ მეტად საყურადღებო თავისებურებათა გამოვლენა და დადგენა.
საყოველთაოდაა აღიარებული ქართვ. ეთნოგრაფების მიღწევები ქართვ. ხალხის სულიერი კულტურის შესწავლასა და განზოგადებაში. რელიგ. აზროვნების ისტ. კვლევის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო წინაქრისტ. პანთეონის სტრუქტურის, ღვთაებათა ბუნების, იერარქიისა და ფუნქციების კვლევა, რ-იც საფუძვლად დაედო ქართვ. მთიელთა სოც. ურთიერთობის რთული საკითხების გარკვევასა და დადგენას (ვ. ბარდაველიძე, ს. მაკალათია, ა. სოხაძე, ჯ. რუხაძე, ა. ლეკიაშვილი, ნ. წერედიანი). საგანგებო ადგილი დაიჭირა საქართვ. მთიანეთის ტრად. საზ. საკულტო ძეგლების რთული კომპლექსების ხანგრძლივმა კვლევა-ძიებამ, აგრეთვე თემის, როგორც ეკონ. და სოც.-ეკონ. ინ-ტის შესწავლამ და მისი ბუნების დადგენამ (ვ. ბარდაველიძე, რ. ხარაძე). გამოვლენილი და დადგენილია მეურნეობის სხვადასხვა დარგთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები, აგრ.-რელიგ. დღესასწაულები და კულტები, ხალხ. ორნამენტის სემანტიკა და მისი კავშირი ასტრალურ კულტთან (ვ. ბარდაველიძე, ჯ. რუხაძე, ი. სურგულაძე, თ. ცაგარეიშვილი, ნ. ხაზარაძე, ნ. აბაკელია, ნ. ბრეგაძე, დ. გიორგაძე, თ. ღუდუშაური, გ. ჩინჩალაძე, თ. გვიმრაძე, ნ. ღამბაშიძე). შესწავლილია საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, ხატ-სალოცავებისა და სხვა საკულტო-რიტუალური ძეგლების სოც.-ეკონ. და იდეოლ. ფუნქციები, ქართვ. მთიელთა რელიგ. აზროვნებისა და მსოფლმხედველობის კულტ.-ისტ. და სოც. ასპექტები, მთიელთა მითოლ. წარმოდგენები და მათი კავშირი ეთნ. ისტორიის ცალკეულ საკითხებთან (გ. ჩიტაია, ვ. ბარდაველიძე, თ. ოჩიაური, ნ. აბაკელია, მ. კანდელაკი, ჟ. ერიაშვილი, გ. ჯალაბაძე, შ. ქურციკიძე, მ. ჩიხრაძე). ამ სფეროში მიღწეული შედეგი ხაზს უსვამს ქართვ. ხალხის სულიერი კულტურის ადრეულ კავშირს წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ცივილიზებულ სამყაროსთან.
ქართვ. ხალხის სულიერი კულტურის ეთნოგრ. შესწავლაში დიდი ადგილი უჭირავს მუს. ფოლკლორის თემატიკას. გამოვლენილია ქართვ. ხალხის მუს. კულტურის დიალექტთა მრავალფეროვნება, მათი ლოკალური თავისებურებანი, ზოგადქართ. ნიშნები და კავკ.-წინააზიური პარალელები; შესწავლილია ხალხ. მუს. საკრავები, მათი დამზადების ტექნოლოგია და ფუნქციები, ხალხ. სიმღერების სტრუქტურა და კავშირი სამეურნ. საქმიანობასთან, ყოფისა და კულტურის სხვა სფეროებთან (თ. მამალაძე, ნ. მაისურაძე, მ. შილაკაძე, ს. ჭანტურიშვილი, ქ. ჭითანავა, ქ. ნაკაშიძე).
სულიერი კულტურის კვლევა-ძიების სფეროშია განხილული ხალხ. მედიცინის საკითხები. გამოვლინდა ხალხ. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებათა კომპლექსი (ნ. მინდაძე, მ. ბურდული, ნ. ჩირგაძე, ლ. ჭედია), კოსმეტიკისა და ჰიგიენის ეთნოსპეციფიკური ნიშნები (ქ. სიხარულიძე).
საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს აგრეთვე რეგიონალურ (სოფელი, თემი, ხევი, კუთხე) გამოკვლევებს (ს. მაკალათია, ვ. ბარდაველიძე, ა. რობაქიძე, რ. ხარაძე, ვ. ითონიშვილი, ვ. გოგოლაძე, ვ. ვ. ითონიშვილი, ნ. ომარაშვილი, ნ. მღებრიშვილი, ზ. ქუქჩიშვილი, თ. გვიმრაძე, მ. ილურიძე), რ-ებითაც კომპლექსურადაა შესწავლილი და გაანალიზებული მოსახლ. მატერ. და სულიერი კულტურის, სამეურნ. ყოფისა და სოც. ურთიერთობის პრობლემები.
ცენტრ. კავკასიის მთიანეთში გამოვლენილი ახ. ეთნოგრ. მონაცემების შედარებით-ისტ. ანალიზისა და განზოგადების საფუძველზე გამოკვლეულია ქართვ. და კავკ. მთიელთა ეთნოკულტ. ურთიერთობის რთული და მრავალმხრივი პროცესები, შესწავლილია კავკ. მთიელთა დიდი ოჯახის სტრუქტურა, დასახლების ფორმები, საცხოვრებელი და თავდაცვითი ნაგებობანი, ხალხ. მმართველობის სისტემა და საოჯახო ყოფის სხვა მხარეები (ა. რობაქიძე, რ. ხარაძე, ვ. ითონიშვილი), ნათესაობის სისტემა (ნ. ჯავახაძე) და ქორწინების ინ-ტი (ლ. მელიქიშვილი). მნიშვნელოვანი შედეგებია მოპოვებული ხალხ. ნიადაგმცოდნეობისა და სელექციის, შრომის იარაღებისა და ორგანიზაციის ფორმების, მეტეოროლოგიის (მ. ქანთარია), მესაქონლეობის წლიური ციკლის, მიწათსარგებლობის ფორმების (ბ. გამყრელიძე, ვ. შამილაძე), მთიელი ქალის ჩაცმულობის (ლ. მარგოშვილი) შესახებ. სისტემ. მუშაობა მიმდინარეობს საქართველოში მცხოვრები არაქართ. მოსახლეობის ტრად.-ყოფითი კულტურის შესასწავლად და მათი ეთნოსპეციფიკური ნიშნების, აგრეთვე ეთნ. პროცესების თავისებურებათა გამოსავლენად და დასადგენად (ლ. ფაშაევა, ბ. გამყრელიძე, ლ. მარგოშვილი, ნ. ომარაშვილი).
ქართულმა ე-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ე-ის კვლევა-ძიების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე საოჯახო და საზ. ყოფის ძირითად სფეროში მომხდარ ცვლილებებს (გ. ჩიტაია, ა. რობაქიძე, ი. ჭყონია, მ. გეგეშიძე, ა. ლეკიაშვილი, ჯ. რუხაძე, თ. ოჩიაური, თ. ჩიქოვანი, ნ. აბესაძე, გ. ჯავახიშვილი, ვ. ითონიშვილი, მ. ხაზარაძე, ა. ქალდანი, ნ. ბრეგაძე, ლ. ბერიაშვილი, მ. კანდელაკი, რ. თოდუა, ც. ბეზარაშვილი, გ. ჩაჩაშვილი, ნ. რეხვიაშვილი, ს. ბედუკაძე, მ. ჩართოლანი, გ. დავითაშვილი, ნ. თოფურია). შესწავლილია სამეურნეო-ყოფითი ტრადიციები, ხალხ. დღესასწაულები, მათი გენეზისისა და განვითარების თავისებურებანი, ყოფისა და კულტურის ის პროგრესული ფორმები, რ-თა გამოყენება მათი ისტორიულად ჩამოყალიბებული ფუნქციების მიხედვით დღესაც შეიძლება (ჯ. რუხაძე, მ. გეგეშიძე, ლ. ფრუიძე. მ. გუგუტიშვილი, მ. ქანთარია, გ. ჩიქოვანი, ვ. ჩიქოვანი).
ჩატარებული ეთნოგრ. კვლევა-ძიების შედეგები საფუძვლად დაედო საქართვ. ისტ.-ეთნოგრ. ატლასის იმ ხუთტომეულის მომზადებასა და გამოცემას, სადაც მოცემულია მემინდვრეობის, მევენახეობა-მეღვინეობის, მესაქონლეობისა და საცხოვრებელი ნაგებობების უმთავრეს დამახასიათებელ ნიშანთა და თავისებურებათა ტექსტობრივი აღწერილობა და კარტოგრაფიული ფიქსაცია. დაწყებულია მუშაობა საქართვ. ე-ის ნარკვევების ხუთტომეულის გამოსაცემად.
ბოლო პერიოდის ქართვ. ეთნოგრაფთა გამოკვლევებში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ქალაქების ე-ის (ნ. აბესაძე, ვ. ითონიშვილი, თ. ოჩიაური, ჯ. რუხაძე, ნ. მაისურაძე, ნ. მინდაძე, გ. ჯალაბაძე, გ. ჩინჩალაძე, ნ. ჯიქია, გ. გოცირიძე, მ. შილაკაძე, გ. გეგეჭკორი, ზ. შენგელია, თ. ცაგარეიშვილი, კ. ჩოლოყაშვილი), განსაკუთრებით კი შიდამიგრაციული პროცესების (გ. ჩიტაია, ლ. ბოჭორიშვილი, ა. კაცაძე, რ. თოფჩიშვილი, ვ. ითონიშვილი, ბ. გამყრელიძე, ი. კვიციანი, თ. ფუტკარაძე, თ. ცაგარეიშვილი, ლ. მარგოშვილი, ბ. სულაძე), ეთნ. პროცესებისა და ინოვაციების (ა. კაცაძე, ნ. აბესაძე, ნ. შოშიტაიშვილი, გ. ჯავახიშვილი), ეთნოპედაგოგიკისა და სპორტის ხალხ. სახეობების (ვ. ბარდაველიძე, გ. ჩიტაია, ა. რობაქიძე, ვ. ელაშვილი, ნ. შიშნიაშვილი, ნ. კაპანაძე, ნ. ღოღობერიძე) მნიშვნელოვანი საკითხების ეთნოგრ. შესწავლა. ყურადღებას იპყრობს ეთნოგრ. ისტორიოგრაფიის (გ. ჩიტაია, ა. რობაქიძე, ვ. ითონიშვილი, ვ. შამილაძე, თ. ცაგარეიშვილი, ო. მიმინოშვილი), ისტ. ე-ისა (გ. ჩიტაია, ა. რობაქიძე, ვ. შამილაძე, ს. ჭანტურიშვილი, ო. მიმინოშვილი, ლ. მელიქიშვილი, თ. ღუდუშაური, პ. ყიფიანი, ნ. კვიციანი, გ. აფციაური, ლ. მაძღარაშვილი) და ეთნოგრ. ზოგადთეორიული პრობლემების ირგვლივ ჩატარებული გამოკვლევები (მ. გეგეშიძე, ა. რობაქიძე, ვ. შამილაძე, ა. ლეკიაშვილი, პ. ყიფიანი, ნ. ჩინჩალაძე, ს. გაბუნია, ვ. ვ. ითონიშვილი).
მნიშვნელოვანი ეთნოგრ. კვლევა-ძიება ტარდება ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში, რ-თა შემკრებლობით, საექსპოზიციო და სამეცნ. მუშაობას კოორდინაციას უწევს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმის ე-ის განყ-ბა. იგი წარმოადგენს უნიკალური ფონდის საგანძურს, სადაც დაცულია ოქრომჭედლობის, იარაღის, ტანსაცმლის, ხალიჩების, აგრეთვე ქართვ. ხალხის მატერ. და სულიერი კულტურის სხვა რეალიების იშვიათი ნიმუშების კოლექციები. მუზეუმის არსებული ფონდები ინტენსიურად ივსება ახ. კოლექციებით, ეწყობა ახ. ექსპოზიციები, რეგიონალური თუ თემატიკური გამოფენები, ქვეყნდება ძირითადი კატალოგები, რ-საც საფუძვლად უდევს მაღალკვალიფიციურ ეთნოგრაფთა და სამუზეუმო საქმის სპეციალისტთა (გ. ჩიტაია, ვ. ბარდაველიძე, ნ. რეხვიაშვილი, ი. ნანობაშვილი, ს. ბედუკაძე, ბ. კვირკველია, გ. ჯალაბაძე, მ. ჩართოლანი, ე. ნადირაძე, გ. გასიტაშვილი, ნ. შოშიტაიშვილი, ლ. მოლოდინი, მ. ზანდუკელი, ც. კაკაბაძე. ნ. ჯიქია, მ. მაკალათია, ლ. ბედუკიძე, მ. ხუციშვილი, მ. გუგუტიშვილი, ც. ბეზარაშვილი, ც. ყარაულაშვილი, ლ. სოსელია, თ. გელაძე) ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგები.
მნიშვნელოვანი ეთნოგრ. კვლევა-ძიება მიმდინარეობს ბათუმის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, ახალციხის, ქუთაისის, თელავისა და სხვა კუთხეების მხარეთმცოდნეობით მუზეუმებში. მომზადდა და გამოქვეყნდა აქ მოღვაწე ეთნოგრაფთა (გ. ელიავა, კ. სამუშია, ა. დავითაძე, ც. ჩართოლანი, ც. ლაფაჩი) არაერთი საინტერესო გამოკვლევა.
ეთნოგრ. კვლევა-ძიების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი იყო აგრეთვე თბილ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის ე-ის კათედრა (გაუქმდა 2000), მასთან არსებული ეთნ. კულტურისა და ეროვნ. ტრადიციების შემსწავლელი ლაბორატორია (1991-იდან, გაუქმდა 2006). კათედრაზე ასპირანტურისა და ხარისხისმაძიებლობის კურსს გადიოდნენ და კვალიფიკაციას იმაღლებდნენ საქართველოს, კავკასიისა და სხვა ქვეყნების, მ. შ. საზღვარგარეთის (გერმანია, ავსტრია, ბულგარეთი, პოლონეთი და სხვ.) ახალგაზრდა სამეცნ. კადრები. აქ მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელთა მიერ შესწავლილია საქართვ., კავკ. და წინა აზიის ხალხთა ე-ის მნიშვნელოვანი საკითხები, მომზადებული და გამოცემულია თემატური კრებულები, ზოგადი და საქართვ. ე-ის სახელმძღვანელოები, სპეც. კურსები და სამუშაო პროგრამები. ქართულმა ე-მ დაიბრუნა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში გ. ჩიტაიას მიერ შემოტანილი სახელწოდება „ეთნოლოგია“. XX ს. ბოლოდან ვითარდება ახალი მიმართულებები დარგებში – ეთნოპოლიტიკა (ლ. მელიქიშვილი) და ეთნოეკოლოგია (თ. ცაგარეიშვილი).
ეთნოგრ. კვლევა-ძიებას დიდი ყურადღება დაეთმო საქართვ. მეცნ. აკადემიის ბათუმის, სოხუმისა და ცხინვალის კომპლექსურ სამეცნ. დაწესებულებებში.
აჭარისა და, საერთოდ, სამხრ.-დას. საქართვ. მოსახლეობის ყოფისა და კულტურის ეთნოგრ. შესწავლას სათავე დაედო 1908 აჭარის სახელმწ. მუზეუმის დაარსებით, რ-იც 1925 მხარეთმცოდნეობის ინ-ტად გადაკეთდა.
1933 აჭარაში მუშაობდა პირველი კომპლ. ეთნოგრ. ექსპედიცია (გ. ჩიტაია, ვ. ბარდაველიძე, რ. ხარაძე, ს. მენთეშაშვილი, ვ. იაშვილი, ჯ. ნოღაიდელი), 1958-იდან კი გეგმაზომიერ ეთნოგრ. კვლევა-ძიებას საფუძველი ჩაეყარა ბათუმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ეთნოგრ. განყ-ბის დაარსებით. აჭარასა და სამხრ.-დას. საქართველოს მომიჯნავე რეგიონებში ჩატარებული ეთნოგრ. კვლევა-ძიების შედეგებში ასახულია დასახლების, საცხოვრებელი და სამეურნ. ნაგებობების, ხალხ. ორნამენტის, ტერასული მიწათმოქმედების, მევენახეობა-მეღვინეობის, ალპ. მესაქონლეობის, ხელოსნობის სხვადასხვა დარგის, ოჯახისა და საოჯახო ყოფის, ძვ. და ახ. საქორწინო ტრადიციების, ნათესაობის სისტემის, ხალხ. რწმენა-წარმოდგენებისა და აგრ.-რელიგ. დღესასწაულების, დემოგრ. და მიგრაციული პროცესების, აგრეთვე თანამედროვე ყოფისა და კულტ. მნიშვნელოვანი პრობლემები; გამოვლენილი და დადგენილია მათი ზოგადქართ. და ლოკალური თავისებურებები (ა. რობაქიძე, ვ. მგელაძე, ნ. ჩიჯავაძე, ვ. შამილაძე, მ. ბექაია, ნ. კახიძე, ნ. მგელაძე, ჯ. ვარშალომიძე, თ. ფუტკარაძე, ი. სამსონია, ჯ. მიქელაძე, ნ. ჩელებაძე, თ. აჩუგბა, ლ. კალანდარიშვილი, მ. თავაძე, ზ. თანდილავა).
ეთნოგრ. კვლევა-ძიებას ხანგრძლივი ტრადიციები აქვს აფხაზეთშიც, სადაც 1922 დაარსდა აფხაზეთის სამეცნ. საზ-ბა. მოგვიანებით მის ბაზაზე შეიქმნა თავდაპირველად მხარეთმცოდნეობის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინ-ტი.
აფხაზეთის ე-ის პრობლემური თემატიკიდან ინტენს. კვლევა-ძიებაა გაშლილი აფხაზთა ეთნ., ისტ., დასახლების ფორმების, საცხოვრებელი და სამეურნ. ნაგებობების, ტანსაცმლისა და ორნამენტის, ხალხ. კულინარიის, მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ოჯახისა და საოჯახო ყოფის, მითოლოგიისა და რელიგ. ისტორიის, ეთნომუსიკოლოგიის, აგრეთვე თანამედროვე ყოფისა და კულტ. უმნიშვნელოვანეს საკითხებზე (დ. გულია, შ. ინალ-იფა, ი. აჯინჯალი, წ. საქანია, ლ. აკბა, ლ. მალია, რ. ჭანბა, ქ. სმირი, გ. კობეშავიძე, მ. ხაშბა, ვ. ბიგვავა, ი. არღაუნი).
საქართველოში ოსების ყოფისა და კულტ. ე-ის შესწავლას ამიერკავკ. სამეცნ.-ასოციაციის ოსეთის კომპლექსური ექსპედიციის დაარსებით ჩაეყარა საფუძველი. ფართოდ გაიშალა ეთნოგრ. კვლევა-ძიება ცხინვალში საქართვ. მეცნ. აკადემიის სამხრ. ოსეთის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დაარსების შემდეგ. განისაზღვრა და ჩამოყალიბდა საველე ეთნოგრ. და კამერალური კვლევა-ძიების მნიშვნელოვანი მიმართულებანი – დასახლება, საცხოვრებელი და სამეურნ. ნაგებობანი, ხალხ. ჩაცმულობის ნიმუშები, სამიწათმოქმედო კულტურა, მესაქონლეობის ფორმები, ოჯახი და საოჯახო ყოფა, ოსური გვარის სტრუქტურა და ნათესაობის სისტემა, საზ. ყოფისა (მონობის ინ-ტი) და პატრონიმიული ორგანიზაციის თავისებურებანი, რელიგ. აზროვნების ისტორიის ეთნოგრ. შესწავლა, აგრეთვე ოსთა თანამედროვე საოჯახო ყოფა (ზ. ვანეევი, ზ. გაგლოითი, ლ. ჩიბიროვი, ა. ჩოჩიევი, ა. კოკოევა, ზ. ცხოვრებოვი).
დამოუკიდებლობის აღდგენის და სუვერენული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრების პროცესში ქართ. ე-ის წინაშე განვითარების ახალი, დასავლური ორიენტაციის მქონე ამოცანები დაისახა. ე. წ. „აბრეშუმის გზის“ აღდგენისა და „ევრაზიის დერეფნის“ პრობლემების წინ წამოწევამ, მოითხოვა ქართვ. ხალხის ყოფისა და კულტურის, ეროვნ. ტრადიციებისა და ეროვნ. თვითშეგნების, ცხოვრების ქართ. წესის კვლევა ახ. მეთოდოლ. პრინციპების გათვალისწინებით.
ქართვ. ეთნოგრაფთა დიდი ძალისხმევა სჭირდება შესაძლო ეთნოკონფლიქტების დროულ გამოვლენასა და პროფილაქტიკას. ამ მხრივ ფართო საკვლევაძიებო მუშაობა მიმდინარეობს ი. ჯავახიშვილის ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტსა და ეთნოგრ. კვლევა-ძიების სხვა ცენტრებში. ახლებურ მიდგომასა და გაშუქებას მოითხოვს საქართვ. ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხებისა და ეთნ. ჯგუფების ყოფისა და კულტ. პრობლემების, ქართვ. ხალხთან მათი მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტ. თავისებურებების კვლევა. „მშვიდობიანი კავკასიის“ ჰარმონიული პრინციპების მშენებლობის პროცესში ეთნოგრ. კვლევის პრიორიტეტულ მიმართულებად ისახება „ერთიანი კავკასიური კულტურული სამყაროს“ ფენომენის შესწავლა და მასში საქართველოს და ქართველი ხალხის ადგილი და როლი.
საქართველოში ეთნოგრ. კვლევა-ძიების შედეგები ქვეყნდება სხვადასხვა გამოცემაში. მათგან ძირითადია სპეც. და სერიული კრებულები, საქართველოს ისტ.-ეთნოგრ. ატლასის მასალები, ცალკეული მონოგრაფიები, ეთნოგრ. ალბომები და სამეცნ.-პოპულარული გამოცემები ქართულ, რუს. და უცხო ენებზე.
ეთნოგრაფიული ჟურნალები და კრებულები, რ-ებშიც გამოქვეყნებული იყო და ქვეყნდება საქართვ. ეთნოგრაფიის მასალები, გამოკვლევები და წერილები:
„მოამბე“ (თბ., 1894–1905); „ძველი საქართველო“ (საქართვ. საისტ. და საეთნოგრ. საზ-ბის კრებული), ტ. 1–4, თბ., 1909–15; „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“ (1938-იდან); „მიმომხილველი“ (საქართვ. საისტ. და საეთნოგრ. საზ-ბის ორგანო, თბ., 1926); „საქართველოს მუზეუმის შრომები“ (ტ. 1–6, თბ., 1920–33); „აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე“ (1922-იდან); „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“ (1936-იდან); „აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინ-ტის მოამბე“ (ტ. 1–14, თბ., 1937–44); „საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე“ (1940-იდან); „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე“ (2003-იდან); „ანალები“ (1947), „მიმომხილველი“ (ტ. 1–3, თბ., 1949–53); საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე“ (1964–70); „საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის მაცნე“. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია (1971–97); „ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შრომები“ (1955-იდან); „კავკასიის ეთნოგრაფიული კრებული“ (1964-იდან); „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ყოფა და კულტურა“ (1970-იდან); „მასალები საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასისათვის“ (ტ. 1–4, თბ., 1998); „ტრადიცია და თანამედროვეობა“ (ნაკვ. 1–27, 1976-იდან); „დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტის შრომები“ (1934-იდან); სამხრეთ ოსეთისა (1933-იდან) და ბათუმის (1960-იდან) სამეცნ.-კვლევითი ინ-ტების შრომები; საქართველოს სახელმწ. მუზეუმისა და რესპუბლიკის სხვა მხარეთმცოდნეობის და ისტ. მუზეუმების ერთდროული კრებულები.
რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კრებულები, სახაზინო დავთრები, აღწერები და ჟურნალები: „Записки Кавказского отдела Русского географического общества“ (кн. 1–31, Тфл., 1852–1919); „Кавказский календарь“ (в. 1–72, Тфл., 1845–1916); „Кавказский вестник“ (Тфл., 1900–05); „Материалы для изучения экономического быта государственных крестьян Закавказского края“ (т. 1–7, Тфл., 1885–87); „Свод материалов по изучению экономического быта государственных крестьян Закавказского края“ (т. 1–5, Тфл., 1887–88); „Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа“ (в. 1–46, Тфл., Махачкала, 1881–1929); „Этнографическое обозрение“ (М., 1889–1916); „La Caucase illustrée“, Tifl., 1879–93.
ვ. შამილაძე