დიატონიკა (ბერძნ. diatonikos – გაწელილი, ტონიდან ტონში გარდამავალი < dia – აქეთ, გასწვრივ და tonos – ტონი), მუსიკალურ ბგერათა სისტემა, რ-იც წარმოიშობა კილოს ბგერების მთელი და ნახევარტონური გამისებური მიმდევრობის შედეგად. დიატონური კილოებია – ბუნებრივი მაჟორი და ბუნებრივი მინორი, აგრეთვე ე. წ. ძველბერძნ. ან შუა საუკ. საეკლესიო კილოები (იონიური, დორიული, ფრიგიული და ა. შ.). არსებობს ოქტავური და არაოქტავური კილოები. დ. ქართული ხალხ. მუსიკის საფუძველს წარმოადგენს. აქ ძირითადად ვხვდებით არაოქტავურ კილოებს, კერძოდ, ე. წ. კვარტულს – აღმ. საქართველოში და კვინტურს – უმთავრესად დას. საქართველოში. ქართ. ხალხ. მუს. სისტემის საფუძველს წარმოადგენს მიქსოლიდური (დაბალი დეციმით), ეოლიური, დორიული (დაბალი სუბკვარტული საფეხურით) და სხვა კილოები, გარდა დიატონური კილოებისა, საქართველოს მთიან რეგიონებში (ხევსურეთი, ფშავი) ვხვდებით აგრეთვე ანჰემიტონურ კილოებს, ხოლო აღმ. საქართველოს ბარში – ალტერირებულ კილოებს. დ. ხალხური და პროფ. ევრ. მუსიკის კილოური წყობის საფუძველია.
ლიტ.: ასლანიშვილი შ., ქართლ-კახეთის ხალხური საგუნდო სიმღერის ჰარმონია, გამოც. მე-2, თბ., 1970; მისივე, დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერის კილოები, ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, ნაწ. 1, თბ., 1954.
ი. ჟორდანია