ვულკანოლოგია

ვულკანოლოგია (Volcanus, Vulcanus – ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება და ლოგოს – სიტყვა, მოძღვრება), გეოლოგიური მეცნიერების დარგი. შეისწავლის ვულკანების წარმოშობის პროცესებსა და მიზეზებს, მათ აგებულებას, განვითარებას, ამოფრქვევის პროდუქტების ფაციესურ, მინერალურ-პეტროგრაფიულ და ნივთიერ შედგენილობას, დედამიწაზე მათი განლაგების კანონზომიერებებს, მოქმედების ცვალებადობას დროსა და სივრცეში და სხვ.

საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე ვულკ. მოქმედებები არ შეინიშნება, თუმცა ზოგიერთი უცხოელი მკვლევრის (ო. ბოგატიკოვი, ე. როგოჟინი და სხვ.) აზრით, ადრე ჩამქრალ ვულკანებად მიჩნეული მთის მასივები იალბუზი და მყინვარწვერი (ყაზბეგი) დღესდღეობითაც მოქმედ ვულკანებს წარმოადგენს. რაც შეეხება ჩამქრალ ვულკანებს, რ-ებსაც შემორჩენილი აქვს მათთვის დამახასიათებელი კონუსის ან წაკვეთილი კონუსის ფორმა, ჩვენში ფართოდაა გავრცელებული ჯავახეთის ვულკ. ზეგანზე (დიდი და პატარა აბული, სამსარი, თავკვეთილი და სხვ.), კავკასიონზე (მყინვარწვერის ჯგუფის ვულკანები, დიდი და პატარა მეფისკალო და სხვ.), შედარებით ნაკლებად კი – მესხეთისა და თრიალეთის ქედებზე (ფერსათი, დაბაძველი, მუხერი, ციხისჯვარი და სხვ.). ისინი უახლოეს გეოლ. წარსულში (ნეოგენ-ანთროპოგენური დრო) საკმაო აქტიურობით ხასიათდებოდნენ. საქართველოში გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულიდან განვითარდა ვ-ის ქვედარგი პალეოვულკანოლოგია, რ-იც შეისწავლის ვულკანების მოქმედებას წარსულ გეოლ. ეპოქებში. ამ მიმართულებით ფუძემდებლური შრომები აქვს გ. ძოწენიძეს. მსოფლიოს გეოლ. ლიტ-რაში პირველად მის მონოგრაფიულ ნაშრომში „საქართველოს მიოცენამდელი ეფუზიური ვულკანიზმი” (თბ., 1948, რუს. ენაზე; სტალინური პრემია, 1950) თავმოყრილი და განხილულია საქართვ. და მისი მიმდებარე კავკ. ტერიტ. მაგალითზე წარსული გეოლ. ეპოქების ვულკ. პროცესები, მასთან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის ჩამოყალიბების კანონზომიერებანი, ვულკანების მკვებავი მაგმების ქიმიზმის ევოლუცია დროსა და სივრცეში, ვულკანიზმის როლი მიწის ქერქის ჩამოყალიბების და ევოლ. პროცესში. საქართვ. ტერიტორიის უფრო ახალგაზრდა (პოსტპალეოგენური – ნეოგენური და მეოთხეული პერიოდების) ვულკანიზმის კვლევის შედეგები განაზოგადა ნ. სხირტლაძემ მონოგრაფიულ ნაშრომში – „პოსტპალეოგენური ეფუზიური ვულკანიზმი საქართველოში” (თბ., 1958, რუს. ენაზე). XX ს. 60-იანი წლებიდან საქართველოში პალეოვულკანოლოგიური კვლევები ინტენსიურად ვითარდებოდა. შესწავლილია საქართვ. ცალკეული რეგიონების ვულკანიზმის ხასიათი (თ. ჯანელიძე, მ. ბერიძე, ვ. გუგუშვილი, ბ. თუთბერიძე, მ. ლორთქიფანიძე, გ. მიქაძე, გ. ნადარეიშვილი და სხვ.) და გამოქვეყნებულია მონოგრაფიები. ამავე წლებიდან გ. ძოწენიძე იკვლევდა ვულკანიზმის როლს დანალექი ქანებისა და მადნების წარმოქმნაში. 1972 მას ვულკანოგენური ფორმაციების მადანშემცველობის შესახებ ნაშრომთა კომპლექსის შექმნისათვის მიენიჭა ლენინური პრემია. რეგიონალური კვლევების განზოგადების საფუძველზე გამოვლენილი იქნა ალპური ნაოჭა სარტყლის კავკ. სეგმენტის მეზოზოურ-კაინოზოური ვულკანიზმის განვითარების კანონზომიერებანი და მისი გამოვლენის გეოდინამიკა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ღრმა ჭაბურღილების მასალის კვლევის შედეგად შესწავლილ იქნა საქართვ. მთათაშუეთის (ტერიტ. მთელი დადაბლებული ნაწილის) მეზოზოური და პალეოგენური ვულკანოგენურ-დანალექი ფორმაციები მათი ნავთობ-გაზიანობაზე შეფასების თვალსაზრისით. ამავე კვლევის შედეგად გამოვლენილი და შესწავლილ იქნა შავი ზღვა – კოლხეთის კალოვიურ-გვიანიურული რიფტი, რ-იც განამარხებულ ვულკ.-ტექტონ. სტრუქტურას წარმოადგენს. პალეოვულკანოლოგიური კვლევები მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს თსუ-ში, ა. ჯანელიძის გეოლ. ინ-ტში, ა. თვალჭრელიძის კავკ. მინერ. ნედლეულის ინ-ტში და სხვ.

ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი  ვ., საქართველოს ბელტის ცარცული ვულკანიზმი, თბ., 1968; მ ი ქ ა ძ ე   გ., სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს პალეოგენური ვულკანიზმი, თბ., 1969; ძ ო წ ე ნ ი ძ ე  ნ., ყელის ვულკანური ზეგნის გეოლოგია, თბ., 1972; ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე  თ., კავკასიონის სამხრეთი ფერდის გეოსინკლინის შუაიურული ვულკანიზმი (მდ-ების ენგურისა და ცხენისწყლის სათავეები), თბ., 1969;  Б о г а т и к о в  О. А. и др., Древние землетрясения и вулканические извержения в районе Эльбруса, «Доклады АН России», 2003, т. 390, №4; Г у г у ш в и л и  В. И., Поствулканический процесс и формирование рудных и нерудных полезных ископаемых в интрадуговых палеорифтах и островных дугах, Тб., 1981; Л о р д к и п а н и д з е  М. Б., Альпийский вулканизм и геодинамика Центрального сегмента Средиземноморского складчатого пояса, Тб., 1980;  Н а д а р е и ш в и л и  Г. Ш., Меловой вулканизм Аджаро-Триалети, Тб., 1981; მისივე, Позднеюрский вулканизм Грузии (Закономерности эволюции, геодинамика проявления и проблема Восточно-Черноморской впадины), «Труды ГИН АН Грузии. Нов. серия», 2002, вып. 117;  Р о г о ж и н  Е. А., О соотношении проявлений землетрясений, вулканизма и катастрофических пульсаций ледников Северной Осетии в голоцене, «Вестник Владикавказского научного центра», 2004, т. 4, №3.

გ. ნადარეიშვილი