ჯაფარიძე გიორგი ივანეს ძე (დ. 29. VII. 1953, თბილისი), ფიზიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2009), აკადემიკოსი (2013; წ.-კორ. 2001).
დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი კონდენსირებულ გარემოთა თეორიული ფიზიკის სპეციალობით (1975). იმავე წლიდან მუშაობს თსუ-ის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზ. ინ-ტში; არის ამ ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2003-დან), კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყ-ბის ხელმძღვ. (2005-2018) და სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2018-დან).
ჯ. ინტენსიურად თანამშრომლობს გერმანიის, ჰოლანდიის, შვედეთისა და შვეიცარიის სამეცნ. ცენტრებთან, სადაც 1990-2015 წლებში ხანგრძლივი სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა. არის საერთაშ. ჟურნალებში გამოქვეყნებული მრავალი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი. ჯ-ის ძირითადი სამეცნ. კვლევები ეხება დაბალი სივრცითი განზომილების მქონე კორელირებული ფერმის სისტემების თეორიას, გადასვლა ლითონ-იზოლატორს, ზეგამტარობის უჩვეულო მოდელებს, სპინურ ელექტრონიკასა და დაბალგაზომილებიანი მაგნიტური სისტემების თეორიას.
იყო საქართვ. ეროვნული მეცნ. აკად-ის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2003-04). არის მათ. და ფიზ. განყ-ბასთან არსებული ბირთვული ენერგიისა და რადიოაქტიური უსაფრთხოების კომისიის თავ-რე (2013-დან), საქართვ. მეცნ. აკად. მათემატიკისა და ფიზ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (2019-დან), მეცნ. აკად. საგამომცემლო-სარედაქციო საბჭოს, ჟურნალ „მოამბის“ სარედაქციო საბჭოს (2018-დან) და ქართ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. საბჭოს წევრი (2019-დან). ეწევა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტზე (1998-2008). 2009-იდან ილიას სახელმწ. უნ-ტის საბუნებისმეტყველო მეცნ. და მედიცინის ფაკ-ტის სრული პროფესორია. ხელმძღვანელობს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულებით.
მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახ. პრემია ფიზიკის დარგში (2011).