ციციშვილი ვლადიმერ გიორგის ძე (დ. 17. III. 1947, თბილისი), მეცნიერი ფიზიკური ქიმიის დარგში. აკადემიკოსი (2019; წ.-კორ. 2001), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ქიმიისა და ქიმ. ტექნოლ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (2020-იდან), ქიმ. მეცნ. დოქტორი (1989).
1970 დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი. 1970-78 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტში, 1971-73 − მოსკოვში, სსრკ მეცნ. აკად. ელემენტორგანული ნაერთების ინ-ტში, 1978-90 − საქართვ. მეცნ. აკად. ფარმაკოქიმიის ინ-ტში ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიის რესპ. ცენტრის ხელმძღვანელად. 1981-83 მოღვაწეობდა ბერლინში, ფიზიკური ქიმიის ცენტრ. ინ-ტში და ლაიფციგში − კ. მარქსის უნ-ტში. 1990-2005 იყო საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზ. ქიმიის ლაბორ. გამგე, 2005-06 − დირექტორის მოადგილე, 2006-18 − დირექტორი; 2018-იდან არის სამეცნ. საბჭოს თავ-რე.
ც-ის სამეცნ. ნაშრომები ეხება თანამედროვე ფიზ. და მათ. მიდგომების გამოყენებას თეორიულ ქიმიაში; არაორგანული და ორგანული, მ. შ. ბიოლოგიურად აქტ. ნივთიერებების აღნაგობისა და თვისებების კვლევას ბირთვული მაგნიტური რეზონანსის, ინფრაწითელი და სხვა სპექტროსკოპული მეთოდებით; აგრეთვე მოლეკულურ-საცრული, სორბციული, იონმიმოცვლითი და კატალიზური თვისებების მქონე ფოროვანი მასალების სინთეზს, კვლევასა და გამოყენების საფუძვლების დადგენას. მან არსებითი წვლილი შეიტანა ფიზ. ქიმიის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებაში, როგორებიცაა ნივთიერების აღნაგობა და მოლეკულური დინამიკა დიფუზიურ, სორბციულ, იონმიმოცვლით, კატალიზურ და სხვა პროცესებში. ც-ის მიერ შეფასებულია მრავალი ენერგეტიკული, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა პროექტების გარემოზე ზემოქმედება, შემუშავებულია შემარბილებელი ზომები და გარემოსდაცვითი სტრატეგიები. შრომათა ციკლებისთვის (ავტორთა ჯგუფებთან ერთად) მიენიჭა საქართვ. მეცნ. აკად. ა. თვალჭრელიძის (2005), გ. ციციშვილის (2018) და რ. აგლაძის (2021) სახ. პრემიები, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013).
თხზ.: სიმეტრიის თეორიის წარმოდგენების გამოყენება ქიმიაში. თბ., 2010 (თანაავტ.); Extraction of Valuable Products from Agro-Industrial Waste Materials. Lambert Academic Publishing, 2018 (თანაავტ.).