თაყაიშვილი სესილია დიმიტრის ასული

ს. თაყაიშვილი

თაყაიშვილი სესილია დიმიტრის ასული (17. IX. 1906, ბათუმი, – 21. V. 1984, თბილისი), მსახიობი, რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელი. სა­ქართვ. (1950) და სსრკ (1966) სახ. არტისტი. შოთა რუსთაველის სახ. (1983) და სა­ქართვ. სა­ხელმწ. (1985) პრემიების ლაურეატი. 1926 დაამთავრა სათეატრო ინ-ტი თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დასში, სადაც 1930-მდე იმუშავა ს. ახმეტელის ხელმძღვანელობით. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატმა (თ. ვახვახი­შვი­ლის პანტომიმა „მზეთამზე”). 1930–66 თ. კ. მარჯანი­შვი­ლის თეატრში მოღვაწეობდა. იგი დიდი სცენური სიმართლითა და გარდასახვის უბად­ლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი იყო; ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათის პერსონაჟებს. მისი საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა დახვეწილი ფორმით, მკვეთრი თვითმყოფადი იუმორით, გრძნობისა და განცდის უშუალობით. თ-ის მიერ მაღალი ოსტატობით განსახიერებული 120-მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქრისტინე (შ. დადიანის „ნინო­შვი­ლის გურია”), ნაყომი (გ. ბააზოვის „მუნჯები ალაპარაკდნენ”), ამალია კარლოვნა (ა. აფინოგენოვის „შიში”), პარასკევა (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან”), ოგუდალოვა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო”), ძიძა, კატარინა (უ. შექს­პი­რის „რომეო და ჯულიეტა”, „ჭირვეული ცოლის მორჯულება”), ელისაბედ დედოფალი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი”), პრიუდანსი [ა. დიუმას (­შვი­ლი) „მარგარიტა გოტიე”], ოლღა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფა­ნიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”) და სხვ. 

ინტერვიუ სესილია თაყაიშვილთან (ფრაგმენტი). ჩაწერილია 1983 წელს: https://www.youtube.com/watch?v=I8H-oPk9EHo&t=179s

დიდია თ-ის ღვაწლი ქართ. კინემატოგრაფიაში, სადაც 1948-იდან მოღვაწეობდა. როლები: ვასასი („ჩვენი ეზო”, 1956), ელპიტე („საბუდარელი ჭაბუკი”, 1957), ელისაბედი („სხვისი შვილები”, 1958), ოლღა („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, 1962), ბორდოხანი („დიდოსტატის მარჯვენა”, 1969–70), მარადია („ნატვრის ხე”, 1976), ასინეთა („დათა თუთაშხია”, 1977), ბუღალტერი („ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, 1983) და სხვ. მნიშვნელოვანი წვლი­ლი შეიტანა ქართ. საესტრადო ხელოვნ. განვითარებაში. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები. არჩეულია თბილ. საპატიო მოქალაქედ (1982).

სესილია თაყაიშვილი. კადრი ფილმიდან „ნატვრის ხე“ (1976 წ.): https://www.youtube.com/watch?v=1ePG9FmmEpI

ლიტ.: თვალჭრელიძე ტ., სესილია თაყაი­შვი­ლი, თბ., 1978; მარჯანი­­შვი­ლის თეატრი (ალბომი), თბ., 1979; მეტრეველი ს., უბრალოების არისტოკრატიზმი - სესილია თაყაიშვილი, წგ. თამაშის ხელოვნება, თბ., 2016; ურუშაძე ნ. სესილია თაყაიშვილი, თბ., 1988.

ს. თაყაიშვილის ანდერძი. ავტოგრაფი.