თაყაიშვილი ილია (ილიკო) ალექსანდრეს ძე

ი. თაყაიშვილი

თაყაიშვილი ილია (ილიკო) ალექსანდრეს ძე (დ. 20. V. 1926, თბილისი), მოცეკვავე. სა­ქართვ. დამს. არტისტი (1953). ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (1953). 1938 დაამთავრა თბილ. ოპერისა და ბალეტის სა­ხელმწ. თეატრთან არსებული ქორეოგრ. სტუდია (ხელმძღვ. დ. ჯავრი­შვილი). მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის სპეკტაკლებში, მ. შ. „დონ კიხოტში" (გამოდიოდა ვ. ჭაბუკიანთან ერთად). 1945-იდან ახალდაარსებული ქართ. ხალხ. ცეკვის სა­ხელმწ. ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხი­შვილის სახ. ქართ. ნაციონალური ბალეტი) შემადგენლობაში იყო. თ. ამ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენელია, თაობისა, რ-მაც საფუძველი ჩაუყარა და შემდგომში განსაზღვრა ანსამბლის შემოქმედებითი სახე. თ-ის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფ. ოსტატობით, გარდასახვის უნარით, ტემპერამენტით. ცეკვავდა ანსამბლის თითქმის მთელი რეპერტუარის წამყვან პარტიებს. ანსამბლთან ერთად ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.