თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე

თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე (ფსევდონიმები: „კარსკი", „ისარი") [16(28). VIII. 1871, სოფ. ხობი, – 4. X. 1942], სოციალ-დემოკრატი, მენშევიკი. იყო „მესამე დასის" წევრი. 1895–96 მოსკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე სწავლობდა. შემდეგ (1896) ჟენევის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე შევიდა. 1901 პარიზში ცხოვრობდა. 1902 თბილისში დაბრუნდა.

1917 თებერვლის ბურჟ.-დემოკრ. რევოლუციის შემდეგ თ. იყო საქართველოს ეროვნ. საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი (1919–20), დამფუძნებელი კრების საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავ-რე, ქუთაისის ქალაქისთავი, 1918 – საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის მთავრობის რწმუნებული ბათუმში ინგლისისა და ამერიკის მისიებთან მოლაპარაკების საწარმოებლად. თ. რედაქტორობდა ჟურნ. „საქართველოს ეკონომისტს", რ-იც 1919 რუს. და ქართ. ენებზე გამოდიოდა თბილისში.

თხზ.: საქართველოს ეკონომიკის საფუძვლები, ტფ., 1926.

უ. სიდამონიძე