თედეევი ოლღა გიორგის ასული

თედეევი ოლღა გიორგის ასული (25. XII. 1921, თბილისი, – 16. X. 1999, იქვე), აღმოსავლეთმცოდნე, კავკასიოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1975). 1943 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენების განყ-ბა. 1950–51 იყო ცხინვალის პედ. ინ-ტის პედაგოგი, კითხულობდა ლექციებს ქართ. დიალექტოლოგიაში. 1961-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მეცნ. აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ინდურ-ირან. ენების განყ-ბაში – იყო წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. ინ-ტში მუშაობის დროს მან არაერთი ოსოლოგი აღზარდა.

თ. იკვლევდა ქართ.-ოსური კულტ.-ენობრივი ურთიერთობის საკითხებს; გამოავლინა ქართ. ნასეს­ხობანი ოსურში და, პირიქით, ოსური ნასესხობანი ქართულში. მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი გამოკვლევები, მიძღვნილი ქართ.-ოსური ენობრივი საკითხებისადმი, განზოგადდა მის მონოგრაფიაში „ნარკვევები ქართულ-ოსური ენობრივი ურთიერთობიდან" (1983).

თ-მა თარგმნა ოსური ფოლკლორის ცნობილი ძეგლი „ნართების ეპოსი" („არმაღანი" II, 1977; III, 1982); ყურადღება მიაქცია ეპოსის ე. წ. ამოუხსნელ სიტყვებს და ბევრი მათგანის წარმომავლობა და მნიშვნელობა დაადგინა; შეისწავლა ოსი პოეტის ი. იალღუზიძისა და დანი­ელ ჭონქაძის შემოქმედება (ამ უკანასკნელის როგორც ოსოლოგისა).

თხზ.: მემცენარეობის ქარ­თუ­ლი ლექსიკა ოსურში, თბ., 1975; დანიელ ჭონქაძე როგორც ოსოლოგი, თბ., 1979; პირველი ოსური ხელნაწერების ენა, თბ., 1985; ნარკვევები ოსურ-ქარ­თუ­ლი ენობრივი ურთიერთობიდან, თბ., 1988.