თაქთაქიშვილი ლევან ევალდის ძე (20. VIII. 1931, თბილისი, – 2. VI. 2003, იქვე), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). მუშაობდა საქართვ. სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. დადგა სატელევიზიო ფილმი-ოპერა „ჯილდო” (კომპოზიტორი ო. თაქთაქიშვილი, მ. ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, 1964). გადაიღო სხვადასხვა ჟანრის შემეცნებითი ფილმები სატელევიზიო ეკრანისათვის, მათ შორის: „ისევ ნონა” (1972), „მოგონება” (1974), „მომღერალი თიხა” (1975, ქართ. კერამიკის ისტორიასა და თანამედროვეობაზე), „ფერთა სიმფონია” (1977, თეატრის მხატვარ სოლიკო ვირსალაძეზე), „მოგზაურობა არზრუმში” (1978), „საწნახელი” (1980), „პალიასტომი” (1980), „ძველი ქართული მოზაიკა” (1981), „ბუნების საუნჯე” (1982), „სამჭედლო” (1984), „აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი” (1985), „კავკასიონი” (1989), „დავით გარეჯი” (1991), „წერილები სალონიკიდან” (1996), „აბრეშუმის გზა” (1997) და სხვ., რამდენიმე მუს. ფილმი, მათ შორის ქორეოგრაფიული კომპოზიცია ს. პროკოფიევის მუსიკაზე „კლასიკური სიმფონია” (1974, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე). თ-ს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია თემატიკის მრავალფეროვნება, ეროვნ. ღირებულებებისადმი ინტერესი, მაღალი პროფესიონალიზმი, ფაქიზი გემოვნება.
მ. კერესელიძე