„თბილისი“, გაზეთი, საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს, 1990–92 კი – საქართვ. უზენაესი საბჭოს პერიოდული ბეჭდვითი ორგანო. 1992–2006 „თ." დამოუკიდებელი, თავისუფალი სტატუსის მქონე გაზეთია. მისი პირველი ნომერი გამოვიდა 1958 წ. 15 იანვარს. იმავე წლის ივლისამდე გაზეთს ჰქონდა რუს. დუბლიკატი. გაზეთის პირველი რედაქტორი იყო ნ. ჯაში (1958–81), ქართ. ნაწილის მომზადებას ხელმძღვანელობდა პ. კოხრეიძე, რუს. დუბლიკატის მომზადებას – ზ. ახვლედიანი. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ო. იოსელიანი (1981–85), ა. გოგელია (1985–89), ნ. მგელაძე (1989–90), ნ. ბოცვაძე (1990–92), გ. ზურაბიშვილი (1992–95), ა. ციცქიშვილი (1995–97), ი. ჭუმბურიძე (1997– 2006). „თ-ის" პირველივე ნომრებში აისახა დედაქალაქის მრავალფეროვანი ცხოვრება. გაზეთი, თავისი არსებობის განმავლობაში აქტიურად ეხმიანებოდა ქალაქის მაცხოვრებელთა წინაშე არსებულ მწვავე პრობლემებს – იქნებოდა ეს ახალმშენებლობების, ტრანსპორტის, ეკოლ. საკითხები, თუ საყოფაცხოვრებო ობიექტებში არსებული ვითარება, დაწყებითი, საშ. და უმაღლ. განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, ახალგაზრდობის პრობლემები და ისტ. მნიშვნელობის მქონე ძეგლთა დაცვის, აღდგენისა და რესტავრაციის საკითხები, რეგულარულად ქვეყნდებოდა კრიტ. წერილები სხვადასხვა პრობლემის თუ დედაქალაქსა და ქვეყანაში მიმდინარე კულტ. ცხოვრების შესახებ, წარსულისა თუ თანამედროვეობის გამოჩენილ თუ ნაკლებად ცნობილ მწერალთა ნაწარმოებები, მაღალკვალიფიციური სტატიები უცხოელ და ქართვ. მეცნიერთა სამეცნ. მიღწევებისა და ახ. აღმოჩენების თაობაზე. ფართოდ იყო წარმოდგენილი როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სპორტ. ცხოვრების ამსახველი მასალა.
XX ს. 70-იან წლებში დაარსდა გაზეთის ყოველკვირეული სარეკლამო დამატება „ცნობის ფურცელი“ და მისი რუს. დუბლიკატი „Рио" (Реклама – информация – объявления). 80-იანი წლების II ნახევრიდან, ე. წ. „პერესტროიკის“ პერიოდში დაწყებული დიდი საზ.-პოლიტ. ცვლილებების წლებში გაზეთი ეხმაურებოდა აქტუალურ კულტ., საზ.-პოლიტ. თემატიკას.
XX ს. 90-იანი წლების შემდგომ განვითარებული საბაზრო ურთიერთობების გამო 2006 გაზეთი დაიხურა.
ლიტ.: თ ო ფ უ რ ი ა ფ., ეს გზა „თბილისზე", გადის, თბ., 1997; მ ი ს ი ვ ე, გზა, რომელმაც „თბილისამდე" მიგვიყვანა, თბ., 2000.
ა. კოხრეიძე