„თავისუფალი საქართველო“, სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ყოველთვიური ჟურნალი (1921 წ. – 1–14; 1922 წ.– 15 – 27). გამოცემის ადგილი – სტამბოლი – პარიზი. გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია.
„თ. ს." გასაბჭოებისა და პირველი დემოკრ. რესპუბლიკის მთავრობის უცხოეთში გახიზვნის შემდეგ (1921 წ. მარტი) საქართვ. ეროვნ. მთავრობისა და მის გარშემო შემოკრებილი პოლიტ. ძალების მიერ საზღვარგარეთ გამოცემული პირველი ემიგრანტული პოლიტ. ჟურნალი იყო. ჟურნალი გამოდიოდა ხელნაწერის უფლებით, იგი ს.-დ. მიმართულების ორგანოა, რ-ის პერიოდულობა სხვადასხვანაირი იყო: გამოდიოდა როგორც ყოველთვიურად, ისე ყოველდღიურად; ჟურნალი იბეჭდებოდა ვენურს მიმსგავსებული როგორც ჩვეულებრივი შრიფტით, ისე პეტიტით. ჟურნალის მიზნებსა და სამოქმედო პროგრამას გვაცნობს „თ. ს-ს" პირველ ნომერში 1921 წ. 15 მაისს გამოქვეყნებული მოწინავე წერილი „რედაქციისაგან“: „საქართველოში წითელი არმიის შემოსვლით გაუქმდა თავისუფალი აზრი და დამოუკიდებლობა საქართველოს რესპუბლიკის“.
ჟურნალის რუბრიკები იყო: „რუსეთის მიმოხილვა“, „საქართველოს ამბები“, „ევროპის პრესიდან“, „საქართველო და ევროპა“. ჟურნალთან, გარდა რედაქციის წევრი ჟურნალისტებისა და საკუთარი კორესპონდენტებისა, თანამშრომლობდნენ როგორც ქართვ., ისე უცხოელი ავტორები, რ-თა შორის მრავალი გამოჩენილი პოლიტიკოსი, სახელმწ. თუ საზ. მოღვაწე იყო: ნ. ჟორდანია, კ. ჩხეიძე, ნ. რამიშვილი, ი. წერეთელი, ა. ჩხენკელი, პ. სურგულაძე, ვ. ჩერქეზიშვილი, ფ. მახარაძე, კ. კაუცკი, ლ. დებრიუკერი, რ. მაკდონალდი, ე. გრენიე. ჟურნალის ნომრები ინახება გ. შარაძის კერძო კოლექციაში, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ქართ. ემიგრაციის მუზეუმში.