თაბორის ც ი ხ ე

თაბორის ც ი ხ ე, შუა საუკუნის ციხესიმაგრე თბილისის სამხრ.-აღმ. მისადგომებთან, თაბორის ქედის უკიდურეს ჩრდ.-დას. ნაწილში, ბოტან. ბაღის თავზე. შემორჩენილია საძირკვლის ნანგრევები. სახელწ. „თაბორი" ქედსა და ციხეს ეწოდა „ახალ აღთქმაში" მოხსენიებული იერუსალიმის თაბორის მთის მიხედვით. თ. კონტროლს უწევდა განჯის გზას და იცავდა ქალაქის კარიბჭის – განჯის კარის მისადგომებს. თ. წყა­როებში პირველად იხსენიება 1045, როცა მეფე ბაგრატ IV-მ ქალაქი და ციხესიმაგრეები დაიკავა, მათ შორის „... ორნივე კოშკინი წყალყინისანი და თაბორი" („მატიანე ქართლისა"). აღნიშნული ამბის შემდეგ თ. დიდხანს აღარ იხსენიება და გვხვდე­ბა 1723, როდესაც იგი მცირე ხნით კახეთის მეფემ კონსტანტინე II-მ (მაჰმად-ყული-ხანი) დაიკავა, მაგრამ მალევე დაკარგა: „შეეპარნენ თაბორსა ჯარი ქართველთა და აიღეს თაბორი" (სეხნია ჩხე­იძე). 1735 და 1743 ციხესიმაგრე სპარსელებმა დაანგრიეს. 1748 მეფე ერეკლე II-მ თ. იერიშით აიღო, სპარსელთა გარნიზონი განდევნა და "დააყენა მუშა ფრიადი, შემოავლო სწრაფად გალავანი თაბორის ცი­ხეს და დააყენა ჯარი კახთა"... (პაპუნა ორბელიანი). კრწანისის ბრძოლის დროს „მედგრად ამუშავებდა დავით ბატონი­შვი­ლი ზარბაზნებს თაბორის აყოლება კლდოვანი სერით და მუსრს ავლებდა სპარსთა რაზმებს". შემ­დგომ აღა-მაჰმადხანმა ქალაქთან ერთად თ-ის ციხეც სა­ბო­ლო­ოდ დაანგრია (იხ. აგრეთვე სტ. კრწანისის ბრძოლა 1795). თ-ის ტერიტორიაზე იდგა აგრეთვე ეკლესია, რ-იც პირველად მოხსენიებულია 1392, თუმცა იგი გაცილებით ძველი უნდა ყოფი­ლიყო. XIX ს. ისტორიკოსი პ. იოსელიანი წყა­როს მიუთითებლად მას ფერისცვალების ეკლესიად მოიხსე­ნიებს, რაც ადასტურებს სახელწ. „თაბორის" კავშირს ქრისტ. რელიგ. მოვლენასთან. ვახუშტი ბატონი­შვი­ლის 1735 ქალაქის გეგმაზე თ-ის ქედზე აღნიშნულია ეკლესია. 1776 წყალობის სიგელში ვხვდებით თ-ის უცხოენოვან თურქ. სახელს „ყორჩი-ყალა" (მცველი ციხე). 1800 თბილ. გეგმის მიხედვით თ-ზე დგას „Разоренное укрепление Корчакала". ციხეს ამავე სახელწოდებით იხსენიებს პ. იოსელიანიც. 1972 აქ ჩა­ტარ­და არქეოლ. გათხრები, გამოვლინდა სიმაგრის ნაშთები. ეკლესიის ნანგრევებს ექსპედიციამ ვერ მიაკვლია.

წყა­რო: მატიანე ქართლისაჲ, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  თ., ძველი თბილისის გა­რე­უბ­ნე­ბის ისტორია, თბ., 1977; И о с е л и а н и П. И., Описание древностей гოрода Тифлиса, Тфл., 1866.

თ. ბერიძე