თაბორი

თაბორი, სოფელი ცაგერის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ლაილაშის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხა­რე), მდ. ლაჯანურის (რიონის ­მარჯვ. შენაკადი) ­მარცხ. მხა­რეს. ზ. დ. 840 მ, ცაგერიდან 25 კმ. 155 მცხ. (2002).

თ. მდებარეობს ისტ. ლეჩხუმში. წყა­როებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. სახელწოდება შემოსულია პალესტინიდან. ნაზარეთის სიახლოვეს იყო ამ სა­ხელით ცნობილი მთა, სადაც მოხდა ქრისტეს ფერისცვალება. სოფელში აღმოჩენილია შუა ბრინჯაოს ხანის მასრაგახსნილი, წვერნაკლული შუბისპირი და ბრინჯაოს სამკაული.

სოფლის განაპირას, მთის ქიმზე, შირიმის კვადრებით ნაგები გვიანდ. შუა საუკუნეების კოშკი დგას. ეს ნაგებობა, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-სამლოცველო კოშკი იყო. ნაგებობის ჩრდ-ით მოსწორებული ბაქანია, სადაც სავარაუდოდ იდგა თავდაპირველი ეკლესია, რ-იც გადარჩენილი დეკორ. ფრაგმენტების მიხედვით XIV ს. მიეკუთვნებოდა. თ-ის დღევანდელ კოშკისებურ ნაგებობას ხალხში დედაღვთისას უწოდებენ, დღესასწაულობენ ხვამლობასა და კოხინჯრობას. ხალხ. გადმოცემის თანახმად თ. სურმუში და ლაილაში აზნაურ ლაიშხურს ეკუთვნოდა, მას ლაილაშისა და თ-ის მიდამოებში ციხეები ჰქონია, თვითონ კი თ-ის სასახლეში უცხოვრია. დადიანს გაუწყვეტია ლაიშხურები და მათ სოფლებს დაპატრონებია. ჯერ კიდევ 1969 ეკლესიაში ინახებოდა შენაწირი ვერცხლის სასმისები, რ-თაც მხედრული წარწერები ჰქონდა: „ქრისტე, ჯვარცმის თაბორის შეწირული უხმარი ვერცხლი მე გავაჭედინე ლაშხიშვილმა ბახუტამ და ისევე მოგვირთმევია ჩვენის სადღეგრძელოდ. სულის საოხად და საცხონებლად, ამინ". მეორე, უფრო მცირე სახელურიან თასსაც ასევე მხედრულად ეწერა: „მღუდელი დავით ნიკოლოზის ძე ქასელაძე". წარწერები დაახლ. XVIII–XIX სს-ისაა.

თ-ში მოსახლეთა გვარებია: ქარსელაძე, სადილიანი, ახვლედიანი, ლომთაძე, ბაკურაძე, ჩარკვიანი, ხეცურიანი, ჩაჩხიანი, ჯინჭარაძე.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  დ., ბ ა ნ ძ ე ლ ა ძ ე  ი., ს უ რ ა მ ე ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  მ., ჭ უ რ ღ უ ლ ი ა  ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983.

დ. ბერძენი­შვი­ლი