ავალიანი ლალი ავთანდილის ასული (დ. 20.VII.1939. თბილისი), ლიტერატურის ისტორიკოსი, ესეისტი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის დოქტორი (1969). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1962 წ.). 1970-73 კითხულობდა ლექციებს თსუ-ში. 1966-90 მუშაობდა „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ ენისა და ლიტ-რის განყ-ბაში. 1990-იდან არის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ასევე — ჟურნ. „კრიტიკისა“ და ალმანახ „მწიგნობრის“ რედკოლეგიის წევრი.
ა-ის ინტერესთა სფერო, ძირითადად, მოიცავს XX ს. ქართ. მოდერნისტული მწერლობის ახლებურად გააზრებას; ქართ. კლასიკისა და მოდერნიზმის ურთიერთმიმართებას, ტაბუდადებული სახელების გამომზეურებას, ქართ.-უცხ. ლიტ. ურთიერთობებს, ე.წ „საბჭოთა“ მწერლების აშკარა თუ შენიღბული შემოქმედებითი თავისუფლების წარმოჩენას.
1977 გამოვიდა მისი პირველი წიგნი „პაოლო იაშვილი“, 1992 — „ლიტერატურული წერილები“, 2005 — „დავით კლდიაშვილის ბედნიერი თვალი“. თანაავტორია კრებულებისა: „XX საუკუნის ქართული ლიტერატურა“ (ნაწილი I, II, III; 2016, 2020, 2021), „ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია“ (2016), „ელენე დარიანის დღიურები. ტექსტი და ავტორი“ (2022).
მიღებული აქვს პრემია „საგურამო“ (2013), თსუ-ს მედალი (2016), გ. კიკნაძის სახელ. პრემია (2022).
თხზ.: „გიჟი დროის“ ქართული მწერლობა, თბ., 2005; ჭაბუა ამირეჯიბიდან აკა მორჩილაძემდე, თბ., 2005; პაოლო იაშვილი. მონოგრაფია, ესეები, თბ., 2017; XX- XXI სს. მოუთვინიერებელი მწერლობიდან თანამედროვე ნარატივამდე, თბ., 2020.
ს. მეტრეველი