„თელავის ღვინის მარანი" (სააქციო საზოგადოება), ღვინის კომპანია, ღვინის მრეწველობის ერთ-ერთი უძველესი საწარმო. მდებარეობს კახეთში, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. კურდღელაურში (თელავის მუნიციპალიტეტი). დაარსდა 1915. შემდეგ (1917) მოხდა მისი ნაციონალიზაცია. მომდევნო წლების განმავლობაში საწარმო ფუნქციონირებდა სახელმწ. დაქვემდებარებაში. 1969 აქ აშენდა კურდღელაურის ღვინის ქ-ნა – პირველადი მეღვინეობის საწარმო, სადაც ხდებოდა ყურძნის მიღება-გადამუშავება და ჩამოსასხმელი ღვინის გადატვირთვა დასაძველებელ და ჩამომსხმელ საწარმოებში.
1995-იდან, კურდღელაურის ღვინის ქ-ნის პრივატიზების შემდეგ, მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა და საწარმოს დაუბრუნდა პირვანდელი სახელწოდება – „თ. ღ. მ." 1997–2013 ჩატარდა მარნის სრული ტექ. გადაიარაღება, კომპანია აღიჭურვა ყურძნისა და ღვინის გადამამუშავებელი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით: ფილტრაციისა და სტაბილიზაციის დანადგარებით, ტემპ-რის სრული კონტროლის სამაცივრე სისტემით, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებით ღვინის დადუღებისა და შემდგომი შენახვისათვის და 1000 მუხის კასრით ღვინის დასაძველებლად. დაინერგა წარმოების სრული ციკლი – ვაზის ნერგის გამოყვანიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე. ამ მიზნით შეიქმნა ვაზის სანერგე მეურნეობა, 300 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა ვენახი (წინანდლის, მუკუზანისა და ქინძმარაულის ზონებში) როგორც ადგილობრივი, ასევე უცხ. ყურძნის ჯიშებისაგან. კომპანია წელიწადში უშვებს 70 სხვადასხვა დასახელების 4,5 მლნ-ზე მეტ ბოთლ ღვინოს სავაჭრო ნიშნით „მარანი" და „სატრაპეზო", აგრეთვე სხვა ალკოჰოლურ სასმელებს (ჭაჭის არაყი, ბრენდი ცქრიალა ღვინო). გამოშვებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი საექსპორტოა და იგზავნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (აშშ, ბალტიისპირეთი, იაპონია, ინგლისი, კანადა, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, შვეიცარია, ჩინეთი, ჰოლანდია და სხვ.).
საწარმოს პროდუქციას ღვინის საერთაშ. კონკურსებსა და დეგუსტაციებზე (2000–17) მიღებული აქვს 3 გრან-პრი (2003, 2005 – რუს. ფედერაცია; 2004 – უკრაინა) და 28 ოქროს, 105 ვერცხლისა და 141 ბრინჯაოს მედალი. კომპანიის ღვინოები შეტანილია წიგნში „მსოფლიოს 1000 საუკეთესო ღვინო" (პარიზი, 2006, 2008).
ზ. რამაზაშვილი