თეთრი ციხე

თეთრი ციხე, ისტორიულ პალაკაციოში მდებარე ციხე (თურქ. „აღჯაყალა"). მდებარეობდა ჩრდილის (ჩილდირის) ტბის აღმ. ნაპირზე, სოფ. ურთის პირდაპირ. ე. თაყაიშვილის მიხედვით, სოფ. აღჯაყალასთან, ჩრდილის ტბაზე მდებარეობს მოგრძო კუნძული, რ-ის ნაპირამდე წყლის არეში ჩაყრილია უზარმაზარი ქვის ლოდები, რის გამოც კუნძული ნაპირთან შეერთებულია თეთრი ქვის ხიდით. სოფლიდან კუნძულზე მისასვლელი გამაგრებული იყო გალავნებით და კოშკებით. ეს ნაგებობანი თეთრი ფერის თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული, რამაც ალბათ სახელწოდება „თეთრი ციხის" წარმოქმნა განაპირობა. კუნძულის ბოლოში, კონცხზე, ციტადელის ნანგრევები ყოფილა. თ. ც. XVI ს. „მესხური დავითნის ქრონიკაში" ორჯერ იხსენიება. ამ ციხეს თურქები მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობის დროს, 1578 წ. 8 აგვისტოს, დაეუფლნენ. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, თ. ც. და მისი შემოგარენი ოსმალებმა ჩილდირის ლივაში შეიყვანეს. საქართველოს, სომხეთის, დას. ირანის ტერიტორიაზე 9 აღჯაყალაა დამოწმებული, რაც, შესაძლოა, აქ თურქების გაბატონებით აიხსნას.

წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1941; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.). ტექსტების მეცნ. პუბლიკაცია ქრ. შარაშიძისა, თბ., 1961.

ლიტ.: Т а к а й ш в и л и Е., „Тетрицихе“ или Агджа-кала, კრ.: Материалы по археологии Кавказа, в. 12, М., 1909.

ზ. ცინცაძე