„თეთრი გიორგი“, გაზეთი, საქართველოს პატრიოტულ-ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი გიორგის" პერიოდული ორგანო. გამოდიოდა პარიზსა და ბერლინში (1926–35; წლის №1-იდან N85-ის ჩათვლით). შემდგომში გადაკეთდა ეროვნ. ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგის“ გამოცემად (1935–39; №86-იდან N106-ის ჩათვლით). იბეჭდებოდა ცვალებადი პერიოდულობით და მოცულობით. ზოგიერთ ნომერს თან ერთვოდა დამატება ქართ. და ფრანგ. ენებზე. გაზეთის დევიზი იყო: „საქართველო უწინარეს ყოვლისა“, რ-საც სხვადასხვა ნომრებში თან ახლდა გ. სააკაძის, ა. და ლ. ბატონიშვილების, კ. აფხაზის, ვ. წულუკიძის, ა. ანდრონიკაშვილის ლოზუნგები და ქართვ. მწერალთა პატრ. გამონათქვამები. გაზეთის სახელწოდების („თეთრი გიორგი“) მხატვრული გაფორმება ეკუთვნის ემიგრანტ მხატვარს მ. ბილანიშვილს. აღსანიშნავია, რომ პარიზის გარდა, 1930 ბერლინში ხელნაწერის სახით გამოიცა „თეთრი გიორგის“ რამდენიმე ნომერი. გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ლ. კერესელიძე, მ. წერეთელი, ვ. ნოზაძე, ხოლო თანამშრომლები: კ. სალია, ს. ბერეჟიანი, ვ. ციცქიშვილი, დ. კლდიაშვილი და სხვ.
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 3, თბ., 1993.