„თელასი" (სააქციო საზოგადოება), თბილისის ელექტროსადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დედაქალაქის მომხმარებლებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. სააქციო საზ-ბად ჩამოყალიბდა 1995 მაისში თბილ. საქალაქო საბჭოსთან არსებული მუნიციპალური საწარმოს „თელასის" ბაზაზე, რ-იც, თავის მხრივ, შეიქმნა 1993 წ. 7 ოქტომბერს.
საქართვ. დედაქალაქში ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ისტ. დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1887, როდესაც ი. ჭავჭავაძის თაოსნობით თბილისში ამუშავდა პირველი ელექტროსადგური, რ-საც 90-იან წლებში იყენებდნენ ქალაქის ზოგიერთი საზოგადოებრივი ნაგებობის გასანათებლად. მერიის არქივში დაცულ დოკუმენტებში თბილ. ენერგეტიკული ნაგებობების სამმართველო პირველად მოხსენიებულია 1921. „თბოელექტროქსელი" (შემოკლებით „თელასი") დაფუძნებულ იქნა 1937 თბილ. საქალაქო საბჭოსთან, ასრულებდა ორ ფუნქციას – ტექნიკურს და კომერციულს. იმ პერიოდში „თ." ელექტროენერგიას იღებდა მხოლოდ ერთი ობიექტიდან – „ზაჰესიდან", რ-იც აშენდა რუსეთის ელექტრიფიკაციის სახელმწ. გეგმის (ГОЭЛРО) მიხედვით.
ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში (1991–98) ქალაქის ელექტროქსელი დიდი შეფერხებებით მუშაობდა – ხშირი იყო ავარიები, დაგროვდა სხვადასხვა ხასიათის ტექ.-ეკონ. პრობლემები. საჭირო გახდა ქსელის რეაბილიტაცია. დღის წესრიგში დადგა „თ-ის" პრივატიზების საკითხი, რ-იც განხორციელდა 1998 წ. 22 დეკემბერს. პრივატიზების შედეგად აქციების 75%-ის მფლობელი 1999 წ. 4 იანვრიდან გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი ენერგოკომპანია „სილქ როუდ ჰოლდინგს ბ. ვ-ის" (Silk Road Holdings B. V.) ამერ. კორპორაცია „ეი-ი-ეს-ი" (AES). ამ პერიოდიდან „თ-ს" ეწოდა „ეი-ი-ეს თელასი". საქართვ. ენერგოსისტემაში კორპორაცია „ეი-ი-ეს-ის" შემოსვლით განხორციელდა მსხვილი ინვესტიციები, რ-იც მოხმარდა „თ-ის" ქსელის განვითარებასა და რეაბილიტაციას. 2003 აგვისტოში ამერიკულმა კორპორაცია „ეი-ი-ეს-მა" "სილქ როუდ ჰოლდინგს ბ. ვ-ის" აქციათა პაკეტის 100% მიჰყიდა ფინურ კომპანიას – სააქციო საზ-ბა „რაო ნორდიკ ოი-ს" (RAO Nordic Oy), რ-ის ერთადერთი აქციონერია ღია სააქციო საზ-ბა „ინტერ რაო". ამ დროიდან „თ-ის" აქციათა 75% ჯგუფ „ინტერ რაოს", ხოლო აქციათა დაახლოებით 25% სახელმწიფოს საკუთრებაა.
ამჟამად „თ." საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რ-იც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებასა და გასაღებას. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა: ელექტროენერგიის შესყიდვა და გაყიდვა; ელექტრული ქსელების მომსახურება და ექსპლუატაცია; ელექტროენერგიის სატრანზ. მომსახურება; აბონენტთა ტექ. მომსახურება; თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის ადმინისტრირება.
საქართველოში თბილისი ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია. 2017 მონაცემებით დედაქალაქში ელექტროენერგიის წლიური მოხმარება შეადგენს დაახლოებით 2,9 მლრდ. კვტ. სთ რაც ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 27,6 % შეადგენს. კომპანია ემსახურება 600 ათას აბონენტზე მეტს. მომხმარებელთა მომსახურება და ელექტრული ქსელის ექსპლუატაცია ხორციელდება 9 ბიზნესცენტრში, რ-ებიც განთავსებულია ქალაქის ყველა ადმ. რ-ნში. დედაქალაქის ელექტრული ქსელის საერთო სიგრძე 5338 კმ შეადგენს. 110/35 კვ-იანი დამადაბლებელი ქვესადგურების რაოდენობაა 36; 6–10/0,4 კვ-იანი სატრანსფორმატორო ქვესადგურების – 1986. თბილისი ელექტროენერგიას ძირითადად ღებულობს ჰიდროელექტროსადგურებიდან – „ენგურჰესი", „ხრამჰესი-I", „ხრამჰესი-II" და „გარდაბნის თბოელექტროსადგურიდან".
ზ. ვაშაკიძე