ლაბარნა (Labarna), ხეთების მეფეთა ტიტული და სახელი „ძველი სამეფოს" დროიდან (ზოგჯერ ახალგაზრდა ტახტის მემკვიდრის ტიტულიც იყო). პარალელური ფორმა – თაბარნა. სამეფო ტიტულად ლ-ის გადაქცევა უკავშირდება ხეთების „ძველი სამეფოს" ფუძემდებლის ლაბარნა I-ის (ძვ. წ. XVII ს. I ნახ.) სახელს, რ-მაც შექმნა ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო მაშინდელ წინა აზიაში. მისი სამფლობელოები „ზღვიდან ზღვამდე" (ე. ი. შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე) იყო გავრცობილი. ხეთური სამეფო ტექსტებით ლ. ითვლებოდა ხეთების უზენაესი ღვთაების (თეშუბი) წარმომადგენლად ქვეყანაზე, „ხათის ქვეყნის ბატონად", „ჩაგრულთა და ტანჯულთა მფარველად".
ლიტ.: ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971; Гиоргадзе Г. Г., Наследование царской власти в древнехеттском государстве (до Телипину), კრ.: ძველი ისტორიის საკითხები (კავკასიურ-ახლო აღმოსავლრი კრებული, 3), თბ., 1970.
გ. გიორგაძე