ლაბეჭინა, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპ-ის სოფ. ჭყვიშის მიდამოებში, მაღალი მთის ქედზე. მიწისძვრისგან დაქცეული ეკლესია XIII–XIV სს. გაბრიელ ლაბეჭინელის თაოსნობით ხელმეორედ აუგიათ და მოუხატავთ. ეკლესია დარბაზულია. ნაშენია თლილი ქვით. შიდა სივრცე აღმ-ით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რ-ის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრ. და დას. კედლებშიცაა. აღმ. ფასადზე საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს სამკუთხა ნიშებია. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს – სამხრ-იდან, დას-იდან და ჩრდ-იდან. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრით. ეკლესიას მინაშენები ჰქონია, რ-ებიც ამჟამად მიწის პირამდეა დანგრეული. ნაგებობაში ჩანს როგორც ადრინდელი, ისე გვიანდელი სამშენებლო ფენები. ეკლესია უხვად არის შემკული ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმებით, რელიეფებითა და ასომთავრული წარწერებით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებული არიან `ივანე და გაბრიელ გალატოზნი“. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიაში ინახებოდა ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის XI ს. ჭედური ხატები (დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში) და სხვ.
ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983; ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994; თაყაიშვილი ე., ლაბეჭინის ეკლესიის სახარება, „პრომეთე", 1918, #1; მისივე, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937; სილოგავა ვ., ქართული წარწერების კორპუსი, II, თბ., 1980; ფრუიძე ლ., სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის მონასტერი, თბ., 2003.
მ. დვალი