ლაბეჭინის ოთხთავი, ეტრატზე ნუსხურით შესრულებული სახარების ხელნაწერი (სავარაუდოდ, XIII ს.). გადაწერილია გიორგი დვალის მიერ. შეიცავს 275 ფურცელს. სათაურები და მეთაური ასოები ნაწერია წითლურით, ტექსტი – შავი მელნით. ყდა ხისაა, რ-საც მიხაკისფერი ტყავი აქვს გადაკრული. მასზე ჩაჭრით გამოსახულია სახარების სცენები. ხელნაწერი შემკობილია ოთხი მახარებლის მინიატიურებით. იოანეს სახარების ბოლოს არის წმ. გიორგი მთაწმიდელის ანდერძი, რ-იც ასე იწყება: „ესე საცნაურ იყავნ ყოველთა, რამეთუ ესე წმინდაჲ ოთხთავი ჩუენ ახლად გვითარგმნია". დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის A ფონდში.