ლაბსყალდი, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში (ცხუმარის თემი), სვანეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ენგურის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1600 მ, მესტიიდან 24 კმ. 19 მცხ. (2014).
სოფლის მახლობლად მდებარეობს შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია. იგი ნაგებია ნატეხი ქვითკირისა და ქვიშის დუღაბზე. შესასვლელი დას. მხრიდანაა. აღმ. მხარეს აქვს ერთი სარკმელი. საკურთხეველი დარბაზის ძირითადი სივრცისგან გამოყოფილია სამმალიანი ნატეხი ქვით ნაგები კანკელით. ეკლესიას დას-ით ეკვრის ეკვდერი, რ-ზეც XIX ს. II ნახ-ში ხის მეორე სართული დაუშენებიათ. ნაგებობა შელესილია.