ლაგამი

ლაგამი, ცხენის აღკაზმულობის (აღვირის) ნაწილი, რომელიც დასამორჩილებლად პირში აქვს ამოდებული ცხენს. უძველეს ხანაში ამ მიზნით ტყავის თასმას ან თოკს იყენებდნენ. ბრინჯაოს ლ. გავრცელდა ძვ. წ. II ათასწლ. ბოლოდან. ეს იყო ბრინჯაოს მთლიანი, შემდეგ კი ორნაწილიანი ღერო, რ-საც ბოლოებზე სხვადასხვა ფორმის ფირფიტები ან ღეროები, ე. წ. საყბეურები ჰქონდა წამოცმული. საყბეურებით ლ. ცხენის პირში მაგრდებოდა და აღვირს უკავშირდებოდა. ძვ. წ. VII– VI სს-იდან რკინის ლ-იც გაჩნდა. გვიანდ. ანტ. ხანიდან დღემდე ლ-ს არსებითი ცვლილება არ განუცდია.

საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ლ. ძვ. წ. XIII ს. განეკუთვნება. ესაა ბრინჯაოს ორნაწილიანი ღერო, რ-საც ბრინჯაოს ჭვირული დისკოს ფორმის ან საქონლის რქის საყბეურები აქვს. ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ-ში აკეთებდნენ ლითონის ღეროვან, ორნახვრეტიან საყბეურებს. ძვ. წ. VII–V სს-ში გავრცელდა ბრინჯაოს ორნაწილიანი ლ., რ-ის თითოეული ნაწილი საყბეურთან ერთად იყო ჩამოსხმული; ძვ. წ. V ს. ბოლოს შეიქმნა ე. წ. ახალგორული ტიპის ლ., რ-ის საყბეურები, ლ-ის ღეროვანი ნაწილები და მათზე წამოსაცმელი რგოლები ცალ-ცალკე იყო დამზადებული. ამ ტიპის ზოგიერთი ლ. რკინისაა. შუა საუკუნეების ლ. ორნაწილიანი ღეროა, რ-ის ბოლოებზე რგოლებია წამოცმული. საქართვ. თანამედროვე ეთნოგრ. ყოფაში გვხვდება ორგვარი ლ. – ჩვეულებრივ სატარებელი და სახორხე, რ-საც ცხენის გახედვნისას იყენებენ.

ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2011.

ი. გაგოშიძე