ლექსწყობა, ვერსიფიკაცია (ლათ. versus – ლექსი და facio – ვქმნი), პოეტური მეტყველების ბგერითი ერთეულების კანონზომიერი თანამიმდევრობითი მოწესრიგებული სისტემა. ამ სისტემის შემსწავლელ პოეტიკის დარგს მეტრიკა ეწოდება. ქართ. ლექსის მეცნ. კვლევის უმთავრეს საკითხად დღემდე რჩება ეროვნ. ვერსიფიკაციის (ლექსწყობის) ბუნების დადგენა – სილაბურია ქართ. ლექსი, თუ სილაბურ-ტონური.
ადრინდელ მკვლევართა შეხედულება იმის შესახებ, თუ ლ-ის რომელ სისტემას მიეკუთვნება ქართ. ლექსი, ნათელი ხდებოდა ლექსის რიტმზე, მეტრზე, პროსოდიაზე მსჯელობისას; XIX ს. ბოლო ათწლეულიდან ერთმანეთს დაუპირისპირდა ქართული ლექსის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები.
პირველი ქართ. პოეტიკური ტრაქტატის – „ჭაშნიკის“ (1731) – ავტორი მ. ბარათაშვილი ქართ. ლექსის სილაბურობის თეორიის ფუძემდებელია. იგი თვლის, რომ ქართ. კლასიკური ლექსის სტრუქტურის დასადგენად საჭიროა განისაზღვროს ლექსის სტრიქონის აგებულება, რადგან მარცვალთა თანაფარდობაზე დამყარებულ ლ-ში სტრიქონი ლექსის განმსაზღვრელი ერთეულია. სტრიქონის უმცირეს რიტმულ მონაკვეთად მ. ბარათაშვილი „მუხლს“ მიიჩნევს, მუხლის სიდიდე კი მარცვალთა რაოდენობით არის განსაზღვრული.
ქართ. ლ-ის მკვლევრის, ა. სილაგაძის აზრით, „სწორი სეგმენტაციის პრობლემის გადასაწყვეტად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართ. ლექსის ტაეპის მართებულ ანალიზს, 3-, 4-, 5- მარცვლედებად მუხლების სეგმენტაციას, რასაც მყარი საფუძველი ჩაუყარა მ. ბარათაშვილის „ჭაშნიკმა“.
სილაბურობის პრინციპზეა დაფუძნებული მ. ბარათაშვილისეული ანალიზი შაირის, გრძელშაირისა და სხვა სალექსო ფორმებისა.
ტერმინები: „მუხლი“, „ტაეპი“ მ. ბარათაშვილის „ჭაშნიკში“ ეფრემ მცირის, ს.-ს. ორბელიანის („მუხლად ითქმის ტაეპი“) გავლენით უნდა გაჩენილიყო. „ტაეპი“ და „მუხლედი“, როგორც ტაეპის ქართული შესატყვისი, კარგად იყო ცნობილი ეფრემ მცირის კომენტარებით: „ტაეპი იგი მუHლედად გამოითარგმნების“. არსებობდა აგრეთვე მოსაზრება, რომ ტერმინი „მუხლი“ მ. ბარათაშვილის „ჭაშნიკში“ დ. კანტემირის რუსულენოვანი სახელმძღვანელოდან (სიტყვა „нога“) უნდა გაჩენილიყო.
ქართ. ლ-ის სილაბურობის თეორიის განვითარების ქრონოლოგიური ქარგა, მ. ბარათაშვილის შემდეგ, ამგვარად წარმოგვიდგება: იოანე ბატონიშვილი, ანონიმი ავტორი, დავით რექტორი, თეიმურაზ ბაგრატიონი, მარი ბროსე, პ. იოსელიანი, დ. ჩუბინაშვილი,
ი. მეუნარგია, ლ. ისარლიშვილი,
გ. ყიფშიძე, მ. ჯანაშვილი, ს. ხუნდაძე, ჰ. ფოგტი, ა. ფეოდოროვი, პ. ინგოროყვა, გ. გაჩეჩილაძე, ტ. გუდავა, მ. გასპაროვი, გ. წერეთელი, ა. ხინთიბიძე, ქ. ვივიანი.
ქართ. ლ-ის სილაბურტონურობის თეორია ე. ბოლხოვიტინოვის წიგნაკიდან „Историческое изображение Грузии в политическом, церковном и учебном ея состаянии“ (1802) იწყება, თუმცა ევგენი მიტროპოლიტმა არც ქართ. ენა და ლექსი იცოდა და ვერც ლექსწყობის სისტემებში ერკვეოდა. მიუხედავად ამისა მის თვალსაზრისს დღემდე უკრიტიკოდ იმეორებს ზოგიერთი ქართვ. თუ უცხოელი მკვლევარი.
ქართ. ლექსს სილაბურ-ტონურად მიიჩნევენ ნ. გულაკი, ლ. არდაზიანი, კ. დოდაშვილი, მ. კელენჯერიძე, ი. ყიფშიძე, ს. გორგაძე, ა. გაწერელია, პ. ბერაძე, რ. ბერიძე და სხვ.
ქართ. ლექსის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიათა დამცველებს შორის განსაკუთრებით გამწვავდა დაპირისპირება XX ს. 70-იანი წლებიდან, როდესაც გამოქვეყნდა გ. წერეთლის «მეტრი და რითმა „ვეფხისტყაოსანში“» (1973). ამ ნაშრომმა კატეგორიულად უკუაგდო ქართ. ლექსის ტერფოვანების თეორია და უარყო მახვილის როლი ქართ. ლექსის სეგმენტებისა (მუხლების) და რითმის შექმნაში. გ. წერეთელი „ვეფხისტყაოსნის“ ლ-ს „სილაბურ რეგულირებულ ლექსს“ უწოდებს. გ. წერეთლის ეს თვალსაზრისი გააკრიტიკა ა. გაწერელიამ ნაშრომში «„ვეფხისტყაოსნის“ პოეტიკის ზოგიერთი საკითხი» (1974). ავტორი იცავს მოსაზრებას ქართ. ლექსის სილაბურტონურობის თაობაზე.
თანამედროვე ქართვ. ენათმეცნიერები აცხადებენ, რომ ქართ. ლექსი განსხვავდება როგორც სილაბურ-ტონური (რუსული, ინგლისური), ასევე სილაბური (ფრანგული) ლექსისაგან, რ-ებშიც სარითმო მონაკვეთი (კლაუზულა) მახვილიანი ხმოვნით არის შემოსაზღვრული.
აღსანიშნავია ა. სილაგაძის აზრი ამ საკითხზე. მას მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი ქართ. ლ-ის სისტემა ოთხი ცნობილი სისტემიდან რომელიმეს ეკუთვნოდეს: „ქართული ლექსი, შეიძლება, არც სილაბური იყოს, არც სილაბურ-აქცენტური (აგრეთვე, არც მეტრული, ან ტონური!), იგი შეიძლება ორიგინალური ბუნებისა იყოს.
ქართ. ლექსის სილაბურობას XX ს. 70-იანი წლების II ნახ-იდან დაბეჯითებით იცავდა ა. ხინთიბიძე, რ-იც არგუმენტირებულად ასაბუთებდა, რომ ქართ. ლექსი არ არის სილაბურ-ტონური. მისი აზრით, სილაბურობა ქართული ლექსის საყრდენია და ტრადიციული, ეროვნული ვერსიფიკაცია, თანამედროვე ლექსთან ერთად, ამ პრინციპს იცავს.
ლიტ.: ბეზარაშვილი ქ. ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით: ეფრემ მცირე, თბ., 2011; გაწერელია ა., ქართული ლექსწყობა. ლიტერატურის თეორიის საფუძვლები, თბ., 1995; კობაიძე მ., რითმა და მახვილი ქართულ დიალექტებში (შენიშვნები ქართული ლექსწყობის ბუნების შესახებ), „წახნაგი“, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული, 2010, №2; სილაგაძე ა., ქართული ლექსის კვალიფიკაციის საკითხი. ლექსმცოდნეობა. I, თბ., 2008; მისივე, მეგრული ლექსი, თბ., 2012; მისივე, „ვეფხისტყაოსნის“ ლექსი და მისი ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, თბ., 2013; ხინთიბიძე ა., ქართული ლექსის ისტორია და თეორია, თბ., 2009.
თ. ბარბაქაძე