ლექციონარი

ლექციონარი, ქრისტიანულ სამრევლო და სამონასტრო ღვთისმსახურებაში სხვადასხვა დღესასწაულისა და დღისათვის დაწესებული საეკლესიო საკითხავების კრებული, რ-იც შეიცავს ბიბლიური წიგნებიდან ამოკრებილ ადგილებს. ლ-ის შედგენის სხვადასხვა სისტემა და ტრადიცია არსებობდა: საბაწმინდის, იერუსალიმის, ბერძნ., ანუ კონსტანტინოპოლის და სხვ. ქართ. ლ-ებში, რ-თა უძველესი რედაქციების ფრაგმენტები შემონახულია ხანმეტ და ჰაემეტ პალიმფსესტებში (V–VIII სს.), კრებულის შედგენის სხვადასხვა ტრადიციაა ასახული. ლ-ის ნიმუშია გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი „საწინასწარმეტყველოც“, რ-იც შეიცავს საკითხავებს ძველი აღთქმიდან.

ლ-ის ის რედაქცია, რ-იც „ქართული ლექციონარის“, ანუ „იერუსალიმის კანონის“ სახელწოდებით არის ცნობილი, ბერძნულიდან თარგმნილი ძეგლია და ასახავს ღვთისმსახურების იერუსალიმურ წესს V–VIII სს. განმავლობაში. მისი უძველესი ვერსიის თარგმნა V ს-ში ივარაუდება. „ქართული ლექციონარი“ უმნიშვნელოვანესია იმ მცირერიცხოვან ძეგლთა შორის (მაგ., „სომხური ლექციონარი“, V– VI სს.), რ-თა მიხედვითაც მსჯელობენ ადრეულ ბერძნ. (იერუსალიმურ) და, საერთოდ, აღმ. ქრისტ. ღვთისმსახურებაზე, რადგან ძეგლის ბერძნ. პირველწყარო დაკარგულია. ძეგლს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართ. ენის, ბიბლიის ქართ. თარგმანებისა და ადრეული სას. პოეზიის ისტორიისათვის, ამასთანავე იგი მნიშვნელოვანი პირველწყაროა ქართ. ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის. „ქართული ლექციონარი“ (ძირითადი ხელნაწერი თარიღდება X–XI სს.) გამოიყენებოდა ქართ. ღვთისმსახურებაში X ს. დასასრულამდე, ვიდრე ქართ. ეკლესია კონსტანტინოპოლის ტრადიციებზე გადავიდოდა. ძეგლის დანიშნულება სცილდება ლ-ის ფარგლებს, ის, უპირველეს ყოვლისა, ტიპიკონია „კანონად“ სახელდებული; საკითხავების გარდა შეიცავს უძველეს საეკლ. საგალობლებს, განმარტებებს ღვთისმსახურების წესისა და რიგის შესახებ და, რაც მთავარია, საწელიწდო კალენდარს. ადრეული ქართ. ლიტურგიკული კრებულები (მრავალთავი, იადგარი, კონდაკი და სხვ.) მთლიანად „ქართული ლექციონარის“ პრინციპებზეა აგებული. ძეგლი თარგმნილია რუს. (1912), ბერძნ. (1914), ლათ. (1959) და სხვ. ენებზე.

გამოც.: ხანმეტი ლექციონარი. ფოტოტიპური რეპროდუქცია, გამოსცა და სიმფონია დაურთო ა. შანიძემ, თბ., 1944; ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი. გამოსაცემად მოამზადეს კ. დანელიამ, სტ. ჩხენკელმა და ბ. შავიშვილმა, თბ., 1987; Кекелидзе К., Иерусалимский канонарь VII века (Грузинская версия), Тфл., 1912; Tarchnishvili M., Le grand Lectionoinnive de l˒eglise de Jerusalem (Ve–VIIIe siècle), v. 1–2, Louvain, 1959–60.

ლიტ.: კეკელიძე ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; შანიძე ა., ჰაემეტი ტექსტები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ისტორიისათვის,  „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, 1923, ტ. 3.

ლ. ხევსურიანი