ლეღვთახევი, დაბახანა, დაბაღხანა, ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული უბანი. მდებარეობდა ძვ. ქალაქის სამხრ. ნაწილში, ახლანდ. კრწანისის რ-ნის ტერიტორიაზე (მოიცავდა ბოტანიკური ბაღის მიდამოებს).
სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო. წყაროებში პირველად მოიხსენიება 1429. ლ. გამოყოფდა თბილ. უძველეს უბან კალას საკუთრივ ქალაქისაგან (ახლანდ. აბანოების უბანი). გვიანდ. ფეოდ. ხანის წყაროებში გვხვდება აგრეთვე ლ-ის სხვა სახელწოდებები: წავკისისხევი და დაბახანა (ლ-ში გამომდინარე გოგირდის წყალში ტყავს ამუშავებდნენ მეტყავე-დაბაღები; აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც – დაბახანა).
XIX ს-ში ლ-ში ბოტანიკური ბაღი გაშენდა. 2012 განხორციელდა ლ-ის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
ლიტ.: თბილისის ისტორია, I, თბ., 1990.
თ. ბერაძე