ლეღვი

ლეღვი

ლეღვი (Ficus carica), სუბტროპიკული ფოთოლმცვენი მცენარე თუთისებრთა ოჯახის ფიკუსის გვარისა. ლ. იზრდება ხედ ან ბუჩქ-მცენარედ. მეჩხერად დატოტვილი ხის სიმაღლე 4–12 მ აღწევს. ნორჩი ყლორტები მომწვანო-მონაცრისფროა, შებუსული ან შიშველი, შეიცავს რძეწვენს. ლ. ერთ- ან ორსახლიანი მცენარეა. ერთსქესიანი ყვავილები მოთავსებულია გამსხვილებული ყვავილსაჯდომის ღრუში. ყვავილ-საჯდომის კედლები გამოფენილია მრავალი წვრილი ბუტკოიანი (მდედრობითი) ყვავილით, მტვრიანიანი (მამრობითი) ყვავილები კი მის ზედა ნაწილშია მოქცეული. ყვავილები იმტვერება კრაზანის – ბლასტოფაგას მეშვეობით. ნამდვილი ნაყოფი პაწაწინა კაკლუჭაა, ნაყოფედი (ცრუ ნაყოფი), რ-საც საკვებად იყენებენ, ზოგჯერ პართენოკარპულად (გაუნაყოფიერებლად) ვითარდება. ლ. კარგად ეგუება მშრალ, ქვაღორღიან, კირნარ ადგილებს, ხარობს ხრიოკზე, ჩამონაზვავზე, ზოგჯერ შენობის ნანგრევებსა და კლდეებზეც კი. ღრმა ნიადაგზე და ზომიერად ტენიან პირობებში საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს, დაბალი ტემპერატურის მიმართ კი უფრო მგრძნობიარეა და –12 – 14°C-ზე უკვე ნაწილობრივ ზიანდება. ცოცხლობს 100–200 წელს. ლ-ს ამრავლებენ თესლით, კალმით, გადაწვენითა და ფესვის ამონაყრით.

ლ. ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდ.- დას. ინდოეთში. კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით თურქეთში, ალჟირსა და აშშ-ში; ველურად იზრდება კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში.

საქართველოში გვხვდება ყველგან, მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე; ხშირად გაველურებულია. ლ. კულტივირებულია კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში. ლ-ის კულტ. ნარგავები გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებში ერთეული ან ჯგუფური სახით.

ლ. ჯიშების მრავალფეროვნებით გამოირჩევა (400-მდე სახეობა). უცხოური ჯიშებიდან სამრეწვ. მნიშვნელობა აქვს თათრულ ლ-ს, ჩაფლას, შაქარას, ჩიტას, დიდს, ოქროს, ღვინას, ტაბაკას, შავს, თეთრს და სხვ. არსებობს ლ-ის ორმოსავლიანი და ერთმოსავლიანი ჯიშები. ორმოსავლიანი ჯიშების პირველი მოსავალი მწიფდება ივლისში, მეორე (ძირითადი) – აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრამდე (ჯიშების მიხედვით). ლ-ის ნაყოფი ნაზია, დიდხანს არ ინახება. ჯიშისა და სიმწიფის კვალობაზე იგი შეიცავს (%-ობით): 12–23 შაქარს, 0,5–4,2 პექტინოვან ნივთიერებებს, 3,4–7,4 უჯრედისს, ორგ. მჟავებს, მდიდარია C, B1, B2 ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით. ლ-ს იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (ჩირი, მურაბა, ჯემი, კომპოტი), ასევე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ (გულსისხლძარღვთა დაავადებები, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სისხლნაკლებობა, ძვლოვანი ქსოვილის გამაგრება და სხვ). ლ-ის მავნებლებია: ფქვილისებრი ცრუფარიანა, ლ-ის ფარიანა, ფსილა, ალურა, ცილაჭამია და სხვ.

ვ. სხიერელი

ნ. გოცირიძე