ლეშურა, ბრიონია (Bryonia), ორლებნიან მცენარეთა გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. აქვს გორგლისებურად გამსხვილებული ფესვი და მცოცავი ღერო, მომწვანო-მოყვითალო წვრილი ყვავილები და კენკრა ნაყოფი. 15-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში ორი სახეობაა, თეთრი ლ. (B. alba) და ორსახლიანი ლ. (B. dioica); ორივე სახეობა შხამიანია. ფესვი შეიცავს გლიკოზიდებს – ბრიონინსა და ბრიონიდინს. ხმარობდნენ ხალხ. მედიცინაში. შეიცავს საღებარ ნივთიერებებსაც. დეკორატიულია.