ლეჩხუმი

ლეჩხუმი

ლეჩხუმი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე დასავლეთ საქართველოში. მოიცავს ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებს. აღმ-ით რაჭისაგან ყოფს მდ. ასკისწყალი, მდ. რიონის მარცხ. ნაპირზე კი – თავშავის ქედის სამხრ. კალთები; დას-ით სამეგრელოსაგან – ასხის მთის მასივი; ჩრდ-ით სვანეთისაგან – ლეჩხუმის ქედი; სამხრ-ით ქვემო იმერეთისაგან – მდ. ლიხიდარის მარცხ. ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი.

ისტ. ლ-ის ადრინდელი სახელწოდებაა „თაკვერი“. ვახუშტი წერს: „ხოლო გორდიდამ ვიდრე კავკასამდე არსჴეობა ლეჩხუმისა, რომელსა უწოდებენ თაკვერად“. ლ. დღეს ძირითადად ცაგერის მუნიციპალიტეტშია მოქცეული, თუმცა ისტ. ლ-ის ფარგლები გაცილებით ვრცელი იყო და მოიცავდა მოსაზღვრე ქვემო იმერეთისა (ხონისა და წყალტუბოს მუნიციპ.) და ქვემო რაჭის სოფლებსაც. ლ-ის სოფლები, მსგავსად ზემო იმერეთისა და რაჭისა, მთის კალთებსა და გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი. ლ-ის საერთო ფართობი 2160 კმ 2-ზე მეტია. ისტ.-გეოგრ. ლიტერატურაში ლ-ს ორ ნაწილად ყოფენ: ზემო ლ. და ქვემო ლ., ანუ კლდედაღმართი. 1886 მონაცემებით, ლ-ში 63 სოფელი იყო, თითოეულში კი საშუალოდ 68 კომლი ცხოვრობდა, რაც მთისწინეთისათვის დამახასიათებელი მაჩვენებელია. ას კომლზე მეტი ცხოვრობდა 12 სოფელში: საირმეში, დღნორისაში, ლაილაშში, აღვში, ღვირიშში, ზუბში, ლუხვანოში, ცაგერ-გვესოში, წიფერჩში, ოყურეშში, ორბელში, ჩხუტელში. 1886-იდან 1904-მდე ლ-ის მოსახლეობამ შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად 35%-ით დაიკლო. 1908 ლ-ში 34 754 კაცი ცხოვრობდა.

ლ. XVII ს. 80-იან წლებამდე იმერეთის სამეფოში შედიოდა და მხოლოდ შემდეგ დაემორჩილა სამეგრელოს მთავარს. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ტერმინ „თაკუერის მთლიანად ლეჩხუმით შეცვლა XIII–XIV ს-ში მოხდა“ (თ. ბერაძე), თუმცა ლ-ის ძველი სახელწოდება „თაკუერი“ ბოლო დრომდე არსებობდა. პროკოფი კესარიელი (VI ს.) „თაკვერს“ „სკვიმნიას“ სახელით მოიხსენიებს. თამარ მეფის დროს რაჭასა და ლ-ს (თაკვერს) ერთი ერისთავი ჰყავდა. თამარის მეფედ კურთხევას (1184) ესწრებოდა „კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა“.

ბუნებრივი და კლიმ. პირობები ხელს უწყობდა ლ-ში ბარის ტიპის მეურნეობის განვითარებას. ლ. ძლიერი რელიეფურობით ხასიათდება. სოფლები მდებარეობს ზ. დ. 400-იდან 1200 მ-მდე. აქ განვითარებული იყო მევენახეობა-მეღვინეობა, მემინდვრეობა და მესაქონლეობა. XVII ს-ში ლეჩხუმელი გლეხები გადასახადს ნატურით (ღომი, ხორბალი, ცერცვი, ძროხა, ცხვარი, ტახი, ბატი, ქათამი, თევზი, სანთელი) იხდიდნენ.

ლ-ში მარცვლეულიდან მოჰყავდათ იფქლი, ზანდური, მახა. ზანდური და მახა ლ-ისა და რაჭის ენდემებია. მათ სპეც. საკრეფი იარაღით – შნაკვით აგროვებდნენ. ეთნოლოგთა მიერ გარკვეულია, რომ მახისა და ზანდურის – ამ ძნელად მოსაყვან და შრომატევად სამუშაოებთან დაკავშირებული კულტურების – ბოლო დრომდე შემორჩენა უმთავრესად განპირობებული იყო მათი სამეურნეო დანიშნულებითა და საუკეთესო თვისებებით. მარცვლეულის ღეროებისგან ხურავდნენ სახლებსა და ამზადებდნენ ჭილობებს. მოსახლეობა ახალ მოსავალს მახის პურით მოილოცავდა, ხოლო სარიტუალო შეჭამანდს – კორკოტს – ზანდურის მარცვლისაგან ხარშავდა.

მემინდვრეობასთან დაკავშირებული იყო ურთიერთდახმარების ფორმები – ქვრივ-ობლებისა და უხარო ოჯახის დახმარება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რ-საც ნადს უწოდებდნენ.

ლ-ში მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგია მეხილეობა. ლეჩხუმელები თითქმის ყველა სოფელში მისდევდნენ მევენახეობა-მეღვინეობას. ეთნოლოგთა მიერ გამოვლენილია 98 დასახელების ვაზის ჯიში. დასტურდება ისიც, რომ ზოგიერთ ჯიშს რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ; აქ 70-მდე ჯიში მაინც გამოიყოფა. XIX ს-ში ვენახის საერთო ფართობი 2300 ჰა-ს აღწევდა. სარებმისმულ, დაბალ ვენახს („მამულს“) „ჩხიროდი“, ხოლო მაღლა ხეებზე აშვებულს, ანუ მაღლარს „ხემამული“ ეწოდებოდა. ლ-ში ვაზის ტალავრად გაშვების წესიც ყოფილა გავრცელებული. ჩხიროდის ვაზის ჯიშებს მიეკუთვნებოდა თითმოსულა, აფხაზური, ყუნწმაგარი, ქედურა, ხიხვი, უსახელოური, ცხვედიანი; ხემამულისას – ფორთუკა, ნაგუთნოური და სხვ. ზოგიერთი ჯიში კი დაბლარშიც და მაღლარშიც ჰქონდათ გაშვებული, მაგ., კაბისტონი, ციცქა, წითილოური და სხვ. XX ს. II ნახ-ში ყველაზე მეტად ცოლიკაურის ჯიშის ვაზი იყო გავრცელებული. მას მოსდევდა ოჯალეში, უსახელოური, ცხვედიანის თეთრა, ალექსანდროული და სხვ. იმავე პერიოდში ერთგვაროვანი ჯიშის ვაზით წარმოდგენილი ვენახი არავის ჰქონდა. თითოეულ ვენახში ათი და მეტი ჯიშის ვაზი იყო გაშენებული. ლ. ბუნებრივად ტკბილი და ნახევრადტკბილი ღვინოების ქვესარტყლადაა მიჩნეული, სადაც განსაკუთრებით გამოყოფენ უსახელოურს. ლ-ში იცოდნენ მოკრეფილი ყურძნის რამდენიმე დღე ხორგოში (საწნახელი) გაჩერება. ღვინოს სხვადასხვა წესით აყენებდნენ – „შუმ ღვინოს“ უჭაჭოდ (მზადდებოდა სტუმრისათვის განკუთვნილი მოტკბო ღვინო), „შუა ღვინოს“ კი ჭაჭაზე აყენებდნენ და მას ყოველდღიურად მოიხმარდნენ.

განვითარებული იყო მესაქონლეობა. ლ-ში ორნაირ ყველს ამზადებდნენ – გადაუზელელს „წეველა ყველს“ უწოდებდნენ, გადაზელილს – „გვაჯილას“. მცირე მასშტაბით მისდევდნენ მეცხვარეობას. ცხვრის ნაპარსით შალეულსა და შერეულ ქსოვილს ამზადებდნენ, რ-ისგანაც ჩოხას, ყაბალახს კერავდნენ და პაჭიჭებს ქსოვდნენ. საოჯახო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ლ-ში აგრეთვე მოჰყავდათ კანაფი, სელი და ბამბა. მეაბრეშუმეობა ნაკლებად იყო განვითარებული, რადგან ადგილობრივთა რწმენით „აბრეშუმის ჭიის მოყვანა ხატების განაწყენებას იწვევდა“.

ეთნოგრ. მასალებით დადგენილია, რომ ძველად ლ-ში „რგვალ სახლებს“ აშენებდნენ, რ-საც მრავალკუთხედის ფორმის საძირკველზე აგებდნენ. სახლს სახურავი წვეტიანი და დაქანებული ჰქონდა. XX ს. 30-იან წლებში ასეთი ფორმის მხოლოდ საბძლებიღა (ჩაჯანგვლური) იყო შემორჩენილი. ზოგჯერ საშენ მასალად ვაზსაც იყენებდნენ.

ლ-ის რამდენიმე სოფელში (საირმე, ქულბაქი, ზოგიში, ოფიტარა) და ცაგერშიც ამზადებენ თიხის ჭურჭელს – კერამიკას. ლ-ში ძირითადად გავრცელებული იყო მექვევრეობა და მეჭურჭლეობა. მეთუნეებს ლ-ში „მიწის მოხელეებს“ უწოდებდნენ. თიხამიწას ქუსლით ზელდნენ, რასაც „დაქუსლვას“ უწოდებდნენ. მეცნიერთა აზრით, თავისი წესებით საირმული ქვევრ-ჭურების დამზადება კახურს უახლოვდება. ლეჩხუმური ჭური იმერულისაგან განსხვავდებოდა. იმერულ ჭურს კვერცხის, ლეჩხუმურს კი გულის ფორმა აქვს – წელს ზემოთ განიერია, წელს ქვემოთ – დავიწროებული, კონუსისებური დაბოლოებით.

სოფ. ალპანასთან, პეტეკარის ციხის სიახლოვეს, გაშლილი ტერასებია. აქ მკვლევრებმა აღმოაჩინეს ათი ჩამარხული ქვევრი. საყურადღებოა, რომ მათ შორის არის ორმაგკედლიანიც (თითქოს ერთმანეთშია ჩასმული). ანალოგიური ტიპის ქვევრები ლ-ის სხვა ციხეებშიც გვხვდება.

ლ-ში ორი სახის მარანი არსებობდა – ღია და დახურული. ეთნოგრაფიულად ხელმისაწვდომი პერიოდისათვის უფრო მეტად დახურული მარნები დასტურდება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად უფრო ღია მარნები ჭარბობდა.

ქვის დამუშავების ცენტრები იყო საირმეში, ნაკურალესა და ოყურეშში. XIX ს-ში ქვითხუროები ძირითადად ამზადებდნენ ბუხრებს, საფლავისა და წისქვილის ქვებს, ქვის სვეტებს ჭიშკრისათვის, ჭაჭის საწბერს/საქაჩავს და საცეხველებს. გამორჩეული იყო ლეჩხუმური წყარო-ნაგებობანი. ლეჩხუმელები ციხე-კოშკებსაც აშენებდნენ (მურის ციხე, ორბელის ციხე, გვესო, ლეშკაში, ზუბი, დეხვირი, უწვაში, ზოგიში, ლუხვანო, უსახელო, ნაქალაქარი, კლდეშავა და სხვ.). ზოგიერთი ციხე-კოშკი (მაგ., ორბელი) სვანური ტიპისაა. ვახუშტი წერდა: „ლეჩხუმში არ არის მოსახლე, რომელსა არ ედგას კოშკი ქვითკირისა და შენობანი ყოველნივე ქვითკირისანი“. XX ს-ში ლ-ის ყველა საცხოვრებელი ნაგებობა ხის იყო. ძველებური ქვითკირის ერთი სახლი მხოლოდ სოფ. ლაჯანაში იყო შემორჩენილი. ლ-ში თავისებური, ე. წ. გვიმიანი წისქვილები ედგათ (იხ. გვიმი).

ლ-ში მრავალი ციხე (ზუბის, ისუნდერის, ორბელის ციხეები; მურის ციხე კეტავდა ლაჯანურის ხეობიდან ცხენისწყლის ხეობაში გადასასვლელს და აკონტროლებდა ქვემო სვანეთისაკენ მიმავალ გზას) და კოშკია შემორჩენილი. ადრეული ხანის ძეგლთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა გვესოს კომპლექსი (IX–X სს), სადაც შემორჩენილია ოთხკუთხა კოშკი და ტაძრის ნანგრევები.

აღსანიშნავია ხვამლის მთა, სადაც იდგა წმ. გიორგის ეკლესია. ვახუშტი წერს: ხვამლის კლდეში „არს ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები“. ხვამლის ეკლესიას გლეხები ჰყავდა ლ-ის სხვადასხვა სოფელში (ტვიში, უსახელო, ჩხუტელი, ცხუკუშერი, ზუბი, ოყურეში და სხვ.). 20 ივლისს იმართებოდა „ხვამლობა“. ლოცულობდნენ მოსავლისათვის, ევედრებოდნენ გვალვისა და სეტყვისაგან მფარველობას.

ეთნოგრ. თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაკურალეშის ეკლესიის კედლის მხატვრობა (XVII ს.), სადაც ერთ-ერთი საერო პირი აზნაური ჩიქოვანი ჩოხა-ახალუხითაა შემოსილი და გვიანდელის მსგავსად მისი ჩოხაც წინ მთლიანადაა ჩახსნილი.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ., ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ასათიანი ვ., ლეჩხუმი, თბ., 2019; ბერაძე თ., რაჭა, თბ., 1983; ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983; ბრეგაძე ნ., მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში (მემინდვრეობა რაჭა-ლეჩხუმის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით), თბ., 1969; გარდაფხაძე-ქიქოძე ფ., ქართული ხალხური დღეობები (რაჭა-ლეჩხუმი), თბ., 1995; თოფჩიშვილი რ., საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, თბ., 2017; ლეჩხუმის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1985; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისათვის, წგ. 1, 1977; ჩიტაია გ., ლეჩხუმის ექსპედიციის მოკლე ანგარიში. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, 1944, ტ. XX-B; ჭანჭალეიშვილი ლ., საახალწლო დღესასწაული ლეჩხუმში, ეთნოგრაფიული გამოკვლევები, თბ., 1989.

რ. თოფჩიშვილი