ლეხზირი, ხეობის ტიპის მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდ. ენგურის აუზში. XX ს. 50-იან წლებში მყინვარის სიგრძე შეადგენდა 11,5 კმ, ფართობი – 33,4 კმ 2, მყინვარის ენა კი ეშვებოდა ზ. დ. 1950 მ-ზე. გლობალური დათბობის შედეგად მყინვარმა უკან დაიხია, შეიცვალა მისი ფორმები და მონაცემები. ამჟამად მყინვარის სიგრძეა 14,54 კმ, ფართობი 23,26 კმ 2, მყინვარის ენა მთავრდება ზ. დ. 2320 მ-ზე. ლ-ზე განვითარებულია ძაბრები, მაგიდები, სოკოები და სხვ. საზრდოობს მწვერვალების: ბაშილის, სვეტღარის, მარიანაჟის, ლაცხის, ჯანთუგანის, ულუყარის, დალაყორის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით.
მყინვარიდან გამოდის მდ. მულხრის მარჯვ. შენაკადი მესტიაჭალა.