ლია

ლია, (Limosa), ფრინველითა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes) ჩიბუხასებრთა ოჯახიდან (Scolopacidae). წარმოადგენს საკმაოდ დიდი ზომის გრძელნისკარტა და გრძელფეხა ფრინველებს. საქართველოში გვხვდება ორი სახეობა – დიდი ლ. (L. limosa) და მცირე ლ. (L. lapponica). დიდი ლ-ს სხეულის სიგრძეა 36–44 სმ, ფრთაშლა – 70–82 სმ, მასა – 160–500 გ. მცირე ლ-ს სხეულის სიგრძეა 37–41 სმ, ფრთაშლა 70–82 სმ, მასა – 230–360 გ. მამრი მდედრზე პატარაა. სახეობები თითქმის ერთნაირი ზომა-წონისაა, მაგრამ მცირე ლ-ს ფეხები და ნისკარტი უფრო მოკლე აქვს. გამრავლების პერიოდში დიდი ლ-ს მამრს კისერი შეფერილი აქვს ქარციდან ჟანგისფრამდე, ზურგი კი მოხატულია შავი და ღია ყავისფერი კოპლებითა და ზოლებით, მკერდიდან მუცლისკენ სიქარცე ქრება და თეთრში იშვიათ განივ ზოლებად გადადის. მცირე ლ-ს მამრს გამრავლების პერიოდში კისერი, მკერდი და მუცელი მკვეთრი მოწითალო-ჟანგისფერი აქვს, ზურგის მხარეზე ყავისფერი, შავი და თეთრი ლაქები და ზოლები გასდევს. ორივე სახეობის მდედრები შეფერილობით თავიანთ მამრებს გვანან, მაგრამ ელფერი უფრო მკრთალი აქვთ. ზამთრისკენ ჟანგისფერი შეფერილობა ქრება და ღია მოყავისფრო ან მოთეთრო ყავისფერი ხდება, ზედა მხარეს კი მონაცრისფრო ელფერი ედება. ლ. იკვებებიან კიბოსნაირებით, ჭიებით, მოლუსკებით, მწერებით, ობობებით, მიმოფრენისას – კენკროვნებით, მარცვლეულით. ორივე სახეობა 3–4 კვერცხს დებს, დიდი ლ. კრუხობს 22–24 დღე, მცირე ლ. კი – 20–21. დიდი ლ. ბუდობს როგორც ტუნდრაში (მხოლოდ ჩუკოტკაზე და ისლანდიაში), ისე უფრო სამხრ-ით – შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ჩრდ. სანაპიროებამდე, მცირე ლ. კი – ტუნდრაში, ევროპაში, აზიაში და ალიასკაზე. ზამთრობენ აფრიკაში, სამხრ. აზიაში, ავსტრალიაში; მცირე ლ. – ახალ ზელანდიაში. დაუჯდომლად გადაფრენის რეკორდი ეკუთვნის მცირე ლ-ს, რ-ის ერთ-ერთმა მამრმა 12200 კმ იფრინა. საქართველოში გვხვდებიან მიმოფრენისას გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ დროს დიდ ლ-ს ძირითადად ვხვდებით დას. საქართველოში, აღმ-ში – იშვიათად. ასევე იშვიათია მცირე ლ. დას. საქართველოში. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერებისა და მოლუსკების განადგურებით. სპორტული ნადირობის ობიექტია. დიდი ლ-ს რიცხოვნობა ადგილსამყოფლის დაკარგვის გამო კლებულობს, რის გამოც სავარაუდოდ, ის დაცვის ობიექტი გახდება.

ა. ბუხნიკაშვილი