ლიბანიოსი

ლიბანიოსი (314, ანტიოქია, – დაახლ. 393, სავარაუდოდ, იქვე), გვიანი ანტიკური ხანის ბერძენი ორატორი, რ-იც მოღვაწეობდა და ასწავლიდა კონსტანტინოპოლში, ნიკეასა და ნიკომედიაში. შემორჩენილია ლ-ის თხზულებები (საჯარო გამოსვლები, წერილები და ა.შ.) ორატორული ხელოვნების შესახებ. ქართ. აზროვნების კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია ლ-ის ცნობები იბერიელი უფლისწულისა და სარდლის – ბაკურის (IV ს.) შესახებ, რ-იც ფრიად განსწავლული ყოფილა ანტიკურ ფილოსოფიაში. ლ. ქება-დიდებით მოიხსენიებს ბაკურს და აღნიშნავს, რომ იგი ბრწყინავდა თავისი სხეულითა და გონებით. ლ-ს მოსწონდა ბაკურის ცხოვრების სტოიკური წესი, სიბრძნის სიყვარული, მისი სამართლიანობა, სიმამაცე და ზომიერება. ლ-ის თანახმად, ბაკურს გამოარჩევდა „ლოგოსების სიყვარული“, რის გამოც იგი ღმერთებსაც კი უყვარდათ. „დიდი ბაკური“ (ასე მოიხსენიება მრავალ ბერძნულ წყაროსა და დოკუმენტში) თავისი დროის უდავოდ დიდი მჭევრმეტყველი იყო. აღსანიშნავია, რომ იგი არა მარტო „ჭვრეტითი ცხოვრების წესის“, არამედ „აქტიური ცხოვრების წესის“ განსახიერებაც გახლდათ. ლ-ის ცნობების თანახმად, ბაკური თვითფლობის დიდოსტატიც იყო. მან საკუთარი ცხოვრება „ოქროს შუალედის“, ე. წ. „სამეუფო გზის“ მიხედვით მოაწყო და ამით ყველა ბრძენისა და ფილოსოფოსის ჭეშმარიტ მიზანსაც მიაღწია.

თხზ.: წერილები, წგ.: გეორგიკა, ა. გამყრელიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.

ლიტ.: ირემაძე თ., გვიანი ანტიკური ხანის ფილოსოფია საქართველოში, „საპატრიარქოს უწყებანი“, 2019, №8; ხიდაშელი შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV–XIII სს.), თბ., 1988.

თ. ირემაძე