ლითანიშვილი ოთარ ანტონის ძე (15. II. 1923, თბილისი, – 26. IX. 2003, იქვე), არქიტექტორი, მხატვარი. საქართვ. სახ. მხატვარი (1980), საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1968). დაამთავრა სპი-ის არქიტექტურის ფაკ-ტი (1949). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 1955–57 იყო სოხუმის მთ. არქიტექტორი; 1957-იდან – თბილისის მთ. მხატვარი; 1989-იდან ხელმძღვანელობდა თბილ. დიზაინისა და კეთილმოწყობის სამმართველოს; თბილ. მერი – 1992–93; საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1993–94); 1996 აირჩიეს თბილ. აღორძინების ფონდის პრეზიდენტად.
ლ. ავტორია არქიტ. პროექტებისა თბილისში, სოხუმში, გუდაუთაში და სხვ.; მოღვაწეობდა ქართ. თეატრის სცენოგრაფიაში. გაფორმებული აქვს 40-მდე დადგმა შოთა რუსთაველის, კ. მარჯანიშვილის, ა. გრიბოედოვისა და სხვ. თეატრების სცენებზე; იყო თბილ. 1500 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის მთ. მხატვარი (1958), პირველი ათი „თბილისობის“ დღესასწაულის სცენარისტი და მთ. მხატვარი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენი (1998), ღირსების ორდენი (1998). თბილისის საპატიო მოქალაქე (1983).
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.