ლითოგრაფია (ლათ. lithos – ქვა, graphō – ვწერ), 1. ბეჭდვის ხერხი, რ-ის დროს ანაბეჭდის მისაღებად საღებავი დაწნევით უშუალოდ გადააქვთ ბრტყელი (არარელიეფური) საბეჭდი ფორმიდან ქაღალდზე; 2. ლითოგრაფიული ხერხით შესრულებული ნაწარმოები; 3. საწარმო, რ-იც სპეციალიზებულია ამ ხერხით ბეჭდვაში. ლ. ბრტყელი ბეჭდვის პირველსახეა. ლ-ში საბეჭდ ფორმას წარმოადგენს ქვის (კირქვის) გლუვი (კალმის გრაფიკის აღწარმოებისათვის) ან მარცვლოვანი (ფანქრით ნახატის აღწარმოებისათვის) ზედაპირი, რ-ზეც გამოსახულება დააქვთ სქელი ტუშით (ფუნჯით ან კალმით) ან ლითოგრაფიული ფანქრით. ხშირად გამოსახულება ქვაზე გადააქვთ სპეც. ლითოგრაფიულ ქაღალდზე (კორნპაპირზე) შესრულებული ნახატიდან. ქვის ქიმ. დამუშავების, ფორმის ზედაპირზე წყლისა და საღებავის თანამიმდევრული დატანის შემდეგ ხდება ბეჭდვა.
ლ. ა. ზენეფელდერმა 1798 გამოიგონა გერმანიაში. მანვე 1806 მიუნხენში გახსნა პირველი ლითოგრ. სახელოსნო. მსგავსი სახელოსნოები 1816 გაიხსნა პარიზსა და პეტერბურგში, 1822 – ლონდონში. XIX ს-ში ლ. ფართოდ გავრცელდა სურათების, პლაკატების, ეტიკეტების, რუკებისა და სხვ. აღწარმოებისათვის. შემდეგში წარმოიშვა ლ-ის მოდიფიკაციები: ავტოლითოგრაფია, ქრომოლითოგრაფია და სხვ. XX ს. 20-იან წლებში ლ. განდევნა უფრო სრულყოფილმა ოფსეტურმა ბეჭდვამ და იგი იქცა დაზგურ ტექნიკად, რ-ის ძირითადი სახეობაა ავტოლითოგრაფია.
მხატვრული ლ-ის სპეციფ. ენა რომანტიზმის გავლენით XIX ს. 20-იან წლებში შეიქმნა საფრანგეთში. ლ-ს მიმართეს ესპ. ფ. გოიამ და ინგლ. რ. ბონინტონგმა, ფრანგებმა: თ. ჟერიკომ, ე. დელაკრუამ და სხვ.
ლ-ის ისტორიის ადრინდ. პერიოდში ყველაზე გავრცელებული ჟანრი იყო ზნეობის კარიკატურა, რ-იც საფრანგეთის ივლ. რევოლუციის (1830) შემდეგ პოლიტ. და სოც. კარიკატურამ შეცვალა. ო. დომიეს ვირტუოზულმა სერიებმა დიდი გავლენა იქონია ლ-ის შემდგომ განვითარებაზე. მრავალი ოსტატი ქმნიდა ჟანრულ კარიკატურებს. XIX ს. I ნახ-ში ლ-მ დიდი ადგილი დაიჭირა ლათ. ამერ. მხატვრების, განსაკუთრებით კოსტუმბრიზმის წარმომადგენელთა ხელოვნებაში. ამავე პერიოდში ლ-ის ტექნიკით დაინტერესდნენ მხატვრები: ა. ორლოვსკი, ო. კიპრენსკი, ა. ვენეციანოვი, კ. ბრიულოვი და სხვ. XIX ს. შუა წლებში გაჩნდა ჟანრული და სატირული ლ-ები. 40-იანი წლებიდან ჟურნალებში ქსილოგრაფიის გაბატონების გამო ლ-ის გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა. 60-იანი წლების დასასრულიდან საფრანგეთში დაიწყო ლ-ის ხელახალი აღმავლობა. ე. მანემ აღმოაჩინა მისი ახ. მხატვრული შესაძლებლობები. მას ხშირად მიმართავდნენ იმპრესიონისტები: ო. რენუარი, ე. დეგა, კ. პისარო. XIX ს. დასასრულს ლ-ში შესამჩნევი კვალი დატოვა სიმბოლიზმმა და „მოდერნის“ სტილმა. XIX–XX სს. მიჯნაზე ლ-ში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ფერადმა ესტამპმა, რ-საც ხშირად იყენებდნენ აფიშებში (ა. ტულუზ-ლოტრეკი, მ. დენი, პ. ბონარი, ე. ვიუიარი – საფრანგეთი). XX ს-ში ლ-ს მიმართავდნენ დიდი ოსტატები: ა. მატისი, პ. პიკასო, მ. შაგალი, დ. სიკეიროსი და სხვ.
საქართველოში ლ-ის ტექნიკაში მუშაობდნენ ე. ანდრონიკაშვილი, დ. გაბაშვილი, ზ. დეისაძე, ა. კაკაბაძე, გ. ღლონტი, უ. ჯაფარიძე და სხვ.