ლიკვიდაცია (ლათ. – liquidus) იურიდიული პირისა, იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტა უფლებამონაცვლეობის დადგენის გარეშე.
საქართვ. კანონმდებლობის მიხედვით, იურიდ. პირის უფლება-უნარიანობა წყდება მისი ლ-ის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან. ამ მომენტიდანვე წყდება იურიდ. პირის ვალდებულებები. იურიდ. პირის ლ-ის შესახებ მონაცემი აღინუსხება სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდ. პირების რეესტრში. სამეწარმეო იურიდ. პირის ლ-ის პროცესი იწყება სამეწარმეო საზ-ბის დაშლის რეგისტრაციის მომენტიდან. ლ-ის პროცესში ხელმძღვანელი პირების ნაცვლად საწარმოს ლიკვიდატორები მართავენ. ისინი კრედიტორებს აცნობებენ სამეწარმეო საზ-ბის დაშლას და იწვევენ მათ, რათა განაცხადონ თავიანთი მოთხოვნები. სამეწარმეო იურიდ. პირის ლ-ის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ასევე ეცნობება შემოსავლების სამსახურს, რ-იც მეწარმის საგადასახადო ვალდებულების ვარაუდის შემთხვევაში ატარებს საგადასახადო შემოწმებას. სამეწარმეო იურიდ. პირის დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საწარმოს პარტნიორები. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, პარტნიორის განცხადების საფუძველზე სამეწარმეო საზ-ბა შეიძლება დაიშალოს სასამართლოს გადაწყვეტილებით.
იურიდ. პირი შეიძლება დაიშალოს სასამართლოს განაჩენის შედეგად. იძულებითი დაშლის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იურიდ. პირის ლ-ს ახორციელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი. ლიკვიდატორი უნდა აკმაყოფილებდეს სამეწარმეო საზ-ბის ხელმძღვანელი პირისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. სასამართლო უფლებამოსილია გაათავისუფლოს ლიკვიდატორი ან დანიშნოს ახალი.
ლ-ის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზ-ბის ქონება ნაწილდება პარტნიორთა შორის. თუ ქონება შენატანების დასაბრუნებლად საკმარისი არ არის, ნარჩენი ქონება ნაწილდება წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად, ხოლო თუკი შენატანები სრულად არ იყო განხორციელებული – შენატანების პროპორციულად. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონება შეიძლება განაწილდეს სამეწარმეო საზ-ბის ვალდებულებების დაფარვისა და დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, თუ არსებობს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ყველა ვალდებულების შესრულების შესახებ და, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის მესამე პირთა უფლებებს.
სამეწარმეო საზ-ბის ქონების სრულად განაწილება იწვევს საწარმოს ლ-ის დასრულებას.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლ-ის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაციას განცხადებით განსაზღვრავენ არასამეწარმეო იურიდ. პირის დამფუძნებლები (წევრები). აკრძალულია დარჩენილი ქონების განაწილება მის დამფუძნებლებს (წევრებს), ხელმძღვანელ და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის. თუ დამფუძნებლებმა (წევრებმა) არ განსაზღვრეს არასამეწარმეო იურიდ. პირის ლ-ის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო ამ იურიდ. პირის ლ-ის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს ერთ ან რამდენიმე იურიდ. პირს, რ-ებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები.
ი. უჯმაჯურიძე