„ლილე“

„ლილე“, „ლილეო“, რელიგიურ-რიტუალური შინაარსის უძველესი სვანური ფერხული, შექმნილი მზის სადიდებლად. მასში ხალხი აქებს და ადიდებს მზეს, სწირავს მას „ოქროსრქებიან ხარებს და დაგრეხილრქებიან ყოჩებს“. ფერხულს ასრულებს ნებისმიერი რაოდენობის ქალ-ვაჟი ამავე სახელწოდების ორპირული სამხმიანი საწესჩვეულებო სიმღერა-საგალობლის თანხლებით, რ-ის მუს. ზომაა 6/8. ქრისტიანობის გავლენით ჩვენამდე მოღწეული საგალობლის ტექსტი მთავარანგელოზის ან დიდი ღმერთისადმი (ხოშა ღერბეთ) მიძღვნილ ქებას წარმოადგენს. არსებობს მოსაზრება, რომ საკულტო სახელი „ლ.“ ბიბლიური ალილუიადან მომდინარეობს.

ლიტ.: თათარაძე ა., ძველი ქართული (სვანური) ფერხულები, თბ., 1976; ხარძიანი მ., რელიგიური სინკრეტიზმი სვანურ რიტუალებსა და ტრადიციულ მუსიკაში, კრ.: ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საკითხები, ბათ., 2020.

ა. თათარაძე