ლილოს არქეოლოგიური ძეგლები

ლილოს არქეოლოგიური ძეგლები, ბრინჯაოს ხანის გორასამარხები თბილისის აღმ-ით, სადგურ ლილოსთან. გათხარეს 1962–63 (საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ექსპედიცია). შესწავლილია შუა ბრინჯაოს ხანის (დაახლ. ძვ. წ. XVII–XVI სს.) დიდი ქვა-მიწაყრილიანი გორასამარხი დასაკრძალავი ორმოთი, სადაც აღმოჩნდა ე. წ. თრიალეთური ტიპის კერამიკა, ბრინჯაოს იარაღი (მ. შ. ეგეოსური ტიპის ბრინჯაოს საძგერებელი გრძელი მახვილი), ოქროსა და სხვა მასალის სამკაული, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ძვლები. ადამიანის ძვლები არ აღმოჩენილა, რაც შესაძლოა დაკრძალვის კრემაციულ წესზე მიუთითებდეს. გათხარეს აგრეთვე შუა ბრინჯაოს ხანიდან გვიანდელზე გარდამავალი ხანის (დაახლ. ძვ. წ. XVI ს. დასასრ. – XIV ს.) მომცრო ზომის ქვაყრილიანი (დიამეტრი 10–12 მ) 8 გორასამარხი დასაკრძალავი ორმოებით, სადაც აღმოჩნდა ადამიანის ჩონჩხი ანდა ძვლები. სამარხთა ნაწილი უინვენტარო იყო, ნაწილში ნაპოვნია თიხის (შავპრიალა, ჰორიზონტალურხაზებიანი მოყავისფრო) ჭურჭელი, ბრინჯაოს სატევრები (2 ც.), სამკაული (ოქროს, ქვისა და პასტის მძივები, 1 ოქროს ხვია), წვრილფეხა საქონლის ძვლები. აღმოჩენილი მასალა შესაძლოა გარკვეულ ეთნ. ცვლილებას გამოხატავდეს.

ლიტ.: ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV—VII სს.), თბ., 1973; Гогадзе Э. М., Курганные погребения Лило, „ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1976, ტ. 32В.

ე. გოგაძე