ლიმონი

ლიმონი

ლიმონი (Citrus limon), მრავალწლოვანი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა. ლ-ის ხის სიმაღლე 3–7 მ აღწევს. აქვს ეკლებიანი ტოტები, ღია მწვანე ლანცეტისებრი ან კვერცხისებრი, კიდედაკბილული, ტყავისებრი მოგრძო ფოთლები. ყვავილი ორსქესიანია – თეთრი, არომატული. ნაყოფი მრავალბუდიანი კენკრაა, სიგრძე – 6–7 სმ, დიამეტრი – 5–6 სმ, ნაყოფის ქერქი 2–5 მმ სისქისაა, ყვითელი, გლუვი ან ხორკლიანი, ზეთოვანი ჯირკვლებით მოფენილი. აქვს დამახასიათებელი არომატი. რბილობი მომწვანო-მოყვითალოა, წვრილმარცვლოვანი, წვნიანი, ძალიან მჟავე. ღია ფერის გლუვი თესლი ნაყოფში დაახლ. 20 ცალი ან მეტია. ლ. სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეა, ციტრუსოვან მცენარეთა შორის ყველაზე მეტად უყვარს ტენი. მისი სამშობლოა სამხრ.-აღმ. აზია. ველურად მზარდი შენიშნული არ არის. მოშენებულია ხმელთაშუა-ზღვისპირეთში, აშშ-ის, მექსიკის, არგენტინისა და სხვ. სუბტროპ. ზონებში. ღია გრუნტში ლ-ის მოშენება ხდებოდა კავკ. შავი ზღვის სანაპიროზე (საქართველოში, განსაკუთრებით აჭარისა და აფხაზეთის რეგიონებში), აზერბაიჯანსა და შუა აზიაში. ლ. მოჰყავთ ტრანშეებში, ხარობს ოთახის პირობებშიც. ლ-ის ნაყოფი შეიცავს (%-ობით) მჟავებს (3,5–8,1 უმთავრესად ლიმონის), შაქრებს (1,9–3), C ვიტამინს (45–140 მგ 100 გ-ში), აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კრინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს. ამრავლებენ მყნობით და კალმით. იყენებენ ნედლად, წვენების წარმოებაში, ლ-ის მჟავად და სხვ. ლ. მსხმოიარობს მე-3-მე-4 წელს. მოსავალი ერთი ხიდან 150–300 ნაყოფია.

საქართველოში მოჰყავთ და ინტროდუცირებულია ლ-ის შემდეგი ჯიშები: ახალქართული, ქართული ლიმონი, მეიერი, ვილა-ფრანკა, დიოსკურია, კომუნე ჩვეულებრივი, ევრიკა, ჯენოა, უეკლო, ლისბონი და სხვ. აჭარის რეგიონში ლ-ის განვითარებისთვის საუკეთესო ბუნებრივი პირობებია. ლ-ს აქვს სამკურნალო თვისებები. უნიკალური შედგენილობის გამო აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოლოგიური და სხვ. ეფექტი. ლ. სასარგებლოა ღვიძლის, ნაღვლკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სასუნთქი გზების ვირუსული პათოლოგიების, ავიტამინოზის, ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის და სხვა დაავადებების დროს. ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც.

ლ-ის მავნებლებისა და დაავადებების შესახებ იხ. სტ. ციტრუსოვანი კულტურები.

ლიტ.: კუტუბიძე ვ., ლიმონის კულტურა აჭარაში, ბათ., 2003; ლეკვეიშვილი ი., ციტრუსოვანთა წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ნაწ. 1–2, თბ., 1978–79; მჭედლიძე მ., ლიმონი, თბ., 1948; ჯაბნიძე რ., სუბტროპიკული კულტურები, ბათ., 2018.

ი. ლეკვეიშვილი

რ. ჯაბნიძე