ლიპარიტ I ბაღვაში, კლდეკარის საერისთავოს პირველი ერისთავი. სამთავროებს შორის პირველობისათვის ატეხილი ბრძოლის გამო IX ს. 80-იან წლებში დატოვა ბაღვაშთა მამულობითი სამფლობელო არგვეთი და გადავიდა თრიალეთში, სადაც ქართლიდან ჯავახეთისკენ მიმავალ გზაზე, თრიალეთის ქედის უღელტეხილზე, ე. წ. კლდეკარში ააგო ციხე და საერისთავო დააარსა. ლ. I-მა თავის პატრონად ცნო („იპატრონა“) დავით ბაგრატის ძე კურაპალატი (876–881) და მხარი დაუჭირა მას გვარამ (გუარამ) მამფლის (გ. 882) ძის ნასრის (გ. 888) წინააღმდეგ ბრძოლაში. ლ. I-ის დახმარებით ნასრა განდევნეს კონსტანტინოპოლში. შემდგომში კურაპალატის ახლოს მდგომთა შორის ლ. I აღარ ჩანს.
წყარო: მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008; მეტრეველი რ., დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965.