ლიპარიტ V ბაღვაში

ლიპარიტ V ბაღვაში, კლდეკარის ერისთავი XI ს. 90-იან წლებში, ივანე II ბაღვაშის ძე. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მას ამირადაც მოიხსენიებს. 1093 ლ. V საქართვ. სამეფო კარის წინააღმდეგ გამოვიდა. დავით აღმაშენებელმა თავგასული ქვეშევრდომის „ინება გაწურთა“ და შეიპყრო იგი. რამდენიმე ხნის შემდეგ ლ. V, „მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ“, მეფემ გაათავისუფლა და ყველა მისი უფლება უცვლელი დატოვა. როგორც ჩანს, ლ. V-მ თავისი ფიცი და პირობა არ შეასრულა და საქართვ. მეფეს კვლავ გაუორგულდა – „განაცხადა მტერობა და უკეთურობასა იწურთიდა“. დავით აღმაშენებელმა კვლავ შეიპყრო ლ. V და 2 წლის პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა (1096). გარდაიცვალა იქვე.

წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965.

რ. მეტრეველი