ლიპარიტ I დადიანი, ოდიშის ერისთავი 1414–70, მამია II დადიანის ძე. ერისთავობა მიიღო საქართვ. მეფის, ალექსანდრე I-ისგან (1412–42). ლ. I დ-ის დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ოდიშის დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბებისათვის. იგი იმერეთის ერისთავ ბაგრატს (შემდგომში ბაგრატ VI) დაეხმარა ჩიხორის ბრძოლაში (1463) საქართვ. მეფის, გიორგი VIII-ის წინააღმდეგ, რისთვისაც დას. საქართვ. სხვა ერისთავებთან ერთად გათავისუფლდა ყოველგვარი სამეფო ვალდებულებისაგან, გარდა წვევისა და ლაშქარ-ნადირობისა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941.
თ. ბერაძე