ლიპარიტიანი გიორგი

ლიპარიტიანი გიორგი, ოდიშის სამთავროს რეგენტი 1611–20, ლევან II დადიანის ბიძა. ლევანის მცირეწლოვნების დროს განაგებდა სამთავროს. როგორც სალიპარტიანოს გამგებელი და ოდიშის სამთავროს უმაღლესი მოხელე, ატარებდა ლიპარტიანის ტიტულს. მისი მმართველობისას სამეგრელოში მშვიდობა დამყარდა, მოსახლეობა გამრავლდა. კეთილი ურთიერთობა ჰქონდა იმერეთთან და გურიასთან. ა. ლამბერტი მის შესახებ წერდა: „იყო კაცი ფრიად სამართლიანი და სახელმწიფო საქმეებში კარგად გამოცდილი“. რეგენტობის შემდეგაც ერთხანს აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს საქმეებში. ლ. მოულოდნელად გარდაიცვალა (დაახლ. 1624–25) მას შემდეგ, რაც ძმისშვილმა, სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა, ცოლი წაართვა და სამეგრელოში საქმე შინაომამდე მივიდა.

ლიტ.: ბერაძე თ., ერთი საკითხი სამეგრელოს ისტორიული გეოგრაფიიდან, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, 1964, ტ. 2; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

თ. ბერაძე