ლისა

ლისა, ძველი ნასოფლარი ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობდა მაღალი მთის კალთაზე. ლ., ანუ ზემო ლ. უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. ტყით დაფარულ მთის წვერზე დარჩენილია ერთი კოშკი და ეკლესია. სავარაუდოდ სამსართულიანი კოშკი ძველია, ნაგებია კლდის ქვით, დუღაბით, სართულები ჩაქცეულია. გეგმით ოთხკუთხაა, სიგრძე – 9 მ, განი – 6,5 მ, სიმაღლე – 10 მ. II სართულს აქვს ერთი შესასვლელი კარი; კოშკს სათოფურები არა აქვს; აღმ-ის კედელზე მიშენებულია პატარა დარბაზული ეკლესია, რ-საც უწოდებენ ლ-ის ჯვარს. ეკლესია ნაგებია ქვითკირით და გადახურულია ქვაფიქლით. ფართ. 6 მ ´ 3 მ. საკურთხეველში გამოჭრილია ერთი სარკმელი, ორივე მხარეს ჩაშენებულია ქვევრი რეზონანსისათვის. შესასვლელი კარი სამხრ-იდანაა. კარის თავზე მომრგვალებული დიდი ლოდია, რ-ზედაც ამოჭრილია 8-სტრიქონიანი ნუსხა-ხუცური წარწერა. ზოგი პწკარი ნაკლულია, ასოებიც მკრთალად ჩანს და ძნელი წასაკითხია. წარწერა მშენებლებისაა და პალეოგრაფიულად მიეკუთვნება XV–XVI სს.

ლიტ.: მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963.