ლისაშვილი (ნამდვ. გვარი ხომერიკი) იაკინთე ბარნაბას ძე [6(19). IX. 1897, ახლანდ. სოფ. შრომა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 6. III. 1972, თბილისი], მწერალი. მუშაობდა ბათუმსა და თბილისში ასოთამწყობად. იყო გამომც. „საბჭოთა მწერლის“ დირექტორი, ჟურნ. „ნიანგის“ რედაქტორი და სხვ. პირველი ნაწარმოები – პიესა „უნაყოფო ნუგეში“ 1919 გამოაქვეყნა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“, ლექსებისა და მინიატიურების პირველი კრებ. „მანქანების ჭრაღები“ – 1923. მნიშვნელოვანია მისი რომანები: „ვარდნილი“ (1933), „ძახილი მთაში“ (1937), „კეცხოველი“ (1941), „სიცოცხლისათვის“ (1946), „ერთგულება“ (1951); „მოთხრობები ომზე და შრომაზე“ (1942). რომანი „კეცხოველი“ თარგმნილია აზერბ., პოლ., რუს., უნგრულ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: თხზულებანი, ტ. 1–4, თბ., 1971–77; გურული ესკიზები, თბ., 2005.
ლიტ.: რომანი სიყვარულსა და ერთგულებაზე „მნათობი“, 1960, №10.
დ. თევზაძე