ლისიმაქეს სტატერი

ლისიმაქეს სტატერი, თრაკიისა და პონტოს მეფე ლისიმაქეს (ძვ. წ. 306–281) ოქროს მონეტები. მონეტის ავერსზე ყოველთვის გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ალექსანდრე მაკედონელის პროფილი დიადემით და ამონის რქით, რევერსზე – ტახტზე მჯდომი ათენა პალადა. მარცხენა ხელში მას შუბი უჭირავს და ფარს ეყრდნობა, გაწვდილ მარჯვენა ხელზე კი გამარჯვების ქალღმერთი ნიკე დგას. ქვემოთ სხვადასხვა სიმბოლოა. საქართველოში აღმოჩენილ სტატერებზე უფრო ხშირად სამთითაა გამოსახული, რ-ის ორსავე მხარეს ორი პაწია დელფინია მოთავსებული (ამ ემბლემით ლ. ს-ები იჭრებოდა ქ. ბიზანტიონში მისი გარდაცვალების შემდეგ, ძვ. წ. 195 წ. მომდევნო ხანებში). ათენას წინ ბერძნული ზედწერილია: ɅIƩIMAXOY, უკან – BAƩIɅWƩ. ლ. ს-ები, ისევე როგორც ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი მონეტები, ასრულებდა ინტერლოკალური მონეტის როლს. ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. აღმოჩენილია სოფ. ზემო მარხში (სვანეთი), სოფ. ეკში (სენაკის მუნიციპ.), ვანში, გულრიფშში. საქართველოში იჭრებოდა ლისიმაქეს ოქროს მონეტების იმიტაციები.

ლიტ.: დუნდუა გ., საქართველოში გავრცელებული ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სახელით მოჭრილი მონეტები, „მაცნე“, ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1973, №1; დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; Карышковский П. О., К вопросу об обращении статеров Лисимаховского типа в Причерноморье, Нумизматический сборник, Тб., 1977.