ლიტერატურა

ლიტერატურა [ლათ. lit(t)eratura

მხატვრული ლ-ის განვითარება ქართ. სინამდვილეში პირდაპირაა დაკავშირებული IV ს-ში ქრისტიანობის სახელმწ. რელიგიად გამოცხადებასთან. სწორედ აქედან იწყება ქართ. ლ-ის ისტორია, რ-ის ერთ-ერთ პირველ ძეგლად „წმინდა ნინოს ცხოვრებაა“ მიჩნეული. ქართ. ლ-ის დასაწყისი საეკლ. მწერლობაა. ეკლესიის წიაღში იწერებოდა, ითარგმნებოდა და ინახებოდა ქართ. ანბანით [თავდაპირველად – მრგლოვანით, შემდეგ –ნუსხურით უთხოვანითა და XI ს-იდან უკვე – მხედრულით)შექმნილი უძველესი წარწერები (პალესტინის – 430; ბოლნისის სიონის – 493) და საეკლესიო ლ-ის იშვიათი ძეგლები. როგორც საქართველოში (ტაო-კლარჯეთის ლიტ. კერები, იყალთოსა და გელათის აკადემიები, დავითგარეჯა), ასევე, მის ფარგლებს გარეთ არსებულ საეკლესიო-სამონასტრო ცენტრებში (ათონისა და სინას მთები, შავი მთა, ჯვრის მონასტერი პალესტინაში, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვ.) იქმნებოდა როგორც ორიგინალური, ისე ნათარგმნი უმნიშვნელოვანესი თხზულებები, რ-თაგანაც ზოგიერთი დღეს მხოლოდ ქართ. ენაზეა შემორჩენილი. IX–X სს. ტაო-კლარჯეთის სალიტ. სკოლის მოღვაწეები იყვნენ: იოანე მტბევარი, მიქაელ მოდრეკილი, გიორგი მერჩულე, იოანე ქონქოზისძე, ეზრა, კურდანაი, სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი და სხვ.; VIII ს-იდან, ჯვრის მონასტრის გაშენებამდე, ქართველები მოღვაწეობდნენ საბას ლავრაში, საიდანაც IX–X სს. გადავიდნენ სინას მთაზე და თან წაიღეს უძველესი ხელნაწერები. საბაწმინდურ-სინურ სკოლას წარმოადგენდნენ: იოანე-ზოსიმე, იოანე მინჩხი, იოანე კუმურდოელი, კვირიკე მიძნაძორელი და სხვ.; შავ მთაზე მოღვაწეობდნენ: ეფრემ მცირე, ბერი იოანე ფარნაკელი, გიორგი მთაწმიდელი, არსენ იყალთოელი, საბა თუხარელი, ეფრემ ოშკელი, ანტონ ტბელი და სხვ. XII ს. დამდეგს უდიდესი ტრადიციების მქონე საგანმან. ცენტრად გვევლინება მეფე დავით IV აღმაშენებლის მიერ „სხუად ათინად და მეორედ იერუსალიმად“ დაარსებული გელათის მონასტერი. XIII–XV სს. თათარ-მონღოლთა ბატონობის პერიოდში, კულტ.-შემოქმედებითმა ცხოვრებამ სამცხე-საათაბაგოში გადაინაცვლა. ამის დასტურია აბუსერისძე ტბელის ლიტ. მემკვიდრეობა და ჟამთააღმწერლის „ასწლოვანი მატიანე“; ჩამოყალიბდა მთარგმნელობითი სკოლები (ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, ექვთიმე მთაწმიდელი, გიორგი მთაწმიდელი და სხვ.).

ქრისტიანობის გავრცელებისთანავე საქართველოში განვითარდა სას. მწერლობის თითქმის ყველა დარგი (ბიბლიოლოგია, აპოკრიფული ლიტ-რა, პოლემიკა, ეგზეგეტიკა, დოგმატიკა, ასკეტურ-მისტიკური ლიტ-რა, ჰომილეტიკა, ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია, ჰაგიოგრაფია). განსაკუთრებით განვითარდა ჰაგიოგრაფია ორი ძირითადი ჟანრით – „წამება“, ანუ „მარტვილობა“ და „ცხოვრება“. „მარტვილობათა“ ჟანრი მდიდარია ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლებით, როგორიცაა იაკობ ხუცესის „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ (V ს.), „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ (VI ს.), იოანე საბანისძის „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტეისა ჰაბოისი“ (VII ს.), კოსტანტი კახის მარტვილობა“ (IX ს.), „კოლაელ ყრმათა მარტვილობა“ (IX ს.), „დავით და კონსტანტინეს მარტვილობა“ (X ს.) და სხვ;

X ს-იდან უფრო განვითარდა ჰაგიოგრაფიის „ცხოვრებათა“ ჟანრი, შეიქმნა მნიშვნელოვანი ძეგლები: გიორგი მერჩულის „წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (951 წ.), „ასურელ მამათა ცხოვრებანი“ (IX–X სს.), ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ (X ს.), გიორგი მთაწმიდლის „ექვთიმე მთაწმიდლის ცხოვრება“ (X ს.), გიორგი მცირის „გიორგი მთაწმიდლის ცხოვრება“ (X ს.) და სხვ.

შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

საქართველომ არნახულ ძლიერებას მიაღწია დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქებში. აყვავების გზას დაადგა საეკლ. მწერლობის ისეთი დარგი, როგორიცაა ჰიმნოგრაფია. XI–XIII სს. ჰიმნოგრაფებმა (იოანე მინჩხი, იოანე შავთელი, ჩახრუხაძე, აბუსერისძე ტბელი, არსენ ბულმაისიმისძე, ნიკოლოზ I გულაბერისძე და სხვ.) შექმნეს და განავითარეს ქართ. ორიგინალური პოეზიის კულტურული ენა. მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თავად დავით IV აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“, თამარ მეფის იამბიკოები და შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“. დაწინაურდა საერო ლ., საკარო-სახოტბო პოეზია („აბდულმესიანი“, „თამარიანი“); განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საგმირო-საფალავნო მოთხრობათა კრებული „ამირანდარეჯანიანი“, სპარსულიდან ითარგმნა სატრფიალო-სამიჯნურო თხზულება „ვისრამიანი“, დაიწერა ქართველ მეფეთა (დავითი, თამარი) ისტორიები.

XIII ს. II ნახ-იდან ქართვ. ერის წინაშე ფიზიკური გადარჩენის პრობლემა დადგა (თავდაპირველად მონღოლთა შემოსევები და შემდეგ ოსმალოთა თარეში) და, შესაბამისად, ქართ. კულტურას სრული სტაგნაციის პერიოდი დაუდგა, თუმცა მაინც დაიწერა ჟამთააღმწერლის ისტორია, „ვაჰანის ქვაბთა მონასტრის განგება“, „გარიგება ხელმწიფის კარისა“ და სხვ.

XVI–XVIII სს-იდან უკვე ქართ. კულტურის „აღორძინების“ (კ. კეკელიძისეული ტერმინი) პერიოდი დგება. ეკლესია ისევ რჩება კულტ.-საგანმან. ცენტრად. განსაკუთრებით თვალში საცემია გელათისა და დავითგარეჯის დამსახურება იქ გაჩაღებული საგანმან. პოლიტიკით. ლიტ. სარბიელზე გამოჩნდნენ მეფე-პოეტები: თეიმურაზ I – სპარსული პოეზიის გავლენით დაწერა „ლეილმაჯნუნიანი“ და „იოსებზილიხანიანი“, სათავე დაუდო ეროვნ.-პატრიოტულ თემატიკას პოემით „წამება ქეთევან დედოფლისა“; არჩილ II – მისი ძალისხმევით მოსკოვის სახაზინო სტამბაში ჩამოასხეს ხუცური (ნუსხური) შრიფტი და 1705 დაიბეჭდა ფსალმუნები, იგივე „დავითნი“, მანვე ჩამოაყალიბა „მართლის თქმის“ პრინციპი მწერლობაში, გაემიჯნა ზღაპრულსა და გამონაგონს, შექმნა ერთგვარი ლიტ. სკოლა; თეიმურაზ II – მისი ნაწარმოებებია „ხილთა ქება“, „კიდურწერილობა“, „ანბანთქება“ და „გაბაასება რუსთაველთან“, სპარსულიდან თარგმნა „სინდბად-ნამე“, რ-საც „თიმსარიანი“ უწოდა; ვახტანგ VI-მ თბილისში დააარსა ქართ. სტამბა, სადაც 1709 დაბეჭდა „სახარება“, 1712 კი – „ვეფხისტყაოსნის“ მეცნ.-კრიტ. გამოცემა თავისივე კომენტარებით, რითაც სათავე დაუდო რუსთველოლოგიას. უფრო ადრე, 1629, სტეფანო პაოლინიმ და ნიკიფორე ირბახმა (ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ) იტალიაში გამოსცეს პირველი ქართ. წიგნი – „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“.

ს.-ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ავტოგრაფული ნუსხა, 1716.

XVII–XVIII სს. ქართ. ლ. მიჩნეულია ბაროკოს ეპოქად. მწერლობაში გამობრწყინდნენ ისეთი სახეები, როგორებიც იყვნენ ს.-ს. ორბელიანი, ქართული ლექსიკოგრაფიის ფუძემდებელი თავისი „სიტყვის კონით“, „სიბრძნე სიცრუისას“ და დოკუმენტური პროზის პირველი ნიმუშის – „მოგზაურობა ევროპაში“ ავტორი. მანვე ვახტანგ VI-ის თაოსნობით სრულყო და კანონიკური სახე მისცა „ქილილა და დამანას“; დ. გურამიშვილი, რ-მაც პირველმა დაძლია აღმოსავლური ეპოსის გავლენა და უკვდავი „დავითიანით“ შექმნა ეროვნ. ლირიკა; მ. ა. ბარათაშვილი – ავტორი პირველი პოეტური ტრაქტატისა „ლექსის სწავლის წიგნი“ („ჭაშნიკი“) და ბესიკი (ბ. გაბაშვილი) – ავტორი სამიჯნურო-სატრფიალო ლექსებისა და პოემისა „რძალდედამთილიანი“.

XVII ს. ბოლოდან იწყება ქართ. დრამატურგიის განვითარება (იხ. სტ. დრამა). ამავე ეპოქაში ჩაისახა აშუღური პოეზიაც, რ-ის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია საიათნოვა.

XIX ს. საკმაოდ მძიმედ დაიწყო. 1801 საქართვ. რუსეთთან შეერთებამ, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ, საქართვ. კოლონიზაციამ რუსეთის იმპერიის მიერ წარმოშვა პირველი ლიტ. მიმდინარეობა რომანტიზმი. მისი წარმომადგენლები იყვნენ: ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი, ვ. ორბელიანი, ა. ორბელიანი, გრ. რჩეულიშვილი, ნ. ბარათაშვილი. თანდათან გამოცოცხლდა კულტ.-საზ. ცხოვრება. მართალია, კრწანისის ომის დროს დამწვარი „ირაკლის თეატრი“ ვერ აღადგინეს, მაგრამ ლიტ. ცხოვრება ჩქეფდა ე. წ. სალონებში (იხ. სტ. ლიტერატურულ-მუსიკალური სალონები). 1850 წ. 2(14) იანვარს თბილ. კლასიკური გიმნაზიის დარბაზში დაიდგა გ. ერისთავის „გაყრა“ (ეს თარიღი XIX ს. 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართ. თეატრის დღე). სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა მწერალთა ახალი ჯგუფი, რ-საც უკავშირდება ახ. მიმდინარეობის, რეალიზმის ჩასახვა (ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“, ი. კერესელიძის პუბლიცისტიკა).

XIX ს. 60-იანი წლები სრულიად ახალი ეტაპია ქართ. მწერლობაში. ი. ჭავჭავაძის თაოსნობით დაიწყო „თერგდალეულების“ ბრძოლა ეროვნ. თავისუფლებისა და სოც. სამართლიანობისათვის, ქრისტიანული და დემოკრ. იდეების დანერგვა, ერის გამოფხიზლება. ილიასთან ერთად ამ მიმართულებით იღვწოდნენ: ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, გ. წერეთელი და სხვ. ი. ჭავჭავაძემ დააარსა ჟურნ. „საქართველოს მოამბე“ (1863), გ. წერეთელმა – გაზ. „დროება“. 60-იანი წლებიდან შეიქმნა კრიტ. რეალიზმის ძლიერი სკოლა. პროზასა და პოეზიას ეხიდება თავად ილიას, ა. ფურცელაძისა და ს. მესხის, კ. ლორთქიფანიძის და სხვათა პუბლიცისტიკა; თერგდალეულთა პირველ თაობას შეუერთდნენ ვაჟა-ფშაველა, ა. ყაზბეგი, ი. გოგებაშვილი, დ. კლდიაშვილი.

XIX ს. 60–70-იანი წლები ლ-ის სარბიელზე მწვავე პოლემიკით წარიმართა და ლ-ის ისტორიაში შევიდა ე.წ. „მამათა და შვილთა ბრძოლის“ სახელით (იხ. სტ. „მამებისა და შვილების“ ბრძოლა).

80-იანი წლებისათვის ინტელიგენციის ერთი ჯგუფი სათავეში ჩაუდგა ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვის საქმეს. ესენი იყვნენ „ტეტიათა მოტრფიალენი“, ანუ ქართველი ხალხოსნები: ს. მგალობლიშვილი, ნ. ლომოური, ე. გაბაშვილი, ა. ფურცელაძე; კრიტიკასა და პუბლიცისტიკაში კი – ნ. ხიზანიშვილი, ს. ჭრელაშვილი, მ. ასათიანი, ნ. ყიფიანი და სხვები.

დ. გურამიშვილის ავტოპორტრეტი

XIX ს. 90-იანი წლებიდან საქართველოში გავრცელება დაიწყო რევოლუციურმა მარქსიზმმა, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა სამრეწველო პროლეტარიატი, რ-იც იკვებებოდა რევ. იდეებით. სწორედ ამ დროს სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა მწერლების ახ. ჯგუფი, „მესამე დასელები“ [ე. ნინოშვილი, ჭ. ლომთათიძე, ლალიონი (ა. მამულაიშვილი), შ. არაგვისპირელი, ნ. ჩხიკვაძე]. ქართულ პოეზიაში ჩამოყალიბდა ე. წ. დემოკრატიული ფრთა პოეტებისა. ამ ჯგუფში შედიოდნენ: ი. ევდოშვილი, ნ. ჩხეიძე, გ. ქუჩიშვილი, ვ. რუხაძე, დ. თომაშვილი და სხვები. მესამე დასელები, ძირითადად, ღარიბი გლეხობისა და მუშათა კლასის ინტერესებს გამოხატავდნენ და ცდილობდნენ ლ-ის საგნად ექციათ კლასთა ბრძოლა. ამავე პერიოდიდან სამწერლო ასპარეზზე გამოჩნდა ვ. ბარნოვი (ქართ. ისტ. რომანის ფუძემდებელი), სალიტ. კრიტიკაში კი – კ. აბაშიძე, ხომლელი (რ. ფანცხავა), ი. გომართელი, ა. ჭყონია, ს. ჭრელაშვილი, გ. ყიფშიძე, ს. ქვარიანი, ა. ხახანაშვილი, ი. ფანცხავა; ა. წულუკიძე და ფ. მახარაძე (მარქსისტული კრიტიკის წარმომადგენლები).

XIX ს. ქართ. დრამატურგიის განვითარებაში დიდია გ. ერისთავის, ზ. ანტონოვის, ა. ცაგარლის, დ. ერისთავის, რ. ერისთავის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის და სხვათა დამსახურება.

XX ს. ქართ. ლ. იწყება მოდერნიზმით, იმპრესიონიზმითა და სიმბოლიზმით. 1900-იდან განვითარდა ქართ. პროზის სხვადასხვა ფორმა: ეტიუდი, ნოველა და მოთხრობა. ამ დროს მოღვაწეობდნენ ნ. ლორთქიფანიძე, მ. ჯავახიშვილი, შ. დადიანი, ნ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, თ. რაზიკაშვილი, ბაჩანა (ნ. რაზიკაშვილი), ს. შანშიაშვილი, განდეგილი (დ. მდივანი), ი. ეკალაძე, ა. ერისთავ-ხოშტარია, ნ. ნაკაშიძე, ლალიონი, ი. ზურაბიშვილი, თაგუნა (შ. შარაშიძე), დ. ჩხეიძე-თურდოსპირელი, პოლიო ირეთელი (პ. კალანდაძე), მელანია (ნ. ნათაძე), ჯ. ჯორჯიკია, ი. იმედაშვილი, ი. გრიშაშვილი, ლ. ქიაჩელი და სხვ. 1908 დაიბეჭდა გ. ტაბიძის პირველი ლექსი.

1908 თბილისში ჩამოყალიბდა „ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოება“ (ხელმძღვ. გ. რცხილაძე, წევრები: შ. არაგვისპირელი, ი. ევდოშვილი, კ. მაყაშვილი, ს. ყიფიანი.), რ-ის საპატიო წევრად აირჩიეს ა. წერეთელი. ასევე შეიქმნა ქართ. მწერლობის მოყვარულთა ჯგუფი ქუთაისში; აკმეისტური პოეზიის წარმომადგენელთა ჯგუფი „პოეტების საამქრო“ – თბილისში. მოქმედებდა კლუბი არტისტერიუმი.

XX ს. 10-იან წლებში თანდათან გაღრმავდა კონფლიქტები. 1907 სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ილია, გართულდა საზ.-პოლიტ. სიტუაცია. გამოცოცხლდა აშუღური პოეზია (იეთიმ გურჯი, სკანდარნოვა, ჰაზირა, ა. განჯისკარელი).

10-იან წლებშივე სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ ლ. ქიაჩელი, გ. ტაბიძე, ა. აბაშელი. 1911 დაიწყო ლექსების გამოქვეყნება გ. ლეონიძემ. ამავე ათწლეულში გამოქვეყნდა ვ. ბარნოვის „მიმქრალი შარავანდედი“ და „ტრფობა წამებული“; დ. კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“, ნ. ლორთქიფანიძის „მრისხანე ბატონი“, ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“ და სხვ.

ნ. ბარათაშვილის ავტოგრაფი

1914 გამოქვეყნდა გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული. 1915 (მეორე ვერსიით 1916) ტ. ტაბიძემ, პ. იაშვილმა და ვ. გაფრინდაშვილმა ქუთაისში შექმნეს ქართვ. სიმბოლისტთა ჯგუფი „ცისფერყანწელები“, რ-შიც გაერთიანდნენ კ. ნადირაძე, ი. ყიფიანი, ს. ცირეკიძე; 1918-იდან მათ შეუერთდნენ გ. ლეონიძე, ს. კლდიაშვილი, რ. გვეტაძე, შ. აფხაიძე, შ. კარმელი, ნ. მიწიშვილი და ა. არსენიშვილი.

1917 დაარსდა „ქართველ მწერალთა კავშირი“ (თავ-რე – კ. მაყაშვილი).

1919 გამოვიდა ეროვნ. ლირიკის შედევრი – გალაკტიონის „არტისტული ყვავილები“, წიგნი, რ-მაც გადატრიალება მოახდინა ქართ. პოეზიაში; ამავე წლის 27 დეკემბერს „ქიმერიონში“ გაიმართა ქართვ. მწერალთა პირველი საღამო.

XX ს. 20-იანი წლები დიდი უიმედობის, გულგატეხილობისა და დაპირისპირებების პერიოდია. დამოუკიდებელი საქართველოს (1918–21) ხანმოკლე ცხოვრება ბოლშევიკური რუსეთის ანექსიით დასრულდა. საქართვ. ოკუპაცია ქართ. მწერლობის იძულებით თვითიზოლაციაში გადასვლას მოასწავებდა, რადგანაც ამ პერიოდის მოდერნისტული და ავანგარდული ლ. პრინციპულად მიუღებელი იყო საბჭოური იდეოლოგიისათვის. ქართ. მწერლობის „გამართვა მსოფლიო რადიუსზე“ (ტ. ტაბიძე) დიდი ხნით შეფერხდა. ტ. ტაბიძის ინიციატივით, 1920 საფუძველი ჩაეყარა „პოეზიის დღეს“ და ის ყოველ 7 მაისს აღინიშნებოდა. 1921 ჩატარებულ კონკურსში „პოეტთა მეფის“ ტიტული მოიპოვა, გალაკტიონმა.

1921 საქართველოში შეიქმნა პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია (ს. ეული, ი. ლისაშვილი, ს. თოდრია, რ. კალაძე, ნ. ზომლეთელი, პ. სამსონიძე, კ. ლორთქიფანიძე, ი. ვაკელი, ა. მირცხულავა...).

1922 გამოვიდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“; შეიქმნა ლიტ. დაჯგუფება „აკადემიური ასოციაცია“ (კ. გამსახურდია, ი. გრიშაშვილი, მ. ჯავახიშვილი, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, შ. დადიანი, პ. ინგოროყვა, ვ. კოტეტიშვილი).

1922 ქართველმა ავანგარდისტებმა (ფუტურისტებად წოდებულნი) შექმნეს ჯგუფი „ლეფი“ (ს. ჩიქოვანი, ნ. თავდგირიძე, ა. ბელიაშვილი, დ. გაჩეჩილაძე, ბ. ჟღენტი, გ. ორაგველიძე, პ. ნოზაძე, ა. გაბესკირია, მ. ერისთავი, ჟ. ღოღობერიძე, ბ. გორდეზიანი, ნ. ჩაჩავა...).

1923 დაარსდა პოეტების ახალი წრე – „მწუხარე გედების ორდენი“ (ტ. გრანელი, ლ. ასათიანი, ვ. ნორაკიძე და სხვ.).

1925 ჩამოყალიბდა ლიტ. გაერთიანება „მომავალი“ (ხელმძღვ. ა. მირცხულავა).

1925 შეიქმნა ლიტ. ორდენი „სომნამბულები“ – ძილის პოეტები (ვ. დაისელი, ვ. გველესიანი, გ. იმედაშვილი, მ. წერეთელი, თ. ცერცვაძე).

1926, გაიმართა „სრულიად საქართველოს მწერალთა“ I ყრილობა. შეიქმნა „სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირი“ (თავ-რე – ს. თოდრია).

1927 გაჩნდა კიდევ ერთი ახ. დაჯგუფება „არიფიონი“ (შ. დადიანი, ლ. მეტრეველი, ი. მოსაშვილი, დ. სულიაშვილი, კ. ჭიჭინაძე, გ. ქიქოძე და სხვ.).

ი. ჭავჭავაძის ავტოგრაფი

1928 წ. 6 მარტს გაიმართა ქართვ. მწერალთა II ყრილობა და ჩამოყალიბდა „ქართველ საბჭოთა მწერალთა ფედერაცია“ (იარსება 1932-მდე). იმავე წლის 13 ივლისს ხელოვანთა სასახლე მთლიანად გადაეცა მწერლებს და ეწოდა „მწერალთა სასახლე“. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდნენ ი. აბაშიძე, კ. კალაძე, ა. გომიაშვილი, გ. აბაშიძე.

20-იანი წლების დამდეგიდან, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ახ. შემოქმედებითი იმპულსი მიეცა მ. ჯავახიშვილის მწერლურ ნიჭს. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი რომანი „კვაჭი კვაჭანტირაძე“, მოგვიანებით კი – „ჯაყოს ხიზნები“ და „არსენა მარაბდელი“, გამოქვეყნდა გ. რობაქიძის „გველის პერანგი“, ნ. ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცი“ და „რაინდები“, კ. გამსახურდიას „დიონისოს ღიმილი“, ლ. ქიაჩელის „თავადის ქალი მაია“, დ. შენგელაიას „სანავარდო“ და სხვ.

20–30-იან წლებში დაიწერა კ. გამსახურდიას რომანები: „დიდოსტატის მარჯვენა“ და ტრილოგია „მთვარის მოტაცება“. ქართ. პროზის მდიდარი ტრადიციები გააგრძელეს გ. რობაქიძემ, ლ. ქიაჩელმა, ნ. ლორთქიფანიძემ, დ. შენგელაიამ, ა. ქუთათელმა და სხვებმა.

XX ს. ქართ. დრამატურგია წარმოუდგენელია ვაჟა-ფშაველასა და დ. კლდიაშვილის პიესების გარეშე. ასევე, ასპარეზზე გამოვიდნენ შ. დადიანი („გუშინდელნი“), გ. რობაქიძე („ლონდა“, „მალშტრემი“, „ლამარა“). განსაკუთრებულია პ. კაკაბაძის ღვაწლი – შეიქმნა მისი უკვდავი „ყვარყვარე თუთაბერი“ (1928).

1930 ოფიციალურად გაიხსნა მთაწმინდის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონი; 1931 დაარსდა ქართული ლიტერატურის მუზეუმი.

საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფო ეჭვის თვალით უყურებდა შემოქმედებით პროცესებს, იდევნებოდა თავისუფალი აზრი და სიტყვა. ჯერ კიდევ 1931 მწერალთა ფედერაციიდან გარიცხეს პ. ინგოროყვა, კ. გამსახურდია, გ. ქიქოძე, ი. იმედაშვილი. ამავე წელს პოლიტიკურ ემიგრაციაში წავიდა გ. რობაქიძე.

1932 გაუქმდა ყოველგვარი ლიტ. დაჯგუფება თუ ასოციაცია და შეიქმნა მწერალთა ერთიანი კავშირი „სოციალისტური რეალიზმის“ დროშის ქვეშ. ფორმალიზმად გამოცხადდა მოდერნიზმი და ყოველგვარი მცდელობა ხელოვნებაში, თუ ის არ ემსახურებოდა პარტიის დადგენილებების გატარებას ხალხთა მასებში, სოც. სამშობლოს აღმშენებლობას, ძველის უარყოფასა და პროლეტარიატის დიქტატურის მხარდაჭერას. სოც. რეალიზმმა, როგორც ესთეტიკურმა კრედომ, ბოლო მოუღო ხელოვნების ბუნებრივი გზით განვითარებას.

1932 წ. 27 ივნისს დაარსდა „საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი“ (თავ-რე – მ. ტოროშელიძე).

XX ს. 30-იანი წლების თაობა (მ. გელოვანი, ლ. ასათიანი, ა. საჯაია, გ. ნაფეტვარიძე, ვ. უბილავა, ს. ისიანი, გ. ხურციძე, ნ. ხუციშვილი) შეიკრიბა ჟურნ. „ახალი თაობის“ ირგვლივ, ამიტომ მათ „ახალთაობელებს“ უწოდებდნენ. ამავე წლებში ქართ. მწერლობას შემოემატა ახალგაზრდების ერთი ნაკადი: გ. ჯაბუშანური, რ. მარგიანი, ი. ნონეშვილი და სხვ.

1937 მოსკოვში ჩატარდა ქართული ლ-ისა და ხელოვნების დეკადა; ფართოდ აღინიშნა რუსთაველის დაბადების 750-ე წლის იუბილე, ი. ჭავჭავაძის დაბადების მე-100 წლისთავი.

30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირა ქართველ მწერალთა საუკეთესო ნაწილი: მ. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე, გ. მუშიშვილი, მ. აბაშიძე, ვ. კოტეტიშვილი, ნ. მიწიშვილი და სხვ. მწერალთა კავშირში სანადირო თოფით მოიკლა თავი პ. იაშვილმა.

XX ს. 30-ინ წლებში დაიწერა კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ და „დიდოსტატის მარჯვენა“, ლ. ქიაჩელის „გვადი ბიგვა“, „ჰაკი აძბა“, მ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“, „ქალის ტვირთი“.

1941–45 სამწერლო ასპარეზზე გამოვიდნენ ახალი ავტორები: ხ. ბერულავა, შ. ამისულაშვილი, ვ. გორგანელი, რ. თევზაძე, თ. დონჟაშვილი, ო. ჩხეიძე, ლ. გოთუა.

1942 შეიქმნა იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია „სამანი“ (საქართველოს აღორძინებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები), რ-ის თავკაცები იყვნენ პოეტი  ა. ბობლიაშვილი და მისი  მეგობრები.

ამავე წელს დაარსდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-ის ისტორიის ინ-ტი; პ. ბაგრატიონ-გრუზინსკის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ლიტ. სალონი, რ-ის წევრები იყვნენ: მ. აბრამიშვილი, შ. მჭედლიშვილი, ვ. კეკელიძე... გამოსცეს ხელნაწერი ჟურნალი „ანათემა“ (ორი ნომერი). 1946 ეპოქისთვის უჩვეულო პოეტური დისკურსით ასპარეზზე გამოჩნდა ა. კალანდაძე; 1947 ჩამოყალიბდა ახალგაზრდა მწერალთა წრე (ნ. დუმბაძე, რ. თვარაძე, მ. მაჭავარიანი, ა. სულაკაური, ნ. გურეშიძე, ნ. კილასონია, ნ. შამანაძე, თ. ჩხენკელი, რ. ჯაფარიძე...), რ-მაც ახლებური კვალი დაატყვეს ლიტ. პროცესის განვითარებას. 1950 უნ-ტის რექტორის ნ. კეცხოველის ინიციატივით გამოვიდა ამ წრის ალმანახი „პირველი სხივი“.

XX ს. 40-იან წლებში დაიბეჭდა კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“ (წგ. I), გ. აბაშიძის „გიორგი VI“, ა. ბელიაშვილის „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა“, ნ. ლორთქიფანიძის „ტყვედ ყოფილის დაბრუნება“ და სხვ. ამავე პერიოდის დრამატურგიაში მომრავლდა ისტ. და საბრძოლო თემატიკის ნაწარმოებები (მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“, ლ. გოთუას „მეფე ერეკლე“, ს. შანშიაშვილის „კრწანისის გმირები“; ს. კლდიაშვილის „ირმის ხევი“ – პირველი პიესა კავკასიის დაცვის თემაზე).

50-იანი წლებიდან იწყება ე.წ. „ოტტეპელის“ (ი. ორენბურგის ტერმინი), ანუ „დათბობის პერიოდი“, რ-იც უკავშირდება ი. სტალინის გარდაცვალებას. ქართ. მწერლობაში შემოაბიჯეს: ო. იოსელიანმა, ე. ყიფიანმა, გ. გეგეშიძემ, ტ. ჭანტურიამ, ლ. სანიკიძემ, მ. ლებანიძემ, რ. ამაშუკელმა, მ. კახიძემ, შ. ნიშნიანიძემ, ჯ. ჩარკვიანმა, ო. ჭილაძემ, თ. ჭილაძემ, ვ. ჯავახაძემ და სხვ. სალიტ. კრიტიკაში გამოჩნდნენ გ. ასათიანი, ო. პაჭკორია, გ. გვერდწითელი, ნ. ჩხეიძე, რ. თვარაძე, კ. იმედაშვილი, ტ. კვანჭილაშვილი.

გ. ტაბიძის ავტოგრაფი

1954 გაიმართა საქ. სსრ მწერალთა IV ყრილობა. დაიწყო რეპრესირებულ ქართველ მწერალთა რეაბილიტაცია.

XX ს. 50-იან წლებში კ. გამსახურდიამ დაასრულა ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“, დაიბეჭდა შ. დადიანის „გვირგვილიანების ოჯახი“, მ. ნ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა“, გ. აბაშიძის „ლაშარელა“, რ. ჯაფარიძის „მძიმე ჯვარი“, ო. ჩხეიძის „ტინის ხიდი“ და სხვ. დრამატურგთა რიგებს შემოემატა ა. (შოშია), ო. ჭელიძე, ჩხაიძე, რ. ებრალიძე, რ. თაბუკაშვილი, ლ. სანიკიძე, მ. მრევლიშვილი და სხვ.

XX ს. 60-იანი წლებიდან დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი ქართ. კულტურაში – ნეორეალიზმი, თემატური და სტილისტური ინოვაციებით. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა თაობა, რ-მაც შეძლო განსაკუთრებული მხატვრული ძალით, მეტაფორული ენით (ალეგორია, ირონია, იუმორი, აბსურდი...) დაპირისპირებოდა საბჭ. იდეოლოგიას. ქართ. პოეზიის ჟანრული სიახლე იყო ვერლიბრისა და თეთრი ლექსის დამკვიდრება (ბ. ხარანაული, ლ. სტურუა, ჯ. ფხოველი, გ. პეტრიაშვილი, გ. ალხაზიშვილი...); ახალი ძლიერი ნაკადი შემოიჭრა პროზაში. დაიბეჭდა ჭ. ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე ვხედავ მზეს“, „მზიანი ღამე“, ლ. მრელაშვილის „ყაბახი“, ო. ჩხეიძის „კვერნაქი“, რ. ჭეიშვილის „ქალაქში დინოზავრები დადიან“; ასევე – გ. რჩეულიშვილის, გ. დოჩანაშვილის, ჯ. ქარჩხაძის, ე. ახვლედიანისა და სხვათა ნაწარმოებები; ასპარეზზე გამოვიდა „ცისკრელთა“ თაობა – მ. მაჭავარიანი, მ. ფოცხიშვილი, ზ. ბოლქვაძე, ე. კვიტაიშვილი, გ. გეგეჭკორი, გ. ფანჯიკიძე, ი. ორჯონიკიძე და სხვ. სალიტ. კრიტიკაში შემოვიდნენ ა. ბაქრაძე, გ. გაჩეჩილაძე, ჯ. თითმერია, რ. მიშველაძე... მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა დრამატურგიაშიც: გამოქვეყნდა კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“, ო. იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“, გ. ხუხაშვილის „ზღვის შვილები“, ო. მამფორიას „მეტეხის ჩრდილში“, გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“; თ. ჭილაძის, გ. ბათიაშვილის და სხვათა პიესები. ამავე პერიოდში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა რ. გაბრიაძე.

60-იანი წლების დასაწყისში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გ. ლეონიძის პროზაული დებიუტი – „ნატვრის ხე“ (1962), ასევე, ი. აბაშიძის პოეტური ციკლები: „რუსთაველის ნაკვალევზე“ (1959) და „პალესტინა, პალესტინა!“ (1963).

1964 წ. 10 მარტს, ი. აბაშიძის ინიციატივით, დაარსდა შოთა რუსთაველის სახ. რესპ. პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში. 1966 გრანდიოზულად აღინიშნა რუსთაველის 800 წლის იუბილე.

70-იანი წლებიდან იწყება ე. წ. „უძრაობის ეპოქა“. ქართ. მწერლობაში განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა რომანი და მოთხრობა. ზოგიერთი ვარაუდით, მწერლობაში უკვე გამოჩნდა პოსტმოდერნიზმის ნიშნები. იბეჭდება მ. ჯოხაძის, ნ. შატაიძის, გ. ალხაზიშვილის, რ. კალანდიას, ე. ნიჟარაძის, გ. კალანდიას, დ. ივარდავას, რ. ჩილაჩავას, ვ. გიგაშვილის, თ. ბიბილურის, ნ. წულეისკირის, ვ. სიხარულიძის, ჯ. თოფურიძის, ს. პაიჭაძის, ტ. ხარხელაურის და სხვათა ნაწარმოებები; გამოქვეყნდა ო. ჩხეიძის „ბორიაყი“, ო. ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, გ. დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, გ. ფანჯიკიძის „აქტიური მზის წელიწადი“, ლ. თაბუკაშვილის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ და სხვ.

ამ პერიოდში ასპარეზზე გამოდიან კრიტიკოსები: თ. დოიაშვილი, ლ. ბრეგაძე, ს. სიგუა, ჯ. ღვინჯილია, ზ. აბზიანიძე, ლ. ალიმონაკი, ლ. ავალიანი, თ. წივწივაძე. ქართ. მწერლობა გამდიდრდა ბ. ბრეგაძის, ზ. კიკნაძის, ჯ. აჯიაშვილის, თ. ჩხენკელის, დ. წერედიანის, დ. ფანჯიკიძის, ზ. გამსახურდიას და სხვ. მაღალი დონის თარგმანებით.

80-იანი წლებიდან ქართ. მწერლობას შემოემატა ახალი თაობა: გ. ჩოხელი, ნ. გელაშვილი, მ. ჩიტიშვილი, ზ. კალანდია, გ. სულაკაური, ი. ჩარკვიანი. ზ. სამადაშვილი, დ. ჩიხლაძე, ჟ. შაინიძე, ნ. დარბაისელი, ბ. დანელია, ზ. რთველიაშვილი, ქ. შენგელია, ე. საღლიანი; დრამატურგები: ი. სამსონაძე, ლ. როსება, შ. შამანაძე; ფართო გამოძახილი მოჰყვა 11 წლის ე. ბაქრაძის შემოსვლას ქართულ პოეზიაში. დაიბეჭდა ჯ. ქარჩხაძის „ზებულონი“, ო. ჭილაძის „რკინის თეატრი“ და „მარტის მამალი“. ამავე პერიოდიდან სალიტერატურო კრიტიკაში გამოჩნდნენ ახალი სახეები: თ. შავლაძე, ნ. გრიგალაშვილი, თ. ვასაძე, ა. გომართელი, მ. კვაჭანტირაძე.

საქართველოში გაძლიერდა ეროვნ. მოძრაობის მუხტი. მკვეთრად გამოცოცხლდა ლიტ. პროცესები, კერძოდ: 1986 ჩამოყალიბდა მხატვართა და პოეტთა არაოფიციალური ჯგუფი „მეათე სართული“, რ-ის დამფუძნებელი იყო მხატვარი და პოეტი კ. კაჭარავა.

1988 დაარსდა პოეტური გაერთიანება „იახსარი“ (დ. ბარბაქაძე, ა. ბუაჩიძე...).

80-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა ავანგარდისტული არტგაერთიანება „რეაქტიული კლუბი“ (ი. ჩარკვიანი, კ. ყუბანეიშვილი და პ. ქურდაძე).

90-იან წლებში ქართ. მწერლობაში გაფორმდა პოსტმოდერნიზმი. დაიშალა საბჭ. იმპერია და საქართველომ 1991 თავისუფლება მოიპოვა. ეს ათწლეული გამორჩეულად რთული და დაძაბული აღმოჩნდა თავისი სამოქალაქო და ეთნიკური დაპირისპირებებით, ქართ. ტერიტორიების დაკარგვით, ეკონომიკური სიდუხჭირით, მენტალური კრიზისითა და ფასეულობათა სრული დევალვაციით. სწორედ ასეთ პირობებში სამწერლო ასპარეზზე გამოვიდნენ: აკა მორჩილაძე, დ. ტურაშვილი, ლ. იმედაშვილი, რ. ამაღლობელი, ზ. თვარაძე, შ. იათაშვილი, გ. ლობჟანიძე, ზ. ლეჟავა, კ. ჯანდიერი, ზ. რატიანი, ზ. ბურჭულაძე, ა. ბუაჩიძე, ა. შუღლაძე, მ. სარიშვილი, ა. ქიქოძე, დ. ბარბაქაძე, ზ. ბიბილაშვილი, ბ. ქურხული. ამავე პერიოდში დაიბეჭდა კინოდრამატურგ ზ. არსენიშვილის რომანი „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“, ჭ. ამირეჯიბის „გორა მბორგალი“, ო. ჭილაძის „აველუმი“, ე. ახვლედიანის „ვანო და ნიკო“, აკა მორჩილაძის (გ. ახვლედიანი) „მოგზაურობა ყარაბაღში“, „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, „გადაფრენა მადათოვზე და უკან“. ახ. ეტაპზე გადავიდა სალიტ. კრიტიკაც (ზ. ქარუმიძე, შ. იათაშვილი, დ. ბარბაქაძე, მ. ხარბედია, ლ. კოდალაშვილი, ი. მილორავა, მ. ჯალიაშვილი). დრამატურგთა რიგებს შემოემატნენ რ. კლდიაშვილი, ა. ენუქიძე, ლ. ბუღაძე, ო. პერტახია.

1990 წ. 14 აპრილი გამოცხადდა დედაენის დღედ (1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად), ამავე წელს დაარსდა მწერალთა დამოუკიდებელი ასოციაცია „გულანი“ (მ. გონაშვილი, ვ. ღლონტი, ლ. თოთაძე, ე. გოჩიაშვილი, ვ. ოთარაშვილი, ზ. რომანაძე); 1991 – პოეტური ორდენი „ქრონოფაგები“ [გ. კახიძე (ბუნდოვანი), ო. ბურდული (არაგველი), კ. გვიჭიანი (განდეგილი), ზ. რთველიაშვილი (ქაოსური), ს. ქუთათელაძე (მარტვილელი) და გ. ჭანკოტაძე].

1993 შეიქმნა პოეტური ორდენი „მარად ახალი ქნარი“ (ს. ნადირაძე, მ. ღანიშაშვილი, ქ. დოლიძე, ზ. ჯაფარიძე, თ. ლომიძე, ტ. მახაური და მ. არდოტელი), დაარსდა საქართვ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“, რ-საც სათავეში ჩაუდგა ნ. გელაშვილი.

1995 ახალგაზრდა ლიტერატორთა თაოსნობითა (რ. ჩხეიძე, პ. ჩხეიძე, ი. ამირხანაშვილი, ნ. ვახანია, ნ. დეკანოიძე, ა. ბედუკიძე და სხვ.) და ბიზნესცენტრ „ომეგა თეგის“ ძალისხმევით ჩამოყალიბდა „ალ. ორბელიანის საზოგადოება“.

1996 დაფუძნდა მწერალთა ასოციაცია „ოტარიდი“, 1997 – მწერალთა კლუბი „XX საუკუნე“, 1999 – მწერალთა გაერთიანება „საქართველოს მწერალთა დარბაზი“.

XXI ს-ში გაგრძელდა პოსტმოდერნიზმი. ასპარეზზე გამოვიდნენ: ბ. ჯანიკაშვილი, ბ. ხვედელიძე, ი. ჯავახაძე, თ. ფხაკაძე, ა. კორძაია-სამადაშვილი, თ. დოლენჯაშვილი, ნ. კვინიკაძე, მ. მიქელაძე, გ. ჩქვანავა, ქ. ქანთარია, დ. ქართველიშვილი, ბ. კვირტია, დ. ამფიმიადი, გ. კეკელიძე, პ. შამუგია, ზ. კვარაცხელია; დრამატურგიაში: ბ. ჯანიკაშვილი, თ. ბართაია, თ. ფხაკაძე, ა. კორძაია-სამადაშვილი, ო. ქათამაძე, ნ. სადღობელაშვილი, დ. გაბუნია. დაიბეჭდა ჭ. ამირეჯიბის „გიორგი ბრწყინვალე“, ო. ჭილაძის „გოდორი“ და სხვ.

არტეფაქტად იქცა 2018 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა, რადგანაც ამ მოვლენას წინ უძღოდა 300-ზე მეტი ქართული წიგნის თარგმნა.

XXI ს. 10-იან წლებში ასპარეზზე გამოვიდნენ: ლ. ლიქოკელი, თ. მელაშვილი, ნ. ხარატიშვილი, მ. ლდოკონენი, ე. ტოგონიძე, ს. ბენიძე, მ. ელბაქიძე, ე. ქევანიშვილი, ს. მაკარიძე, ნ. ექვთიმიშვილი, ი. გურული, რ. რუხაძე, გ. წიკლაური, ა. იაშაღაშვილი, ბ. ქურხული, ბ. ახალაია, ზ. აბაშიძე, ზ. ჯიშკარიანი, თ. ბაბლუანი; დაიბეჭდა ე. ახვლედიანის „კოღო ქალაქში“, ბ. ხარანაულის „სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა“ და სხვ.

XXI ს. დასაწყისიდან დაარსდა ლიტ. პრემიები და კონკურსები: ყოველწლიური ლიტ. პრემია „საბა“ (2002); პრემია „საგურამო“ (2003); „თუმანიშვილის ფონდმა“ დაიწყო პროექტი „ახალი დრამატურგია“ (2006), ყოველწლიურად ტარდება 2 კონკურსი: „ახალი ქართული პიესა“ და „ახალი თარგმანი“; ლიტ. კონკურსი „წერო“ და „პენმარათონი“ (ორივე 2006); თბილ. საკრებულოს ლიტ. პრემია „გალა“ (2007);   ილიას სახელმწ. უნ-ტის ლიტერატურული კონკურსი (2010); გოდერძი ჩოხელის სახ. ლიტ. კონკურსი „ერთგულება“ მინიატიურის ჟანრში (2014); პრემია „ლიტერა“ (2015); ვ. კოტეტიშვილის (2016); ი. გოგებაშვილის (2017); ვაჟა-ფშაველას სახ. პრემიები (2018); გორის უნ-ტის ლიტ. კონკურსი „მაჩაბელი“ (2020); „მუზა“ (2022); „ანა“ (2022).

ლიტ.: იხ. სტ-თან ლიტერატურათმცოდნეობა.

ს. მეტრეველი